ჭახრაკაული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჭახრაკაული

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ლაშქარასნაირნი
ოჯახი:  ლაშქარასებრნი
გვარი:  ჭახრაკაული
სახეობა:  ჭახრაკაული
ლათინური სახელი
Cerinthe minor L., 1753

ჭახრაკაული (ლათ. Cerinthe minor) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. მისი ღეროს სიმაღლე 20 — 25 სმ-ს აღწევს,[1] მარტივი ან დატოტვილია, მთელი მცენარე შიშველია, ლეგა.[2] ქვედა ფოთლები ოვალური ფორმისაა, ყუნწებში ვიწროვდება. ღეროსეული ზედა ფოთლები ოვალური ან კვერცხის ფორმისაა, გულისებური ფუძით, ფართოდ ღერომხვევი. ყვავილედი თანაყვავილიანია, გვირგვინი მილისებური, მკრთალი ყვითელი ფერის, ნახევრამდეა გაყოფილი ლანცეტა ფორმის სწორ ნაკვთებად,[2] ხახასთან 5 მეწამული ლაქა აქვს.[1] ყვავილობს და ნაყოფმსხმოიარობს მაის-სექტემბერში.[2]

იზრდება ბუჩქნარებში, ნათესებსა და რუდერალურ ადგილებზე მთის ზედა სარტყელამდე. საქართველოში თითქმის ყველგანაა გავრცელებული, საქართველოს გარეთ — კავკასიის ყველა რაიონში, ხმელთაშუაზღვისპირეთსა და მცირე აზიაში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 387.
  2. 2.0 2.1 2.2 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 96.