აბათხევის კათოლიკური ეკლესია
აბათხევის კათოლიკური ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აბათხევის აღმოსავლეთ ნაწილში.
ეკლესია დარბაზული ნაგებობაა, ნაგებია ნათალი ქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთ კედელშია. სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის კედელში ორ-ორი ფართო თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ კედელში სამი პატარა სწორკუთხა სარკმელი. ჩრდილოეთი კედლის დასავლეთ კიდეში მეორე სართულის დონეზე კარია გაჭრილი პატრონიკეში შესასვლელად. კართან გარედან ლითონის კიბეა მიდგმული. ორფერდა სახურავის დასავლეთ ნაწილში ოთხ სვეტზე გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლოა დაშენებული. საკურთხეველი სამნაწილიანია: შუაში ნახევარწრიული აფსიდაა, რომელიც დარბაზისგან მკვეთრადაა ამაღლებული, აფსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია, რომლებშიც შემავალი კარი აფსიდის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლების წიბოზეა გაჭრილი.
დარბაზის დასავლეთ ნაწილში ხის ერთსართულიანი პატრონიკეა გაკეთებული, რომელზეც მოხვედრა ორი გზითაა შესაძლებელი: დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გაკეთებული კიბით და ტაძრის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით. კარის ორივე მხარეს, კედელში წმინდა წყლის პატარა რეზერვუარებია გაკეთებული, კათოლიკური რიტუალის წესისამებრ. ტაძრის აღმოსავლეთით, გალავანში ჩართულია ღვთისმშობლის სკულპტურის საბრძანებელი ნიშა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 19868