შინაარსზე გადასვლა

თინა კანდელაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თინა კანდელაკი
დაბადების სახელი თინათინ კანდელაკი
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1975 (1975-11-10) (48 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
პროფესია ჟურნალისტი
ტელეწამყვანი
ტელეპროდიუსერი
მეუღლე(ები) ანდრია კონდრახინი (განქორწინებულია)
შვილ(ებ)ი მელანია (დ. 2000) და ლეონტი (დ. 2002)
მშობლები მამა: გივი კანდელაკი
დედა: ელვირა კანდელაკი

თინათინ (თინა) კანდელაკი (რუს. Тина Канделаки; დ. 10 ნოემბერი, 1975, თბილისი) — ქართული წარმოშობის რუსი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და პროდიუსერი. კომპანია „აპოსტოლ მედიის“, ერთ-ერთი თანამფლობელი.

დაიბადა თბილისში, 1975 წლის 10 ნოემბერს. მამა — გივი შალვის ძე კანდელაკი (1942-2009) პროფესიით ეკონომისტი იყო, მუშაობდა დირექტორად თბილისის ბოსტნეულის ბაზაში, პენსიაზე გასვლის შემდეგ ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად მოსკოვში. თინას დედა — ელვირა გიორგის ასული კანდელაკი (დაბ. ალახვერდოვა) ნახევრად თურქი და სომეხია. იყო ექიმი-ნარკოლოგი.

თინამ თბილისის 64-ე საჯარო სკოლა დაამთავრა. 1993 წელს სწავლობდა პლასტიკურ კოსმეტოლოგიას, შემდეგ ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 2008 წელს დაამთავრა რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტი.

მუშაობა რადიოში და ტელევიზიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში თინა მუშაობდა რადიოსადურ „რადიო 105“-სა და საქართველოს ტელევიზიაში (მეორე არხზე). 1995 წელს საცხოვრებლად რუსეთში, მოსკოვში გადავიდა, სადაც დაიწყო მუშაობა სტანისლავ სადალსკისთან ერთად სხვადასხვა რადიოსადგურებსა და ტელევიზიებში: „М радио“, „РДВ“, „Радио Рокс“, „Серебрянный дождь“, „Муз ТВ“ და სხვა.

2002 წლის სექტემბრიდან მიჰყავს პროგრამა „დეტალები“ СТС-ზე, სადაც იღებდა ინტერვიუებს შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებთან. 2006-2007 წლებში ტელეგადაცემების „Разворот“ და „Особое Мнение“ წამყვანი რადიო „Эхо Москвы“-ზე. 2008 წლიდან მიჰყავდა ტელეპროგრამა „არარეალური პოლიტიკა“, რომელიც 2011 წელს დაიხურა. 2009 წელს წამყვანის სახით მონაწილეობა მიიღო ტელეპროექტ „ორ ვარსკვლავში“. ამავე წელს თინა პროდიუსერი და წამყვანი იყო ისეთი გადაცემების, როგორიცაა „ინფორმანია“ ტელეარხ СТС-ზე, ასევე იყო გადაცემა „ფორტ ბოიარდის“ სომხური ვერსიის წამყვანი. 2010 წელს იყო „კვნ“-ის უმაღლესი ლიგის ჟიურის წევრი, გადაცემა „იდეალური მამაკაცის“ წამყვანი. 2012 წელს დაიხურა ტელეგადაცემა „ყველაზე ჭკვიანი“, რომლის წამყვანი თინა წლების განმავლობაში იყო და პროგრამის დაწყებიდან (2003 წლიდან) გადაცემამ სამჯერ აიღო „ТЭФИ“-ის (2004, 2009) პრემია. 2013 წლის ივნისიდან თინა პოლიტიკური შოუს „რკინის ლედების“ თანაწამყვანია.

თინა კანდელაკი კომპანია „აპოსტოლის“ პარტნიორი და თანამფლობელია. 2010 წლიდან ქართული რესტორნების „თინათინის“ ქსელის დამფუძნებელი და მფლობელია. 2012 წლის იანვრიდან ვიოდეობლოგერ დიმა კამიკაძესთან ერთად ეთერში გაუშვა პოლიტიკური თოქ-შოუ „ფრენა კამიკაძესთან“. იმავე წლის მარტში ხელი მოაწერა კონტრაქტს კომპანია Oriflame-თან, რის შედეგადაც ის ამ კომპანიის სახე 2 წლის მანძილზე იყო.

პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლიდან თინა კანდელაკი აკრიტიკებდა საქართველოს პრეზიდენტ (2004-2013) მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკას.

2022 წლის თებერვალში კანდელაკმა მხარი დაუჭირა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Басков и ряд российских знаменитостей поддержали войну в Украине“. Украинская правда (რუსული). ციტირების თარიღი: 2022-02-27.