ჩალაუბნის მთავარანგელოზთა ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩალაუბნის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანში.

ნაგებობა ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ ფენას შეიცავს. თავდაპირველი, სავარაუდოდ, განვითარებულ შუა საუკუნეებს ეკუთვნის. ის რიყის მოზრდილი ქვის ირეგულარული წყობით არის აგებული. კედლები, ორივე მხრიდან, შებათქაშებულია. გარეთა კუთხეებში, შირიმის ცალკეული ქვებია ჩართული. განახლებული ნაწილები მთლიანად აგურისაა. შესასვლელი დასავლეთიდან არის წარმოდგენილი, მისგან ჩრდილო წირთხლი და მასზე დაყრდნობილი შეისრული თაღის გვერდია. ღიობი შიგნიდან ხით იყო დახურული. ეკლესიის დარბაზის განივი ღერძი, გრძივს მცირედით აღემატება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი ერთვის, რომლის სიღრმეც დარბაზის სიგრძის ტოლია. საკურთხევლის შუა ღერძზე ვიწრო სარკმელია გაჭრილი, რემონტის შემდეგ, ის შიგნიდან დაავიწროვეს. ღიობის ჩრდილოეთით სწორკუთხა ნიშაა დატანილი, ქვემოთ კი, კედელზე, ქვით ნაგები ტრაპეზია მიდგმული. მისგან ნაშთია შემორჩენილი. შეკეთების დროს, კონქი მთლიანად აგურით გადაიხრურა. დასავლეთ კედელში სარკმლის კვალი იკითხება. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ, წყობაში, შირიმის ბრტყელი ქვაა ჩასმული, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა დატანილი. აღნიშნული ქვის ქვემოთ, ერთ დონეზე, ერთმანეთთან ახლოს, ორი პატარა გირჩია წარმოდგენილი. კიდევ ერთი ქვა, ჯვრის გამოსახულებით, ფასადის ფრონტონის არეში იყო მოქცეული, დღეისათვის, ის, ჩამოვარდნილია. დასავლეთ ფასადის ზედა ნაწილი, შირიმის ტლანქად დამუშავებული ფილებით არის შემოსილი. მორთულობის ერთი ქვა, შესასვლელის ზემოთ, აღნიშნულ ფასადზეც, იყო განთავსებული. ნაგებობის კონსტრუქციული სიმყარისთვის, ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძე, და დასავლეთ კედლის ჩრდილო ნახევარზე, რიყის ქვით ნაშენი თხელი კედელია მიშენებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 22777