ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭერემის საეპისკოპოსო ტაძარი
ეპისკოპოსის სასახლის ნანგრევები

ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში. კომპლექსში შედის: საკათედრო ტაძარი, სასახლე და გალავანი.

საკათედრო ტაძარი დგას გალავნით შემოფარგლულ ეზოში, სწორ ადგილზე. ტაძარი სამეკლესიანი ბაზილიკაა. გარშემოსასვლელით სამი მხრიდან. რომელიც მთავარ ეკლესიას წყობით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენდნენ, დასავლეთისა კი კარიბჭეს. გ.ჩუბინაშვილი, რომელმაც ტაძარი 1920 წელს შეისწავლა. მას X-XI საუკუნით ათარიღებს და ფიქრობს, რომ იგი ერთიანი გეგმის მიხედვითაა აგებული, მაგრამ მისი აზრით, თავდაპირველი პროექტის გათვალისწინებით, იყო სამნავიანი ბაზილიკის აგება, რაც მშენებლობის პროცესშივე იყო უარყოფილი. სახელდობრ, თავდაპირველად ააგეს პირველი ნავი, რომელიც გარედან მთლიანად შირიმის თლილი ქვით მოაპირკეთეს, ხოლო შემდგომ გვერდითი ფრთები რიყის ქვით, შიგნით მთავარი ეკლესიიის აფსიდი, მხრებთან ერთად შირიმისაა, დანარჩენი კედლები კი, რიყის ქვითაა ნაწყობი.

მთავარი ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით სამჯერ უფრო განიერი და გაცილებით მაღალია. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია, შიგნით ნალისებრი, ხოლო გარედან ხუთწახნაგიანი შეერილი აფსიდით, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან უჩვეულოდ განიერი მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდში გაჭრილია მაღალი ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელი, რომელსაც თითქმის პარალელური წირთხლები აქვს. აფსიდის თაღი ნახევარწრიულია. მისი ქუსლები აფსიდის კედლის კიდეების მიმართ ოდნავ განზე არის გასული. თაღი დაყრდნობილია შირიმის იმპოსტებზე, რომელთა პროფილს თარო და შეწყვილებული ლილვი შეადგენს. დარბაზის გრძივ კედლებზე ორ-ორი ერთსაფეხურიანი პილასტარია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღები იყო დაყრდნობილი. პილასტრები დაგვირგვინებულია შირიმის მარტივი პროფილის, წრეთარგიანი კაპეტელებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ პილასტართან შემორჩენილია მასზე მიშენებული საკუთხევლის ზღუდის წრიული სვეტის ნაწილი.

საკურთხევლის სარკმლის გარდა, ინტერიერს კიდევ შვიდი თაღოვანი სარკმელი აშუქებდა. სამ-სამი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებშია, ხოლო ერთი დასავლეთ კედელში. მთავარი ეკლესიიის სამი შესასვლელიდან მხოლოდ ჩრდილოეთ და სამხრეთი შესასვლელებია შემორჩენილი. გვერდითი ეკლესიებიდან მთელ სიგრძეზე მხოლოდ ჩრდილოეთისღა დგას. სამხრეთი ეკლესიიდან კი მხოლოდ აფსიდალური ნაწილი. ორივე ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით. ორივე აფსიდში გაჭრილია თითო ვიწრო, მაღალი სარკმელი. ჩრდილოეთ ეკლესიის სარკმელი შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული, სამხრეთ ეკლესიას კი თარაზულად. ეკლესიას დამოუკიდებელი თაღოვანი შესასვლელი, მთავარი ეკლესიის პირდაპირ აქვს. მთავარი ეკლესიის შემოსასვლელის მოპირდაპირედ, შემორჩენილი იყო ვიწრო კარი, ბოძი და კარის მეორე მალი.

ჩრდილოეთ ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით. ეკლესიის კარიბჭე რომელიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებდა, თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მთავარი ეკლესიის შესაბამის კედელზე კამარის დასაყრდნობად მიშენებული იყო თაღედი, რომლის ერთი პილასტრის ფრაგმენტი მთავარი ეკლესიიის ჩრდულო-დასალვეთ კუთხესთან შემორჩა კარიბჭის დასავლეთ კედელზე არსებული პილასტრის მოპირდაპირედ ამ პილასტრის გარდა დასავლეთ კედელზე ერთმანეთისგან არათანაბარი მანძილებით დაცილებული კიდევ სამი პილასტარია. ჩრდილოეთიდან მეორე და მესამე პილასტრებს შორის მოწყობილი ყოფილა შესასვლელი.

სასახლე დგას საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით ორმოციოდე მეტრზე. მდებარეობს ჭერმისხევის ხეობის პირას, ფლატის თავზე, განეკუთვნება VIII-IX საუკუნეს. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. შემორჩენილია ერთი საკმაოდ გრძელი შუა ნაწილი რომელსაც მოწყობილი აქვს ტრაპეციისმაგვარი შვერილი. შენობა ორსართულიანი ყოფილა. სართულშუა გადახურვა გამართული იყო ხის კოჭებზე. გალავანი შემორჩენილია ფრაგმენტულად, ნაგებისა სხვადასხვა ზომის რიყის ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]