ხარლამპი სავანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხარლამპი ივანეს ძე სავანელი (დ. 1842, დუშეთი, — გ. 1890, თბილისი) — ქართველი დირიჟორი, მომღერალი, პედაგოგი.

1863 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია, 1868 წელს — პეტერბურგის კონსერვატორია (ვოკალის კლასი). პეტერბურგში ყოფნის პერიოდში დაეუფლა საგუნდო ხელოვნებას, ხუთი წელი მღეროდა კონსერვატორიის გუნდში; 1869 წლიდან იყო რუსული სამუსიკო საზოგადოების საგუნდო სიმღერის უფასო კლასების ხელმძღვანელი. 1871 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ფართო საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1873 წელს დააარსა სასიმღერო სკოლა, სადაც სიმღერასთან ერთად ისწავლებოდა ელემენტარული თეორიაც, ახლად დაარსებულ სასწავლებელში მოიწვია რუსეთიდან დაბრუნებული კონსტანტინე ალიხანოვი და ალიოზ მიზანდარი. სამეულის ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. ამავე პერიოდში გაიხსნა „სამუსიკო კლასები შეღავათიან ფასებში“, რომელიც 1876 წელს გადაკეთდა სამუსიკო სკოლად, 1880 წელს — სამუსიკო სასწავლებლად, ხოლო 1917 წელს მის ბაზაზე გაიხსნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]