შინაარსზე გადასვლა

ზოლებიანი აფთარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზოლებიანი აფთარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  აფთრისებრნი
გვარი:  აფთარი
სახეობა:  ზოლებიანი აფთარი
ლათინური სახელი
Hyaena hyaena (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 10274

საქართველოს წითელი ნუსხა


კრიტიკულ საფრთხეში მყოფი
გავრცელება

ზოლებიანი აფთარი (ლათ. Hyaena hyaena) — ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი გასდევს, რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე 120 სმ, სიმაღლე მინდაოში 70 სმ, მენჯში — 55 სმ, მასა 50 კგ აღწევს. აქვს ბანჯგელიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე და სქელი კიდურები, სქელი კისერი, ყვრიმალიანი თავი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს). მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის. იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით. მისი ბეწვი რუხი ან ღია ყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს. ასრულებს ბუნების სანიტრის როლს, მაგრამ ხშირად თავს ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს, ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს.

გავრცელებულია: აფრიკაში, არაბეთში, ირანში, ავღანეთში, ინდოეთში, მცირე აზიასა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში, ამიერკავკასიაში (სომხეთში, აზერბაიჯანში და საქართველოში). XIX საუკუნის ბოლომდე აღწევდა თბილისის მიდამოებამდე. ბინადრობდა მახათის მთაზე, ქორქის ტბასთან, კუკიაზე, მარტყოფში, ახმეტაში (ბახტრიონთან), ბევრი იყო შირაქში. თითო-ოროლა ეგზემპლარი ახლაც არის შემორჩენილი ალაზნის სანაპიროზე — შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში. იკვებება ლეშით.

აფთარი უდაბნოებისა და ნახევრად უდაბნოების ტყე-ბუჩქნარიანი ადგილების მობინადრეა. უპირატესობას აძლევს დაუსახლებელ მყუდრო კლდიან ღელეებს „ალესილებს“, სადაც ტყე-ბუჩქნარი, ხრამი ერთმანეთშია არეული და გამოქვაბულებს ქმნის, რასაც აფთარი თავშესაფრად იყენებს.

აფთარი სქესობრივ სიმწიფეს 3 წლის ასაკში აღწევს. მძუნაობა გვიან შემოდგომასა და ზამთარში (უფრო დეკემბერ-თებერვალში) მიმდინარეობს. მაკეობის ხანგრძლივობა 90-94 დღემდე გრძელდება. შობს 2-4 თვალაუხელელსა და უსუსურ ლეკვს, რომლებიც თვალებს 10-15 დღის შემდეგ ახელენ. ლაქტაცია 3 თვემდე გრძელდება. სოროს არ იკეთებს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს.

კონკურენტები, მტრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აფთრის კონკურენტებია მის ადგილსამყოფელში ფართოდ გავრცელებული მგელი, მელა, ტურა, გარეული კატა, მოხეტიალე ძაღლი, ორბი და სვავი. ბუნებრივ მტრად შეიძლება ჩაითვალოს მგელი.

დასაცავად მიღებული ზომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში. ზოლებიან აფთარზე ნადირობა აკრძალულია.

  • საქართველოს სსრ წითელი წიგნი, მთ. რედ. ვ. კაჭარავა, გვ. 15-16, თბ.: გამომც. „საბჭოთა საქართველო“, 1982.
  • ჯანაშვილი ა., „საქართველოს ცხოვეთა სამყარო“, ტ. III, ხერხემლიანები. თბ., 1963
  • არაბული ა., „საქართველოს სამონადირეო ფაუნა და მისი დაცვა“, თბ., 1978
  • Сатунин К. А., «Млекопитающие Кавказского края», т. I, Тиф., 1915