ჯეიმზ ბრეიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეიმზ ბრეიდი
ინგლ. James Scott Brady
დაბ. სახელი ჯეიმზ სკოტ ბრეიდი
დაბადების თარიღი 29 აგვისტო, 1940
დაბადების ადგილი ცენტრალია, ილინოისი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 4 აგვისტო, 2014 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
განათლება ილინოისის ურბანა-შამპეინის უნივერსიტეტი
ეროვნება ამერიკელი
პარტია რესპუბლიკური პარტია
მეუღლე/ები Sarah Brady
ჯილდოები თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი[1] , Distinguished Eagle Scout Award და Presidential Citizens Medal[2]

ჯეიმზ სკოტ ბრეიდი (ინგლ. James Scott Brady; დ. 29 აგვისტო, 1940, ილინოისი — გ. 4 აგვისტო, 2014, ვირჯინია) — აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე და თეთრი სახლის რიგით მეჩვიდმეტე პრესმდივანი პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ადმინისტრაციაში. 1981 წელს პრეზიდენტ რეიგანზე შეიარაღებული თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა და ინვალიდობა მიიღო.

ჯეიმზ ბრეიდის გარდაცვალება შეფასდა მკვლელობად, ვინაიდან ექსპერტიზით დადგინდა, რომ სიკვდილის მიზეზი გამოწვეული იყო 33 წლის წინ მიყენებული ჭრილობით.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯეიმზ ბრეიდიმ საჯარო სამსახურში კარიერა დაიწყო შტატიან მოხელედ ილინოისის სენატორის ევერეტ დირკსენის ადმინისტრაციაში. 1964 წელს იყო კონგრესმენობის კანდიდატის უეინ ჯონსის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი ილინოისის 23-ე ოლქში. 1970 წელს ბრეიდი ხელმძღვანელობდა იმავე ოლქში ფილის შლაფლაის საარჩევნო კამპანიას.

ბრეიდის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა როგორც კერძო სექტორში, ასევე სამთავრობოში, მათ შორის იყო დაბინავებისა და ურბანული განვითარების მდივნის ჯეიმზ თომას ლინის სპეციალური თანაშემწე; ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოს დირექტორის სპეციალური თანაშემწე; თავდაცვის მდივნის თანაშემწე და სენატორ უილიამ როთ ჯუნიორის შტაბის წევრი. 1979 წელს იყო პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ კონალის პრესმდივანი.

მას შემდეგ რაც კონალიმ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა საპრეზიდენტო რბოლიდან, ბრეიდი გახდა საზოგადოებასთან ურთიერთობების და კვლევის დირექტორი რეიგანი-ბუშის კომიტეტში, შემდეგ გახდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელი, ხოლო მას მერე, რაც რეიგანი ოფიალურად შეუდგა საპრეზიდენტო საქმიანობას, ბრეიდი თეთრი სახლის პრემდივნად დაინიშნა.

თავდასხმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წლის 30 მარტს, გაპრეზიდენტებიდან 69-ე დღეს რონალდ რეიგანი და მისი კაბინეტის წევრები, მათ შორის ჯეიმზ ბრეიდი გამოდიოდნენ ვაშინგტონში მდებარე სასტუმროდან Washington Hilton Hotel, რა დროსაც მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. გასროლილი ექვსი ტყვიიდან პირველივე ბრეიდის მოხვდა, დანარჩენები მოხვდათ დაცვის წევრს, პოლიციელს და თავად პრეზიდენტ რეიგანს. მსროლელი 25 წლის ჯონ ჰინკლი ჯუნიორი აღმოჩნდა.

საიდუმლო სამსახურის და პოლიციის ოფიცრებმა დამნაშავე ადგილზევე მიწაზე დააგდეს და დააკავეს. ჰინკლიმ 6 გასროლა განახორციელა .22 კალიბრის Röhm RG-14 რევოლვერიდან. ტყვია ბრეიდის მარცხენა თვალის ზედა მიდამოში, შუბლში მოხვდა. სროლილისას დაიჭრდნენ ასევე პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, საიდუმლო სამსახურის აგენტი თიმოტი მაკ-კარტი და ვაშინგტონის პოლიციის ოფიცერი თომას დელაჰანტი. დაჭრილი ბრეიდი, რეიგანი და მაკ-კარტი გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

თავდასმის შემდეგ განვითარებულ ქაოსში ქვეყნის ყველა მთავარმა მედიასაშუალებამ გამოაცხადა რომ ბრეიდი თავდასხმისას დაიღუპა. ეს მცდარი ინფორმაცია გაამყარა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რიჩარდ ალენის კომენტარმა, სადაც მან ბრეიდის გარდაცვალება გამოაცხადა და მისი სულის სიმშვიდისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. მას შემდეგ რაც ტელეკომპანია ABC-ის წამყვანსა და ბრეიდის მეგობარს ფრენკ რეინოლდ მოუწია გაჟღერებული მცდარი ინფორმაციის უარყოფა, მან საკუთარ კოლეგებს პირდაპირ ეთერში გაბრაზებული ტონით მიმართა „მოდით ესენი სიტყვაზე დავიჭიროთ“.

ვაშინგტონის საუნივერსიტეტო კლინიკაში ბრეიდიზე მიმდინარე მრავალსაათიანი ოპერაციისას ქირურგს, ექიმ არტურ კობრინს მედიით გავრცელებული ინფორმაცია მიუტანეს ჯეიმზ ბრეიდის გარდაცვალებს შესახებ, რაზეც ექიმმა მიუგო: „ამის თაობაზე არც ჩემთვის და არც პაციენტისთვის არავის არაფერი არ უთქვამს“.

ჭრილობას ჯეიმზ ბრეიდი ცოცხალი გადაურჩა, თუმცა თავდასხმამ მის ცხოვრებაზე სამუდამო ასახვა ჰპოვა. ბრეიდიმ ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა და ცხოვრების ბოლომდე ეტლით სარგებლობდა, ასევე მას აღენიშნებოდა ბუნდოვანი მეტყველება. ნეიროქირურგი კობრინი ბრეიდი აღწერისას ამბობდა რომ მას ემოციების კონტროლის სირთულეები ჰქონდა, როდესაც თავდასხმაზე საუბარი უწევდა; ექიმის თქმით ბრეიდის შეეძლო გარკვეული ხანი ტირილით ესაუბრა, ჰქონდა მეხსიერების და აზროვნების პრობლემები, მაგალითად ვერ ცნობდა ადამიანებს. ბრეიდი ჭრილობის შედეგად ეტლით მოსარგებლედ დარჩა მთელი ცხოვრების მანძილზე და ასევე აისახა მის მეტყველებაზე, თუმცა კი ექიმმა 30 წლის შემდეგ აღიარა რომ ბრეიდიმ შეძლო ფეხზე წამოდგომა და თითქმის ყველა დარღვევა აღუდგა, რაც მეტყველებასთან, მეხსიერებასთან და აზროვნებასთან ჰქონდა.

მოიუხედავად იმისა, რომ ჯეიმზ ბრეიდი თეთრი სახლის პრესმდივნის მოვალეობას ვეღარ ასრულებდა, იგი რეიგანის ადმინისტრაციის ბოლომდე თანამდებობაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მისი ფუნქციები ლარი სფიქსმა და მარლინ ფიცუოთერმა შეითავსეს მოვალეობის შემსრულებლის ან თანაშემწის რანგში.

იარაღზე კონტროლის გამკაცრების ქომაგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეუღლესთან, სარა ბრეიდისთან ერთად, რომელიც ბრეიდიდის იარაღის საწინააღმდეგო კამპანიას ჩაუდგა სათავეში, ჯეიმზ ბრეიდი აქტიურად ლობირებდა პისტოლეტებზე და საიერიშო ავტომატებზე კონტროლის გამკაცრებას.

ბრეიდიმ 1982 წელსსაპატიო დოქტორის წოდება მიიღო ილიოსის მაკ-კენდრის კოლეჯში. 1993 წელს ჯიმზ ბრეიდის და მისი მეუღლეს სარა ბრეიდის მიენიჭა დრექსელის უნივერსისტეტის დოქტორის წოდება. 1994 წელს ჯეიმზმა და სარამ ჯეფერსონის ფონდისგან მიიღეს ყოველწლიური ჯილდო Roger Horchow Award უდიდესი საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. 1996 წელს პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ბრეიდის თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი მიანიჭა, რომლიც უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა ამერიკის შეეღტებულ შტატებში.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეიდი დაქორწინდა სიუ ბეჰზე 1960 წელს. ქორწინება დასრულდა განქორწინებით 1967 წელს. 1972 წელს ბრეიდი დაქორწინდა სარაჰ ჯეინ კემპზე. 2000 წელს თეთრი სახლის ბრიფინგების დარბაზს ჯეიმზ ბრეიდის სახელი მიენიჭა მის საპატივცემულოდ.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეიდი გარდაიცვალა 73 წლის ასაკში 2014 წლის 4 აგვისტოს ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში. გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს სამედიცინო ექსპერტიზამ სიკვდილს მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა, რომლიც გამოწვეული იყო 1981 წელს მირებული ცეცხლსასროლი ჭრილობით. თავდასხმაში ბრალდებული ჰინკლი აღარ მიეცა პასუხისგებაში ბრეიდის სიკვდილისთვის, ვინაიდან მანამდე ცნობილ იქნა შეურაცხადად.

ასახვა კინომატოგრაფიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრეიდის რეაბილიტაცია მძიმე ჭრილობის შემდეგ აისახა 1991 წელს HBO-ს გადაღებულ ფილმში „გაფრთხილების გარეშე: ჯეიმზ ბრეიდის ისტორია“, რომელშიც ბრეიდის როლი ბო ბრიჯესმა შეასრულა. ბრეიდი ფილმში ასახა ჯონ კონოლიმაც 2001 წელს Showtime-ის ფილმში „დღე, როდესაც რეიგანს ესროლეს“. ბრეიდის ისტორიამ ასახვა ჰპოვა ასევე მაიკლს კოლის 2016 წლის სატელევიზიო ფილმში „რეიგანის მკვლელობა“. 2013 წელს გადაღებულ ტელესერიალ „ამერიკელების“ I სეზონის მე-4 ეპიზოდში ისმის რადიომიმართვა „კონგრესის მოხსენების თანახმად, ჯეიმზ ბრეიდი ჭრილობებს ვერ გადაურჩა“, რა დროსაც კადრში ჩანან სუკ-ის ორი ოპერატიული მუშაკი, რომლებიც ხვდებიან ერთმანეთს გზაზე გაჩერებულ მანქანაში. რამდენიმე წუთში ისმის სატელევიზიო განცხადება „ჭორები ჯიმ ბრეიდის გარდაცვალებაზე სიმართლე არ არის“.

  1. https://www.politico.com/story/2014/08/james-brady-obituary-109707
  2. https://web.archive.org/web/20150430042705/http://rudr.coalliance.org/fedora/repository/codr:3390/RUART00235.pdf