ხადიჯა გაიბოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხადიჯა გაიბოვა
დაბადების სახელი ხადიჯა ოსმან ბეი ყიზი გაიბოვა
დაბადების თარიღი 24 მაისი, 1893
ტფილისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ოქტომბერი, 1938 (45 წლის)
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ

ხადიჯა ოსმან ბეი ყიზი გაიბოვა (აზერ. Xədicə Osman bəy qızı Qayıbova, ქალიშვილობაში — ხადიჯა მიუფთიზადე, აზერ. Xədicə Müftizadə; დ. 24 მაისი [ძვ. სტ. 12 მაისი], 1893, ტფილისი — გ. 27 ოქტომბერი, 1938, ბაქო) — აზერბაიჯანელი პიანისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხადიჯა მიუფთიზადე დაიბადა ტფილისში, ოჯახში, სადაც მამა აზერბაიჯანელი ოსმან-ბექ მუფტიზადე, ადგილობრივი სუნიტური სასულიერო ცენტრის თავმჯდომარე იყო, ხოლო დედა — თათრეთში წარმოშობილი ტერეგულოვების გვარის ჩამომავალი, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტფილისში დამკვიდრდა საცხოვრებლად.[1] გაიბოვამ საშუალო განათლება მიიღო წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში და პარალელურად ფორტეპიანოზე დაკვრის გაკვეთილებსაც იღებდა. 1911 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ხადიჯა ინჟინერ ნადირ გაიბოვზე გათხოვდა, რომელიც კავკასიის მუფტიის, ჰუსეინ-ეფენდი გაიბოვის შვილი და აზერბაიჯანში პირველი მოწყალების დის, ნიგიარ შიხლინსკაიას ძმა იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში გაიბოვა ასწავლიდა ადგილობრივ ქალთა რუსულ-ისლამურ სკოლაში.[2]

ჯერ კიდევ ოქტომბრის რევოლუციამდე ხადიჯა გაიბოვამ სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა მუღამების შემსრულებელმა (მუსიკის აზერბაიჯანული სახალხო ჟანრი) ფორტეპიანოზე. 1919 წელს გაიბოვების ოჯახი საცხოვრებლად ბაქოში გადავიდა, სადაც ერთი წლის შემდეგ გაიობოვამ თავისი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსებაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აზერბაიჯანის სსრ განათლების სახალხო კომიტეტში ის ხელმძღვანელობდა აღმოსავლური მუსიკის განყოფილებას.[3] ამ წლებში გაიბოვას მიჰყავდა მუსიკისა და სამსახიობო ოსტატობის გაკვეთილები ქალთა საგანმანათლებლო კურსებზე. 1927—1931 წლებში ის სწავლობდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო კურსებზე.[2] 1933 წელს გაიბოვა დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით. სამი თვის შემდეგ ის გაათავისუფლეს და ბრალდებაც მოუხსნეს. 1934 წელს იგი შევიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიის კონტინგენტიდან აზერბაიჯანის მუსიკალური მემკვიდრეობის შესწავლისათვის შექმნილი მკვლევართა ჯგუფის შემადგენლობაში.[2]

1938 წლის 17 მარტს, მისი მეორე ქმრის, რაშიდ გაიბოვის დაპატიმრებიდან მცირე დროის შემდეგ, ხადიჯა გაიბოვა კვლავ დააპატიმრეს და ბრალად მუსავატისტებთან კავშირი წაუყენეს. შემდგომი ხუთი კვირის განმავლობაში ის ცხრაჯერ იყო გამოძახებული დაკითხვაზე, სანამ, ბოლოს და ბოლოს, დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობაში. თვითონ გაიბოვამ ბრალი არ აღიარა. მისი ყოფილი მეზობელი საპატიმრო კამერაში ზივერ ეფენდიევა (რეპრესირებული აზერბაიჯანელი პარტიული მოღვაწის სულთან-მეჯიდა ეფენდიევის ცოლი) მოგვიანებით იგონებდა, რომ გაიბოვა ყველაზე უარეს შემთხვევაში ციმბირში გადასახლებას ელოდა და გადასახლებაში თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობის გაგრძელების გეგმებს აწყობდა. თუმცა, 1938 წლის 19 ოქტომბერს, თხუთმეტწუთიანი სასამართლო სხდომის შემდეგ, გაიბოვას სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა მიესაჯა. სასჯელი ერთი კვირის შემდეგ ბაქოში სისრულეში იქნა მოყვანილი.

1956 წელს, ხადიჯი გაიბოვას ქალიშვილის, ალანგუ ხულთანოვას თხოვნით, სისხლის სამართლის საქმე გადაიხედა და გაიბოვა რეაბილიტირებულ იქნა (სიკვდილის შემდეგ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Электронная энциклопедия «Узеир Гаджибеков»: Терегуловы.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Фарах Алиева. Хадиджа Гаибова: даже не представляла, что будет казнена დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine. . EL. Перепечатано Milli.az 21 января 2012 г.
  3. Гянджали С. Женщины, красота и святость. — Баку: Азербайджан, 2001. — С. 154—155.