ქართლის ცხოვრების გაგრძელება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება:

  • დაახლოებით XVIII საუკუნის 20-იან წლებში შედგენილი თხზულება (გამოცემებში და სამეცნიერო ლიტერატურაში ზოგჯერ არასწორად „ახალ ქართლის ცხოვრებას“ უწოდებენ). შეადგინა სწავლულ კაცთა კომისიამ. მასში გადმოცემულია XIV—XVII საუკუნეების საქართველოს ისტორია. თხყულების ტექსტი შემონახული „ქართლის ცხოვრების“ ჯანაშვილისეულ, ჭალაშვილისეულ და მაჩაბლისეულ ნუსხებში. „ქართლის ცხოვრების“ გაგრელების შედგენის დროს „სწავლულმა კაცებმა“ ისარგებლეს ზეპირი და წერილობითი წყაროებით. კერძოდ, მათ გამოიყენეს გადმოცემები და თვითმხილველითა მონათხრობი, ქართული მატიანეები, ისტორიული პოემები და სიგელ-გუჯრები, აგრეთვე სპარსული და სომხური საისტორიო თხზულებები.

ვახუშტი ბატონიშვილმა ბევრი შეცდომა იპოვა „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელებაში, მკაცრად გააკრიტიკა ის და საჭიროდ ჩათვალა თვითონ დაეწერა XIV—XVIII საუკუნეების საქართველოს ისტორია. თუმცა „სწავლულ კაცებს“ მიზნად ჰქონდათ მთელი საქართველოს ისტორიის გადმოცემა, მაგრამ მათ თხზულებაში მხოლოდ ქართლის თავგადასავალია აღწერილი: თხრობა დასათაურებული არ არის, ხშირია ქრონოლოგიური შეცდომები და ა. შ. მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა, „ქართლის ცხოვრების“ გაგრძელება საყურადღებო მასალას შეიცავს XIV—XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიისათვის; ის XVIII საუკუნის ქართული ისტოგრაფაფიის ღირსშესანიშნავი ძეგლია.

თხზულება 3-ჯერ არის გამოცემული — მ. ჯანაშვილის (1907, ნაკლული ტექსტი), ი. ჯავახიშვილისა (1940) და ს. ყაუხჩიშვილის მიერ (1939).

  • „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება შედგენილია უცნობი პირის მიერ XVIII საუკუნის 30-იან წლებში (სხვა მოსაზრებით, 60-იან წლებში, ვახუშტის კრიტიკის შედეგად) და შეიცავს XIII—XVII საუკუნეების დამდეგის საქართველოს იატორიას (ზოგჯერ თხზულების მეორე ნაწილს, ისტორიას 1454 წლიდან, ცალკე ნაწარმოებად მიიჩნევენ). ავტორმას საფუძვლად აიღო „სწავლულ კაცთა“ თხზულება, გადააკეთა და შეავსო ის ქართული, სპარსული და სომხური წყაროების ცნობებით. ტექსტი შემონახულია „ქართლის ცხოვრების“ ბარათაშვილისეულ, დადიენისეულ, სხვიტორულ და ფალავანდიშვილისეულ ნუსხებში.


  • „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება 3-ჯერ არის გადმოცემული (მარი ბროსე, დავით ჩუბინაშვილი, 1849—1854; ექვთიმე თაყაიშვილი, 1906; ს. ყაუხჩიშვილი, 1959. ამ უკანასკნელში „სწავლულ კაცთა“ კომისიის ნაშრომი დაბეჭდილია „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტის სახელწოდებით, ხოლო „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელება — ორ ნაშრომად — მეორე და მესამე ტექსტის სახელწოდებით).
  • „ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთ გაგრძელებად ითვლება ე. წ. „ცხოვრება საქართველოჲსა“ (პარიზის ქრონიკა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლია კ. ნარკვევები საქართველოს ისტორიის წყაროთმცოდნეობიდან, ნაწ. 1 — ახალი ქართლის ცხოვრება, თხ., 1954;
  • კიკნაძე რ., „ქართლის ცხოვრების“ გადაკეთებული გაგრძელების წყაროების საკითხისათვის. «ქართული წყაროთმცოდნეობა», 1969, ტ. 2;
  • ჯავახიშვილი ივ., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა:თხზულებანი თორმეტ ტომად. ტ. 8, თბ., 1977;