ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“
Записки из подполья

„ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ ინგლისურ ენაზე
ავტორი ფიოდორ დოსტოევსკი
ქვეყანა რუსეთი
ენა რუსული
ჟანრი რომანი
გამოცემის თარიღი 1864

ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან ან იატაკქვეშეთის ჩანაწერები (რუს. Записки из подполья) — რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის 1864 წელს გამოცემული რომანი. ბევრი მას პირველ ეგზისტენციალისტურ რომანად მიიჩნევს.

რომანი შედგება ერთმანეთისგან სტილისტურად საკმაოდ განსხვავებული ორი ნაწილისგან: პირველი მათგანი ესსეს მსგავსია, მეორე კი თხრობითია და ნოველას წააგავს. მთავარი გმირი და პირველ პირში მთხრობელია უსახელო, 40 წლის ჩინოვნიკი. მისი ცხოვრებისეული სიტუაციიდან მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მან დატოვა სამსახური, ცხოვრობს სანქტ-პეტერბურგის გარეუბნის ერთ-ერთ სარდაფში, აქვს მწირი საარსებო შემოსავალი და მოკრძალებული მემკვიდრეობა. პირველი თავი ეხება მის მოსაზრებებს საზოგადოებაზე და მის ხასიათს. საკუთარ თავს ახასიათებს როგორც უზნეოს, ღატაკსა და უგვანოს; მისი პოლემიკისა და მჭერმეტყველების მთავარი მიზანია „თანამედროვე ადამიანი“ და თვითშექმნილი საზოგადოება, რომელსაც ის მკაცრად და ცინიკურად აფასებს, მის მიმართ გამოხატავს აგრესიასა და შურისმაძიებლურ განცდებს. საკუთარი დაღმასვლა მას ბუნებრივად და აუცილებლობად მიაჩნია. ამავე დროს, ის ხაზს უსვამს, რომ არ გეგმავს ამ ჩამაწერების გასაჯაროებას. მთხრობელი არაერთხელ მიმართავს აუგად მოხსენიებულ საზოგადოებას, რომელთა კითხვებითაც ის საკუთარი პოზიციების ჩამოყალიბებას ცდილობს.

მეორე ნაწილში ის განსხვავებულად ყვება, თავისი ცხოვრების ძველ ამბებს, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მის კარიერულ წარუმატებლობაში, ისევე როგორც პირად და სასიყვარულო ცხოვრებაში. მაგალითად, იგი ყვება თუ როგორ შეხვდა ძველ, სკოლისდროინდელ მეგობრებს, რომლებსაც მისგან განსხვავებით ცხოვრებამ მეტად გაუმართლად, მოწინავე პოზიციებზეც არიან და მას დიდი შემწყნარებლობით იღებენ. მისი აგრესია ამჯერად საკუთარი თავისკენ მიემართება და ცდილობს უფრო მეტად დაამციროს საკუთარი თავი. ამავე დროს, ის საკუთარ თავს დაბალი კლასის საზოგადოებას არ მიაკუთვნებს: წარმოიდგენს, რომ მას შეუძლია გადაარჩინოს ღარიბი მეძავი ლიზა და უარი თქვას საკუთარი თავის დაცინვაზე, იმ დროს როცა ლიზა სწორედ მასზე ამყარებს იმედებს. ნაწარმოებს დოსტოევსკი მოკლე კომენტარს ურთავს, სადაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყველა პერსონაჟი და ისტორია გამოგონილია, მსგავსი მოქმედება შესაძლოა მოხდეს არა მხოლოდ თანამედროვე საზოგადოებაში, არამედ ხშირად იგი გარდაუვალია.

„ჩანაწერები მიწისქვეშეთიდან“ ძალიან გავლენიანი აღმოჩნდა ფილოსოფოსთათვის. მანვე დიდი გავლენა მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურაზე.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Halliwell, Martin (2006). Transatlantic Modernism: Moral Dilemmas in Modernist Fiction. Edinburgh University Press, გვ. 13. ISBN 0-7486-2393-0. 
  2. Eysteinsson, Ástráður (1990). The Concept of Modernism. Cornell University Press, გვ. 29. ISBN 0-8014-8077-9.