ყაზი-მუჰამადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზი-მუჰამადი
დაბადების თარიღი 1794/1795
დაბადების ადგილი გიმრი
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1832
გარდაცვალების ადგილი გიმრი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება ავარი
რელიგია ისლამი
საქმიანობა დაღესტნისა და ჩეჩნეთის იმამი

ყაზი-მუჰამადი (ყაზიმოლა; სრული სახელი — ყაზი-მუჰამად ბინ მუჰამად ბინ ისმაილ ალ-გიმრავი ად-დაღისტანი; დ. 1794 ან 1795, გიმრი, ავარეთი, ახლანდ. უნცუყულის რაიონი, დაღესტანი, — გ. 17 ოქტომბერი, 1832, იქვე) — დაღესტნისა და ჩეჩნეთის პირველი იმამი, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის ხელმძღვანელი კავკასიის ომის დროს.

პირველი იმამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ავარელი (ხუნძი) უზდენების (თავისუფალი მეთემეების) ოჯახში. მუსულმანური სასულიერო განათლება დაღესტნის ცნობილი ულემების და სუფიების შეიხების (საიდ არაყანელი, მუჰამად იარაღელი, ჯემალედინ ყაზიყუმუხელი) ხელმძღვანელობით მიიღო. თავდაპირველად მშობლიური აულის, გიმრის იმამი იყო, 1828 ან 1829 წელს კი მთელი დაღესტნის პირველ იმამად აირჩიეს. მისი გავლენა ჩეჩნეთშიც ვრცელდებოდა. იმამად არჩევის შემდეგ ყაზი-მუჰამადმა რუსეთის იმპერიას, რომელიც თავისუფალი მთიელი ხალხების დამორჩილებას ცდილობდა, ღაზავათი („საღვთო ომი“) გამოუცხადა. ის მთიელთა თემების უხუცესებისგან ითხოვდა შარიათის პრინციპების ერთგულებაზე ფიცის დადებას, მთის ტრადიციულ კანონებზე (ადათებზე) უარის თქმას და რუსებთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას. მთის საზოგადოებებში შარიათის კანონის საყოველთაო დამკვიდრების მიზნით მიმართავდა რეპრესიულ ღონისძიებებს ადგილობრივი წარჩინებულების მიმართ (მისი ბრძანებით მოკლეს 30-ზე მეტი გავლენიანი ბეგი). ყაზი-მუჰამადმა საფუძველი ჩაუყარა კავკასიის მომავალი საიმამოს მმართველობის სტრუქტურას, რომელიც საბოლოოდ მისმა მიმდევარმა, შამილმა ჩამოაყალიბა.

„საღვთო ომი“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1830 წლის თებერვალში ყაზი-მუჰამადმა რუსეთისა და იმპერიის მიმართ ლოიალურად განწყობილი მთიელი ფეოდალების წინააღმდეგ „საღვთო ომის“ ლოზუნგით აქტიური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. იმავე წელს წარუმატებლად გაილაშქრა ავარიის სახანოს დედაქალაქის — ხუნძახის დასაკავებლად. 1831 წელს მან შეძლო ტარკის საშამხლოს კუთვნილი დასახლებების — ფარაულისა და ტარკის — აღება და შეუტია რუსული გარნიზონის მიერ გამაგრებულ ციხესიმაგრე ბურნაიას, მაგრამ მისი დაკავება ვერ მოახერხა (თუმცა რუსულმა გარნიზონმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა). ამის შემდეგ მოაწყო თავდასხმები დერბენდსა და ყიზლარზე, რომელიც მისმა ლაშქარმა გაძარცვა.

1832 წელს ვლადიკავკაზთან და ნაზრანთან ყაზი-მუჰამადი დამარცხდა, მისი ლაშქარი დაიშალა და იმამის ავტორიტეტი მნიშვნელოვნად შეირყა. ამან აიძულა ყაზი-მუჰამადი რუსების წინააღმდეგ აქტიური საომარი მოქმედებები შეეწყვიტა და დაღესტნის მთებში გამაგრებულიყო. 1832 წლის ოქტომბერში რუსეთის ჯარებმა ბარონ გრიგოლ როზენის სარდლობით ყაზი-მუჰამადი ალყაში მოაქციეს მის მთავარ სიმაგრეში, აულ გიმრიში. სასტიკ ბრძოლაში ყაზი-მუჰამადი და მისი მიმდევრების (მიურიდების) უმეტესობა დაიღუპა. იმამის უახლოესი გარემოცვიდან მხოლოდ მძიმედ დაჭრილმა შამილმა შეძლო გაქცევა. ყაზი-მუჰამადის მემკვიდრე ჰამზათ-ბეგი გახდა. რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ყაზი-მუჰამადი დაკრძალეს ტარკიში (გიმრში მომლოცველობის თავიდან აცილების მიზნით), 1843 წელს კი შამილის ბრძანებით გიმრში გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Бер­же А. П. Ка­зи-Мул­ла // Кав­каз. 1868. № 10; Дви­же­ние гор­цев Се­ве­ро-Вос­точ­но­го Кав­ка­за в 20–50 гг. XIX в. Сб. до­ку­мен­тов. Ма­хач­ка­ла, 1959;
  • Му­хам­мед-Та­хир аль Ка­ра­хи. Блеск да­ге­стан­ских са­бель в не­ко­то­рых ша­ми­лев­ских бит­вах. Ма­хач­ка­ла, 1990;
  • Бли­ев М. М., Де­го­ев В. В. Кав­каз­ская вой­на: [1817–1864 гг.]. М., 1994;
  • Гази-Магомед დაარქივებული 2020-10-08 საიტზე Wayback Machine. / В. М. Муханов // Большая российская энциклопедия;
  • Gammer, Moshe. Muslim Resistance to the Tsar: Shamil and the Conquest of Chechnia and Daghestan. London: Frank Cass, 1994.