კოჰინური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოჰინური

კოჰინური — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალმასი, სპარსულად „სინათლის მთას“ ნიშნავს. ამჟამად კოჰინური 106 კარატს შეადგენს და ტაუერის მუზეუმის სამეფო ძვირფასეულობათა საგანგებო განყოფილებაშია დაცული. თავის დროზე ალმასი 672 კარატს შეადგენდა (სხვა მონაცემებით, 793 კარატს. გადამუშავების შემდეგ ქვამ 290 კარატი დაკარგა. (ის ერთადერთი ქვაა მსხვილ ქვათა შორის, რომელიც არასოდეს გაყიდულა). 1526 წელს, ინდოეთის დიდ მოგოლთა იმპერიის დამაარსებელი, თემურ-ლენგის შვილთაშვილი ბაბური ინდოსტანის მმართველი გახდა.მემუარულ ნაწარმოებში „ბაბურ–ნამე“ ის მოგვითხრობს, რომ მისი მემკვიდრისთვის ხარკის სახით მორთმეულ ურიცხვ განძეულობას შორის იყო უმსხვილესი ალმასი, რომელიც იმ დროიდან მუღალთა დინასტიის წარმომადგენელთა საკუთრება გახდა.

1739 წელს ირანის შაჰმა ნადირმა დელი დაიკავა. ნადირ–შაჰი გაოცებული დარჩა იქაური სასახლის სიმდიდრით. იგი მივიდა „ფარშევანგის ტახტთან“, ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშთან, რომელსაც ამშვენებდა მრავალრიცხოვანი ალმასები, ზურმუხტები, ლალები, ოქროს ჩარჩოში ჩასმული იშვიათი მარგალიტები. ფარშევანგის თვალის ადგილზე უძვირფასესი ქვის ნაცვლად შაჰმა სიცარიელე შენიშნა. დიდი ხნის ძებნის შემდეგ მან მუჰამედ–შაჰის ჰარამხანის ერთ–ერთი მხევლის მეშვეობით შეიტყო, რომ შაჰი ქვას განუყრელად თან ატარებდა თავსაბურავში.

ამ ძვირფასი ქვის ხელში ჩასაგდებად ნადირ–შაჰმა ეშმაკობას მიმართა და მუჰამედ შაჰთან სტურმად მყოფმა გამომშვიდობებისას, სამუდამო მეგობრობის ნიშნად, მასპინძელს თავსაბურავების გაცვლა შესთავაზა. უძველესი ტრადიციის თანახმად, მუჰამედს არ შეეძლო უარი ეთქვა და დათანხმდა. ასე გახდა ნადირ–შაჰი მისთვის ნანატრი ამ უძვირფასესი ქვის მფლობელი. თავსაბურავის გახსნისას ახალი პატრონი თურმე ძალზე გაოცებულა ალმასის სხივთა ბრწყინვალებით და აღტაცებით წამოუძახია „კოჰ–ინურ“, რაც „სინათლის მთას“ ნიშნავს.

ძვირფასი ალმასი ნადირ–შაჰმა დიდი პატივით წაიღო ისპაჰანში, მაგრამ ალმასმა მას მხოლოდ უბედურება მოუტანა. 1747 წელს შაჰი საკუთარმა მცველებმა მოკლე, იმპერია კი დაიშალა. ამ არეულობის ჟამს ცნობილი ალმასი ხელთ იგდო ავღანელმა დიდებულმა აჰმად აბგალმა და ყანდაჰარში წაიღო, სადაც სამეფო დინასტია დურანი დააარსა, თვითონ კი სახელად დურ–და–დურანი (საუკეთესო მარგალიტი) დაირქვა. 1773 წელს, დურ–და–დურანის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟმა თემურმა დედაქალაქი ქაბულში გადაიტანა და ძვირფასეულობაც იქ გადაზიდა.

1793 წელს, თემურის გარდაცვალებისთანავე, ქვეყანაში დაიწყო შინააშლილობა, რამაც კარგა ხანს გასტანა. ტახტი დაიკავა მისი ოცდასამი ვაჟიშვილიდან მეხუთემ ზამან–მირზამ, რომელმაც თავისი მდგომარეობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ლაჰორი სინგჰელ ავანტიურისტ რანჯით სინგჰს დაუთმო. მალე რანჯით სინგჰი თავისმა ძმამ მუჰამედმა ჩამოაგდო, ეს უკანასკნელი კი მომდევნო ძმის შუჯა–ულ–მულქის მომხრეებმა გადააყენეს, მაგრამ იგი ქვეშევრდომებს არ უყვარდათ და ამიტომ ტახტზე ასვლის ნება არ მისცეს. შუჯა–ულ–მულქითავის გადარჩენის მიზნით ლაჰორში გაიქცა, თან ძვირფასეულობაც გაიტაცა. რაჯა რანჯით სინგჰმა ლტოლვილს თავშესაფარი მისცა, სანაცვლოდ კი მისგან მთელი ძვირფასეულობა მოითხოვა. რანჯით–სინგჰმა ჩამოასხმევინა სამაჯური, რომელსაც მაჰარაჯა საზეიმო მიღებისას ატარებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ალმასის მფლობელი გახდა ახლაგაზრდა რაჯა დელიბ სინგჰი, ვინც ინგლისელთა მხარდაჭერით შეინარჩუნა ლაჰორის ტახტი.

1849 წელს ოსტ-ინდოეთის კომპანიამ დაიკავა ლაჰორი და დელიბ–სინგჰი იძულებული შეიქნა ხელი მოეწერა დოკუმენტისათვის, რომლის თანახმად, მან უარი თქვა ტახტზე და კოჰინურზე. მთელი ძვირფასეულობა აგდააგზავნეს ინგლისში. ლორდ დალჰაუზის ბრძანებით, ალმას კოჰინურს გზაში საგანგებოდ გამოყოფილი მცველები იცავდნენ.

1850 წლის 3 ივნისს მთელი ძვირფასეულობა მიართვეს ინგლისის დედოფალ ვიქტორიას, რომელმაც კოჰინურის დამუშავება დაავალა ცნობილ ამსტერდამელ იუველირს ფოზანგერს. ქვამ დამუშავების შემდეგ დაკარგა 80 კარატი. ვიქტორია ალმასს გულსაბნევად ხმარობდა. 1911 წელს კოჰინურმა დაამშვენა დიდი ბრიტანეთის სამეფო გვირგვინი, რომელიც ელისაბედ II-ის ბებიის, დედოფალ მერისათვის იყო განკუთვნილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნინო გომართელი, ეს საბედისწერო ალმასები, „ომეგა“, № 2, 2003 წ., გვ.48–49.
  • Anna Malecka, ' Sisterhood of diamonds; Darya-ye Nur and Kuh-e Nur' in: "Darya-ye Nur: History and Myth of a Crown Jewel of Iran", Iranian Studies vol. 51 (2018), http://dx.doi.org/10.1080/00210862.2017.1362952 [archive]
  • Anna Malecka, " Naming of the Koh-i-Noor and the Origin of Mughal-Cut Diamonds", The Journal of Gemmology, no. 4 (2017), 738–751.
  • Anna Malecka, " Koh-i Noor Diamond and Babur’s Stone: Issue of Identity, Iran ( 2018), DOI: 10.1080/05786967.2018.1537658.