ჩაგარ-ბაზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაგარ-ბაზარი — მრავალფენიანი ნამოსახლარი ხაბურის ველზე, სირიაში. გათხარეს 1934-1936 წლებში (მაქს მელოუენი). შეიცავდა 15 კულტურულ ფენას. უძველესი დასახლება (XV-XIII ფენები) ეკუთვნის ძვ. წ. 6000-5500 წლებს. ამ დროს ჩაგარ-ბაზარის რეგიონში მოხდა ჰასუნის ტიპის (ერაყული) მოხატული კერამიკისა და დასავლური (სირიული) თუ აღმოსავლური ხმელთაშუაზღვისპირული ნეოლითური კერამიკის შეხვედრა. აქ გამოყოფენ 3 ჯგუფს. ჰალაფის კულტურის პერიოდში (ძვ. წ. 5400-4800) ჩაგარ-ბაზარი ამ კულტურის დასავლური ვარიანტის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ სამოსახლოს წარმოადგენდა. ჰქონდა ქვის საძირკველზე აგურით ნაგები გუმბათისებურსახურავიანი მრგვალი სახლები (ე. წ. თოლოსები). მეურნეობის მთავარი დარგები იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. ქვედა ფენაში ნაპოვნია თვითნაბადი სპილენძის მძივები. საგარეო გაცვლა-გამოცვლაზე მიუთითებს ობსიდიანის, ნიჟარებისა და სხვა ნივთების აღმოჩენა. ნაპოვნია (ძვ. წ. III ათასწლეულის შუა წლები) ამუკის II ფაზის ტიპის თასები და კათხები, თილ-ბარსიბის ტიპის სამფეხა თასები. დამწერლობამდელი (წინააქადური) ხანის სამოსახლო სოფლის ტიპისა იყო. ძვ. წ. 2300-2100 წლებისთვის დამახასიათებელია ალიზის სახლები. ზედა დონეზე (ძვ. წ. 2100-2000 წლები) მიწისძვრის შედეგად მოხდა დესტრუქცია. ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევარში გაჩნდა ლურსმული დამწერლობა. აღმოჩენილია სპილენძის შუბისპირი, საკინძები, ბრტყელი ცული; პირზე წყვილნაჩვრეტიანი შუბისპირი (ძვ. წ. 2100-1900 წლები); ფიგურული ცული (ძვ. წ. 1750 წლის შემდეგ). ძვ. წ. 1900-1500 წლების ქრონოლოგიური წყვეტილის შემდეგ სამოსახლოზე ცხოვრება განახლდა. ძვ. წ. 1500-1350 წლებისთვის დამახასიათებელია ე. წ. ხაბურის ტიპის ხაზოვანი ორნამენტით შემკული კერამიკა, მასრიანი შუბისპირი, სხვადასხვა სატევარი და ა. შ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]