ფსორიაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფსორიაზით დაავადებული ადამიანის ზურგი და მხრები

ფსორიაზი (ბერძნ. psoriasis — ქავილი, მუნი) იგი ადამიანის კანის ერთ-ერთი გავრცელებული ქრონიკული დაავადება.

გავრცელება[რედაქტირება]

ზუსტი ცნობები საქართველოში დაავადების გავრცელების შესახებ არ არსებობს, მაგრამ 1998-2000 წლებში კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ანალიზით დერმატოზებს შორის მისი ხვედრითი წილია 3,0-3,5%. აშშ-ში მოსახლეობის 2% არის ფსორიაზით დაავადებული. იგი თანაბრად გვხვდება კაცებსა და ქალებს შორის და ვლინდება 10-დან 40 წლამდე ასაკში, თუმცა მისი საწყისი გამოვლენა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში.

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება]

დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ არსებობს აზრი, რომ იგი განპირობებულია მემკვიდრული ფაქტორით (გენეტიკური განწყობილება). იმუნოსუპრესული პრეპარატების დადებითი ეფექტის გამო ვარაუდობენ, რომ დაავადების პირველადი პათოგენეზური ფაქტორი შეიძლება იმუნოლოგიური იყოს. გარემო ფაქტორებს შეუძლია ფსორიაზის პროვოცირება ან გამწვავება. მაგალითად, იგი შეიძლება განვითარდეს ტრავმის ადგილზე (კებნერის ფენომენი), როგორიცაა განაკაწრი, ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჭრილობა, დამწვრობა, აგრეთვე, ვირუსული ინფექციის, წამლისმიერი ალერგიული რეაქციის, ზოგიერთი ადგილობრივი და სისტემური მედიკამენტების (მაგ. ანტიმალარიული პრეპარატები, ლითიუმი, ბეტა-ბლოკატორები, ინტერფერონ-ალფა). სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ.

ზოგიერთ პაციენტს (განსაკუთრებით ბავშვებს) ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება გაუჩნდეს ზედა სასუნთქი გზების სტრეპტოკოკული ინფექციების გადატანის შემდეგ. სხვა ფაქტორებს, რომელთაც შეუძლიათ ფსორიაზის გამწვავება, მიეკუთვნება სტრესი, მუდმივი ემოციური დაძაბულობა, ალკოჰოლიზმი.

კლინიკური ფორმა[რედაქტირება]

დაავადებას სხვადასხვა კლინიკური ფორმა ახასიათებს. ყველაზე ხშირია ბალთოვანი ფსორიაზი. ტიპიური ფსორიაზული ბალთა წარმოადგენს შემოსაზღვრულ წრიულ ან ოვალურ ინფილტრირებულ ჰიპერემიულ გამონაყარს, რომელიც დაფარულია მოვერცხლისფრო-თეთრი ქერცლით. იგი ლოკალიზებულია თავის თმიან მიდამოში (ყურების უკან), კიდურების მომხრელ ზედაპირებზე (უპირატესად იდაყვებზე და მუხლებზე), დუნდულებზე, გავის არეში და სასქესო ასოზე. შეიძლება დაზიანება აღინიშნებოდეს ფრჩხილებზე, წარბებზე, იღლიებში, ჭიპისა და ანოგენიტალურ მიდამოებში.

იშვიათად დაავადება განიცდის გენერალიზაციას. ქავილი არ არის დამახასიათებელი. ფრჩხილების დაზიანება აღენიშნება პაციენტთა 30-50% და კლინიკურად წააგავს სოკოვან ინფექციას. ფრჩხილის დაზიანება ხშირად წინ უსწრებს კანზე გამონაყარს და შეიძლება წარმოდგენილი იყოს ფრჩხილის ფირფიტაზე სათითესმაგვარი ჩანაჭდევებით, ონიქოლიზისით (ფრჩხილის ფირფიტის აცლა ფრჩხილის საწოლიდან), ფრჩხილქვეშა ჰიპერკერატოზით, დაზოლვით, სისხლჩაქცევებით და სხვ.

სხვა კლინიკური ფორმებიდან მნიშვნელოვანია ფსორიაზული ართრიტი, რომელიც პაციენტთა 5-10% აღენიშნება და შეიძლება გამოხატული იყოს ერთი ან რამდენიმე სახსრის ანთებით. ერითროდერმული ფსორიაზის (ექსფოლიაციური ფსორიაზული დერმატიტი) შემთხვევაში კანის მთელი საფარი წითელია და დაფარულია ნაზი ქერცლებით. ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არც იყოს. მას შეიძლება თან ახლდეს ზოგადი სისუსტე და საჭირო იყოს სტაციონარული მკურნალობა.

პუსტულოზური ფსორიაზი ხასიათდება სტერილური პუსტულებით ხელის და ფეხის გულებზე (ბარბერის ფსორიაზი), ან მთელ სხეულზე (ვონ ცუმბუშის ტიპი), ტიპიური ფსორიაზული გამონაყარი შეიძლება არ იყოს.

ნაოჭების ფსორიაზი აზიანებს ინტერტრიგინოზულ არეებს იღლიის, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლის არეების ჩათვლით. იგი ჩვეულებრივ უფროსი ასაკის ავადმყოფებში გვხვდება. ხელისა და ფეხის გულების ფსორიაზი შესაბამისი ლოკალიზაციისაა და გამოხატულია ჰიპერკერატოზით, ან შეიძლება შედგებოდეს პუსტულების ლოკალური ჯგუფებისაგან. წვეთისებური ფსორიაზი გვხვდება ახალგაზრდა ასაკში, ვითარდება მწვავედ, განსაკუთრებით ყელის მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციის შემდეგ. იგი ლოკალიზებულია სხეულზე და კიდურებზე გაფანტულად მდებარე მცირე ზომის პაპულების სახით.

დიაგნოზი[რედაქტირება]

ტიპიურ შემთხვევაში დიაგნოზის დასმა ადვილია მხოლოდ დათვალიერებით. კანის ბიოფსია არ იძლევა სპეციფიურ დამაჯერებელ დასკვნას. დიაგნოზის დასმაში გვეხმარება ფსორიაზული ტრიადის განსაზღვრა, ოჯახური ანამნეზის არსებობა და კებნერის დადებითი რეაქცია კანის ტრავმირების დროს. დაზიანებული ფრჩხილები უნდა შემოწმდეს თანდართულ სოკოვან ინფექციაზე. გამომდინარე იქედან რომ ფსორიაზის გამომწვევ მიზეზებზე მეცნიერები დღემდე დაობენ, მისიგან სრული განკურნება შეუძლებელია. თუმცა სწორი მკურნალობით შესაძლებელია მისი გაკონტროლება და ხანგრძლივი რემისიული პერიოდების მიღწევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]