ჩკალოვის კიბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩკალოვის კიბე
Чкаловская лестница

ხედი გეორგიევსკის კოშკის ფონზე
კოორდინატები 56°19′51″N 44°00′34″E / 56.330833° ჩ. გ. 44.009444° ა. გ. / 56.330833; 44.009444
მდებარეობა ნიჟნი-ნოვგოროდი, რუსეთი
არქიტექტორი ალექსანდრე იაკოვლევი, ლევ რუდნევი, ვლადიმირ მუნცი
ტიპი სტალინისტური არქიტექტურა
დაწყების თარიღი 1943
დასრულების თარიღი 1949
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 5201238000

ჩკალოვის კიბე (რუს. Чкаловская лестница) — მონუმენტალური კიბე ნიჟნი-ნოვგოროდის ისტორიულ ცენტრში. აკავშირებს ზემო ვოლგისა და ქვემო ვოლგის სანაპიროებს. აგებულია არქიტექტორების ალექსანდრე იაკოვლევის, ლევ რუდნევისა და ვლადიმირ მუნცის პროექტის მიხედვით[1]. ჩკალოვის კიბე რუსეთში[2] ყველაზე გრძელი კიბეა[3]. კიბე იწყება ვალერი ჩკალოვის ძეგლის ახლოს მდებარე მოედნიდან, რომელიც მდებარეობს კრემლის გეორგიევსკის კოშკთან. კიბე აგებულია რვიანის ფორმით და შედგება 560 საფეხურისაგან, თუკი ჩავთვლით რვაიანის ყველა საფეხურს. გვერდითი საფეხურების შეერთების ადგილზე გადასახედი მოედანია მოწყობილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთის იმპერიის დროიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე ტერიტორიას, რომელზეც ამჟამად ჩკალოვის კიბეებია განთავსებული ეწოდებოდა „ვოლგის ფერდობი“. ფერდობი საკმაოდ პოპულარული ადგილი იყო ნიჟნი-ნოვგოროდელებსა და ქალაქის სტუმრებს შორის. მის მწვერვალზე, იქ სადაც ამჟამად ვალერი ჩკალოვის ძეგლია, განთავსებული იყო ნახევარწრიული შვერილი, რომლიდანაც ქალაქ ბორის ხედი იშლებოდა. დაკავშირებული იყო ხარების მოედანთან (მოგვიანებით საბჭოთა, ხოლო ამჟამად მინინისა და პოჟარსკის მოედანი). აქედან იწყებოდა გეორგიევსკის სანაპირო.

პირველი იდეა ვოლგის ფერდობზე კიბის აგების შესახებ აღმოცენდა 1939 წელს გორკის ქალაქის აღმასკომის თავჯდომარის ალექსანდრე შულპინის მიერ. კიბეს უნდა დაეკავშირებინა ქალაქის ცენტრი მდინარე ვოლგასთან და მასშტაბებით უნდა გადაეჭარბებინა ოდესაში მდებარე პოტიომკინის საფეხურებისთვის. პროექტის განხორციელებას ხელი შეუშალა მალევე დაწყებულმა ომმა[4].

აღმასკომის თავჯდომარის გეგმების განხორციელება 1943 წლამდე გადაიდო. ამ წლიდან იწყება გორკის აქტიური აღდგენა ხანგრძლივი გერმანული დაბომბვების შემდეგ, შულპინი კი ისევ ამოატივტივებს თავის იდეას. ამავე წელს მას მივლინებით აგზავნიან მოსკოვში და იქ წარადგენს ლენინგრადელი არქიტექტორების შექმნილ პროექტს[4]. მოსკოვმა თანხმობა განაცხადა კიბის მშენებლობაზე და თანხა გამოჰყო კიდეც, კიბეს აშენებდნენ სტალინგრადის ბრძოლის გამარჯვების აღსანიშნავად. იგეგმებოდა, რომ თავად კიბისთვისაც ეწოდებინათ სტალინგრადის კიბე. ამავე წელს კიბის მშენებლობას საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი. მშენებლობაზე მუშაობდა ადგილობრივი მოსახლეობა და განსაკუთრებით გერმანელ ტყვეთა დიდი ნაწილი. კიბე საზეიმოდ გაიხსნა 1949 წელს. მის მშენებლობაზე აღმასკომის თავჯდომარემ გახარჯა 7 მლნ რუბლი, რისთვისაც იგი მოგვიანებით დააპატიმრეს, ხოლო სტალინის გარდაცვალების შემდეგ მოხდა მისი რეაბილიტაცია[5].

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩკალოვის კიბე წარმოადგენს ქალაქის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობას[6].

1985 წელს კიბის ძირში კვარცხლბეკზე აღმართეს ვოლგის სამხედრო ფლოტილიის კატერი „გმირი“.

კიბის უკანასკნელი რესტავრაცია მიმდინარეობდა 2012-2013 წლებში[7].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История создания Чкаловской лестницы на сайте внучки А. А. Яковлева. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-08-18.
  2. Чкаловская лестница. stage1.10russia.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-23. ციტირების თარიღი: 2017-10-26.
  3. „Чкаловская лестница в Нижнем Новгороде – история создания“. Нижегородские Новации. 2018-01-16. ციტირების თარიღი: 2018-01-22.
  4. 4.0 4.1 Чкаловская лестница — Энциклопедия Нижнего Новгорода. ციტირების თარიღი: 2015-08-18.
  5. Чкаловская лестница - самая длинная в мире. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-30. ციტირების თარიღი: 2015-08-18.
  6. Нижегородская Чкаловская лестница. aboutnizhnynovgorod.ru. ციტირების თარიღი: 2015-08-18.
  7. „Чкаловскую лестницу в Нижнем Новгороде отремонтируют к сентябрю“. РИА Новости. 2013-02-16. ციტირების თარიღი: 2015-08-18. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)