ჰოლკონდის ციხესიმაგრე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰოლკონდის ციხე-სიმაგრე

ჰოლკონდა ან ჰოლკანდა — ძველი ინდური ციხესიმაგრე. განლაგებულია ანდჰრა-პრადეშის შტატში, ქ. ჰაიდარაბადის ცენტრიდან დასავლეთით 11 კმ. 1512-1687 წლებში იგი იყო იმავე სახელწოდების მქონე ჰოლკონდის სასულთნოს დედაქალაქი.

კომპლექსი კარგად არის შემონახული. განლაგებულია გრანიტის 120 მ. სიმაღლის გორაზე. ჰოლკონდა შედგება ოთხი სხვადასხვა ციხესიმაგრისგან, რომელთა ბასტიონების საერთო რაოდენობა შეადგენს 87 ერთეულს. ზოგიერთი მათგანი დღემდე ზარბაზნებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხესიმაგრეებს აქვთ რვა შესასვლელი კარი, ოთხი ასაწევი ხიდი, მრავალი არისტოკრატიული სასახლე, დარბაზი, ტაძარი, მეჩეთი, განძსაცავი, თავლა და სხვა. ერთ-ერთი ციხესიმაგრე ადრე წარმოადგენდა ბრიტანულ-ინდური ვასალური სახელმწიფოს ჰაიდარაბადის სახელმწიფო საპატიმროს და განძეულის საცავს.

თავისი არქიტექტურით ჰოლკონდა იძლევა საინტერესო აკუსტიკური ეფექტების შესაძლებლობებს. მაგალითად, რომელიმე ჭიშკართან ცხენების ჭიხვინი შესაძლოა გავიგონოთ ერთი კილომეტრის მოშორებით ციხესიმაგრის ყველაზე მაღალ წერტილში. ეს გამიზნული იყო სიფრთხილისათვის საშიშროების შემთხვევაში. კედლების სიახლოვეს განლაგებულია გრანიტის მაღალთაღებიანი 18 მავზოლეუმი, რომლებშიც დაკრძალულია ქუთბ შაჰის დინასტიის მმართველები. მათზე გამოსახულია მშვენიერი ბარელიეფები, ხოლო გარშემო ულამაზესი ლანდშაფტები აკრავს.

ძველად ჰოლკონდა თავისი ალმასებით იყო ცნობილი, რომელსაც მოიპოვებდნენ და გადაამუშავებდნენ რეგიონში. ცნობილი ალმასები კოჰინური, დერიანური, ჰოუპა და რეგენტა სწორედ აქ იყო მოპოვებული. თვით ჰოლკონდა წარმოადგენდა ერთ უზარმაზარ ბაზარს, სადაც ყიდდნენ და ყიდულობდნენ ალმასებს. მეტნაკლებად მდიდარი მაღაროები, სადაც აღმოაჩინეს მსხვილი ისტორიული ქვები მდებარეობს მდინარე კისტნას სიახლოვეს.

ალმასის მაღაროები ქმნიდნენ ჰაიდარაბადის ნიზამთა სიმდიდრეს, რომლებიც მართავდნენ ოლქს 1724-1948 წლებში, როცა ჰაიდარაბადი ანექსირებულ იქნა ინდოეთის მიერ. ის, როგორც ადმინისტრაციული ერთეული ჰაიდარაბადის ძველი სახელმწიფოს ადგილას შეიქმნა 1956 წელს. ჰოლკონდა აღმოჩნდა ანდჰრა-პრადეშის შტატთან მიერთებული ქალაქი.

ციხესიმაგრის სახელწოდება წარმოდგა ტელუგური სიტყვათა ნაერთიდან „ჰოლა-კონდა“, რაც ნიშნავს „მწყემსთა გორას“. პირველი ევროპელი, რომელმაც აქ იმოგზაურა იყო რუსი ვაჭარი და მოგზაური ათანასე ნიკიტინი. ჰოლკონდის განძსაცავის აღწერილობა კი შემოგვინახა XVII საუკუნის ფრანგმა მოგზაურმა ჟან ბატისტ ტავერნიემ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: