პოტიომკინის საფეხურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პოტეომკინის საფეხურები ოდესაში. მაღალი პერსპექტივა საშუალებას აძლევს მაყურებელს დაინახოს როგორც კიბეები ისე პლატფორმებიც.

პოტიომკინის საფეხურები (უკრ.: Потьомкінські східці, რუს.: Потемкинская лестница) უზარმაზარი კიბეა ოდესაში, უკრაინა. საფეხურები ქალაქის ყოფილი შესასვლელი იყო ზღვის მხრიდან და მის სიმბოლოდ ითვლებოდა. მისი თავდაპირველი სახელი იყო ბულვარის საფეხურები, უზარმაზარი კიბე ან რიშელიეს კიბე. ზედა საფეხური 12.5 მ-ია სიგანით, ხოლო ქვედა - 21.7 მ. კიბის სიმაღლე 27 მეტრია და 142 მეტრზე იშლება, თუმცა გაცილებით დიდის ილუზიას ჰქმნის. კიბე იმდენად ზუსტად არის დაპროექტებული, რომ ყურებისას ოპტიკურ ილუზიას ჰქმნის. კიბებს ზემოდან დამყურე ადამიანი მხოლოდ პლატფორმებს ამჩნევს, ხოლო საფეხურები უხილავია, მაგრამ ქვემოდან მოყურე ადამიანი კი მხოლოდ საფეხურებს ხედავს, პლატფორმები კი უხილავია. კიბეს სახელი გაუთქვა სერგეი ეიზენშტეინის 1925 წლის მუნჯმა ფილმმა „ჯავშნოსანი პოტიომკინი“.


ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

142 მეტრი სიგრძის კიბე. ფოტო გადაღებული 1890-1900 წლებს შორის, ამჟამად აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკაში.

მაღალი სტეპის პლატოზე განლაგებულ ოდესას ზღვის უბესთან პირდაპირი მისასვლელი სჭირდებოდა. კიბის აგებამდე ქალაქს უბესთან მხოლოდ შემოვლითი გზა და ხის ვიწრო კიბები აკავშირებდა. თავდაპირველი 200 საფეხურიანი კიბე 1825 წელს დააპროექტეს პეტერბურგელმა არქიტექტორებმა ავრაამ მელნიკოვმა და პოტემ. კიბის აგება 800.000 რუბლი ჯდებოდა.

1837 წელს გადაწყდა „მონსტრი კიბის“ აგება, რომლის მშენებლობა 1841 წელს დასრულდა. მშენებლობისთვის ინგლისელი ინჟინერი აპტონი დაიქირავეს. კიბისთვის მომწვანო-რუხი ქვა ტრიესტიდან (იმჟამად ავსტრიის ქალაქი) ჩამოიტანეს. ეროზიამ საფეხურების ქვა მალე გაანადგურა და 1933 წელს იგი მოვარდისფრო-რუხი გრანიტით შეცვალეს, ხოლო პლატფორმებზე ასფალტი დააგეს. პორტის გაფართოებისას რვა საფეხური ქვიშაში დაიკარგა, რამაც მათი საერთო რაოდენობა 192-მდე დაიყვანა, 10 პლატფორმით.

კიბის მარცხენა მხარეს 1906 წელს ფუნიკულიორი აიგო, როგორც საფეხურების ალტერნატივა. 50 წლის მუშაობის შემდეგ ფუნიკულიორი დაძველდა და 1970 წელს ესკალატორით შეიცვალა. ესკალატორი 1990-იენებში მოიშალა და 2004 წელს ის ისევ ახალი ფუნიკულიორით შეიცვალა.

1955 წელს პრიმორსკის საფეხურებს პოტიომკინის საფეხურები დაარქვეს ჯავშნოსანი პოტიომკინის აჯანყების 50 წლისთავის აღსანიშნავად. უკრაინის დამოუკიდებლობის შემდეგ პოტიომკინის საფეხურებს თავდაპირველი სახელი დაუბრუნდა, თუმცა ოდესელთა უმრავლესობა მას მაინც ძველი საბჭოთა სახელით მოიხსენიებს.