ძმები შალიკაშვილების სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძმები შალიკაშვილების სახლ-მუზეუმი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის ქალაქ გურჯაანში.

მუზეუმი ანდრონიკაშვილების საგვარეულო შენობაში მდებარეობს. მას ერთი მხრიდან ტყეპარკი, მეორე მხრიდან კი გზა ესაზღვრება. მუზეუმი 2006 წელს, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ გაიხსნა. შენობა, დროთა განმავლობაში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა თუ სამხატვრო სკოლის ფუნქციებს ითავსებდა. გარედან შელესილი და შეთეთრებული შენობა ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. გადახურულია ხის კოჭების კონსტრუქციას დამყარებული თუნუქის სახურავით. სახლი მცირედით დახრილ რელიეფზე დგას, ქუჩის მხრიდან ერთსართულიანია, ეზოსკენ კი ხის გადახურული აივნითა და მის ქვეშ მოქცეული ნახევარსარდაფით იხსნება. აივანი ექვს, მართკუთხა გეგმის სვეტს არის დაყრდნობილი, ის ჭვირული მოაჯირით არის შემოსაზღვრული, რომელშიც თხელი პროპორციის სვეტებია ჩართული. სვეტის თავები ჩუქურთმებით არის გაფორმებული. აივანი, შიდა სივრცეს თაღოვანი ღიობებით უკავშირდება, ეზოს კი, გვერდითი კედლის მიმყოლი კიბით. სარდაფის სართულს მიწის დონიდან ღრმად გაჭრილი გალერეა ერთვის. აქ მართკუთხა მოყვანილობის ღიობები თანმიმიმდევრულად არის განაწილებული. ქვედა სართული ორი სხვადასხვა ოთახისაგან შემდგარი და მარნის ფუნქციას ითავსებს. მუზეუმში საქართველოს სამხედრო ისტორიის ამსახველი მასალაა დაცული. მე-17-მე-18 სს, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამოცხადების, მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველების პოლონეთსა და საფრანგეთის არმიებში მონაწილეობის, აფხაზეთის ომის ამსახველი არტეფაქტები და ფოტოები. ერთ-ერთ დარბაზში გამოფენილია მასალა შალიკაშვილების გვარის ისტორიის შესახებ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 18381