შარლ I დე კოსე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარლ I დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი (ფრანგ.: Charles I de Cossé, comte de Brissac) (* 1505; † 31 დეკემბერი 1563, პარიზი) - იყო ფრანგი მხედართმთავარი და დიპლომატი, საფრანგეთის მარშალი.

შარლ დე ბრისაკმა თავი მრავალ ბრძოლაში გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა და ჩინებულმა სარდალმა. 1542 წელს იგი ქვეითი ჯარის გენერალ-მაიორი გახდა, 1453 წელს პიემონტის წინააღმდეგ ომში სარდლობდა მსუბუქ კავალერიას. 1544-1546 წლებში შამპანსა და ფლანდრიაში იბრძოდა ინგლისელების და წმინდა რომის იმპერიის ჯარების წინააღმდეგ. 1547 წელს არტილერიის გრან-მეტრი გახდა.

საფრანგეთის მეფის ანრი II კარზე იგი მალე დაწინაურდა, როგორც ნიჭიერი დიპლომატი და მოქნილი სახელმწიფო მოღვაწე. მის დაწინაურებაში დიდი წვლილი შეიტანა მეფის ფავორიტმა დიანა დე პუატიემ. 1550 წელს იგი პიემონტის გუბერნატირად დაინიშნა და საფრანგეთის მარშლის წოდება მიენიჭა. 1559 წელს პიკარდიის გუბერნატორად იქნა დანიშნული, 1562 წელს პარიზის სამხედრო კომენდანტად და 1563 წელს ნორმანდიის გუბერნატორად.

იგი გარდაიცვალა 1563 წლის 31 დეკემბერს პარიზში.

შარლ დე ბრისაკის ძმა, არტიუ-არნო დე კოსე, გრაფი დე სეკონდინიც საფრანგეთის მარშალი იყო. ერთი ვაჟი, ტიმოლეონ დე კოსე, გრაფი დე ბრისაკი 1569 წელს დაიღუპა პერიგორში, მიუკიდანთან ბრძოლაში, მეორე ვაჟი შარლ II დე კოსე, ჰერცოგი დე ბრისაკი და საფრანგეთის მარშალი იყო.

მარშალი ტიმოლეონ დ’ეპინე, მარკიზი დე სენ-ლიუკი მისი შვილიშვილი იყო.