წმინდა გიორგის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა გიორგის ციხე — ციხე მდებარეობს ჟინვალის დაბის ჩრდილოეთით, 1.5-2 კმ-ზე, ჟინვალ-ანანურის გზის მარცხენა მხარეს. შედიოდა ჟინვალის ნაქალაქარის სათავდაცვო სისტემაში. ძირითადი ნაწილი XII-XIV საუკუნეებს განეკუთვნება, ნაწილი XVII-XVIII საუკუნეებს.

1975-1976 წლებში გათხარა იაე ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. რ. რამიშვილი).

ციხე აგებულია ციცაბო კლდოვან ფერდობზე და გეგმით თითქმის სამკუთხა მოხაზულობა აქვს. ციხის ყველაზე მაღალ (დასავლეთ) ნაწილში ციტადელია, ქვედა აღმოსავლეთ ნაწილში კი საყრდენი კედლებით შექმნილია ორი ვიწრო და გრძელი ტერასა, რომლებიც აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან მაღალი გალავნით იყო შემოზღუდული. ციხის შესასვლელი ქვედა ტერასაზეა, გალავნის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ კიდეში. კარი ორ მძლავრ ბურჯზს შორისაა მოქცეული. ციხის ქვედა ნაწილში შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია, ორი სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები, გალავნის ჩრდილოეთი კედლის ნაწილი, სამეურნეო ორმო და წყლის რეზერვუარი.

ეკლესია დარბაზულია (4,9x4,8 მ), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით, რიყის ქვით და შირიმით. შეკეთებულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია 1,7 მ. სიმაღლის კედლები. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეშია. აღმოსავლით ნახევარწრიულ აფსიდში ერთი ვიწრო სარკმელი და ორი მცირე კვადრატული ნიშია. შემორჩენილია კანკელის ნაშთი.

გათხრების შედეგად აღმოჩნდა მოუჭიქავი და მოჭიქული თიხის ჭურჭლის და კრამიტის ნატეხები, ქვევრები, აღმოჩენილი მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]