ქუთაისის რეალური სასწავლებელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქუთაისის რეალური სასწავლებელი
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ნეოკლასიციზმი
ქვეყანა საქართველო
მდებარეობა ქუთაისი
მფლობელი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დაიწყო 1900
გაიხსნა 1905
არქიტექტორ(ებ)ი ფონ-შულცი

ქუთაისის რეალური სასწავლებელი — ისტორიული სასწავლებელი ქუთაისში, ამჟამად შენობაში განთავსებულია ქუთაისის სახელმწფიო უნივერსიტეტი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებელი 1897 წელს გაიხსნა (1874 წლიდან არსებული პროგიმნაზიის საფუძველზე). თავდაპირველად კერძო სახლებში განთავსებული სასწავლებლისთვის შენობა 1900-05 წლებში აიგო სამხედრო ინჟინრის, ფონ-შულცის პროექტით; ქვითხუროები, ძირითადად, ბერძნები ყოფილან. 1933 წლიდან შენობაში ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი განთავსდა, 1988 წელს - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახ. უნივერსიტეტი (თამარ მეფის ქ. #59).

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასწავლებლის შენობები ნეოკლასიცისტური სტილისაა. ცენტრალური შესასვლელი ტიციან ტაბიძის ქუჩისპირა ბაღში გამავალ კორპუსშია მოთავსებული. შენობის შუა, რიზალიტებით ფლანკირებულ ნაწილს პორტიკი, ფსევდორუსტიკით დანაწევრებული გიგანტური პილასტრები, მეორე სართულის გიგანტური, მეანტრის ზოლით გაყოფილი სარკმლები და კრონშტეინებითა და კბილანებით შემკული კარნიზი გამოარჩევს. კბილანები ამკობს რიზალიტების სართულშუა სალტესაც. ნაგებობას დისკოებით შემკული მაღალი პარაპეტი ასრულებს.

თამარ მეფის ქუჩისპირა სამსართულიანი კორპუსის ფასადის გაფორმებას ქალაქში პარალელი არ მოეძებნება. რელიეფური რუსტიკით შემკულ პირველ სართულს, მეორე სართულის გრაფიკული რუსტიკა და მესამეს გლუვი ზედაპრინი ენაცვლება. ორი ერთნაირი, მოდერნის ყაიდაზე ტრაპეციულად მოჩარჩოებული კიდურა კარი ფრონტონით დასრულებულ რიზალიტებშია გაჭრილი, რომელთა მესამე სართულის სარკმლები სამსვეტიან ლოჯიაშია მოქცეული. შენობას სამ-სამად დაჯგუფებული ვიწრო სწორკუთხა სარკმლების წყება მოუყვება. კედლის წითლად შეღებილი მონაკვეთები, წითელი და შავი, მოხატული და ინკრუსტირებული მეანდრისა და სხვადასახვაგვარი პალმეტების ზოლები ფასადს განსაკუთრებულ ცხოველხატულობას ანიჭებს. ეზოსკენ კორპუსები მხოლოდ ღიობთა რიგებითა და რუტიკითაა დანაწევრებული.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა 1880-იან წლებშია აგებული. იგი ონისიმე მდივანმა აუშენა თავის ორ ქალიშვილს, მარიამ ერისთავისას (ნიკოლოზ ერისთავის ვაჟის, სევასტის მეუღლე) და ელისაბედ წულუკიძისას. 1890-იან წლებში შენობაში ვაჟთა პროგიმნაზია იყო განთავსებული, შემდეგ - რეალური სასწავლებელი.

ჰორიზონტალურად გაშლილი, ორსართულიანი შენობის ყვითელი ეკლარის ფასადზე არქიტექტურული ელემენტები ვარდისფერი ქვითაა გამოყოფილი. ნაგებობის კიდეებში მოთავსებულ, ფრონტონებით დასრულებულ, ძლიერად შვერილ რიზალიტებში სადარბაზო კარებია გაჭრილი. ფასადის ძირითად ნაწილზე სიმეტრიის ღერძი რუსტიკის ვერტიკალური ზოლით არის აღნიშნული. დიდი თაღოვანი ღიობებით გასხნილ მეორე სართულს მძლავრ კრონშტეინებზე დაყრდნობილი ქვის ორი აივანი ამკობს. ღიობთა პრფილირებული საპირეების არქივოლტები რუსტირებული ქვებით არის დაყოფილი. პირველი სართული პროფილირებული შეტეხილი მოჩარჩოების მქონე სწორკუთხა სარკმლებითაა დანაწევვრებული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "საქართველოს უძველესი ქალაქები: ქუთაისი", 2006, ISBN 99940-0-923-0