ფსალმუნნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ფსალმუნი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსალმუნნი დავითისა, ფსალმუნნი (ებრ. תְּהִלִּים or תהילים, „psállein“, „ციტრის ხმაზე გალობა“) ფსალმუნი, დავითი, დავითნიძველი აღთქმისა და ბიბლიის მეცხრამეტე კანონიკური ფსალმუნთა წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც. შედგება 150 პოეტური ნაწარმოებისაგან, რომელთაგან 73-ის ავტორობა ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, მეფე დავითს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომელთა უდიდესი ნაწილი ქრისტეს შობაემდე X-III საუკუნეებში შეიქმნა და ხშირად კიდევ უფრო ძველ პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონის ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდებოდა იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოოდ რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაულ ძველ აღთქმაში III ნაწილის (ქეთუბიმ) I წიგნად. ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც — 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად, შესაძლოა, „მოსეს ხუთწიგნეულის“ მიბაძვით. ფორმითა და შინაარსით ის ძველ აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი ქანაანური პოეზიის ტრადიციით შეპირობებულ კანონებს მისდევს, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა უგარითული ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (XX საუკუნის 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ მისი სირთულითაც; არქაიზმებისა და რთული პოეტური სახეების გამო ტექსტი არასწორად ესმოდათ. ებრაულ ფსალმუნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაული ლიტურგიისათვის; ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაშიც ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნათარგმნი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა გავრცელდა. ხუთწიგნეულის მაგალითით ის პირობითად ხუთ წიგნად არის დაყოფილი: 1-41; 42-72; 73-89; 90-106; 107-150. არაერთ ფსალმუნს დასაწყისში მოცემული აქვს სათაური, რომელიც მიუთითებს:

  • I — ნაწარმოების ჟანრს;
  • II — მუსიკალურ ტონალობას ან ინსტრუმენტს, რომელზეც უნდა შესრულდეს აკომპანიმენტი;
  • III — ნაწარმოების ლიტურგიულ დანიშნულებას;
  • IV — ავტორს;
  • V — ნაწარმოების შექმნის ისტორიულ გარემოებებს.

ჟანრობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება: ისრაელის ისტორიასა თუ ბუნებაში გამომჟღავნებული ღმერთის სიდიადის სადიდებელი ფსალმუნები (8; 9; 23; 77; 98; 100; 104; 105; 106); სამადლობელი (მაგ., 66; 116; 136), მონანიებისა და გოდების საგალობლები (მაგ., 6; 7; 13; 22; 31; 38; 51; 63; 86; 130); კრულვის ფსალმუნები (35, 1-8; 58; 60,23-29; 109,6, შმდ). ფსალმუნთა განსაკუთრებულ ჯგუფებს განეკუთვნება ჰალელის (113-118; 136; 146-150), მომლოცველობის (120- 134) და აღსაყდრების თემისადმი (47; 93; 96; 97; 98; 99) მიძღვნილი ფსალმუნები. ახალ აღთქმაში სხვადასხვა ფსალმუნები მესიანურად განიმარტა (მაგ., 2; 22; 69; 72; 110) ან ღმერთის, როგორც სამყაროს მეუფის ესქატოლოგიური განდიდების კუთხით იქნა განხილული (ასეთებია, მაგალითად, აღსაყდრებისადმი მიძღვნილი ფსალმუნები).

ქართულად ფსალმუნი პირველად IV—V საუკუნეებში უნდა იყოს ნათარგმნი. ხანმეტ ლექციონარში (VII ს.) არის მითითება ფსალმუნების გალობაზე. ჩვენამდე მოღწეული უძველესი ტექსტები X საუკუნისაა და ორ, ერთმანეთთან ახლო მდგომ რედაქციას შეიცავს, ამ რედაქციათა საერთო ფენა უძველესი თარგმანისაა; საბოლოო სახე VIII საუკუნეში აქვთ მიღებული. „ქართული დავითნის“ სახელით ცნობილი ძველი ვერსიები საეკლესიო პრაქტიკიდან უკვე XI საუკუნეში მთლიანად გიორგი მთაწმიდლისეულმა ფსალმუნმა, რომელსაც თვითონ ახალ თარგმანს უწოდებს. სინამდვილეში მან რედაქცია გაუკეტა „ქართულ დავითნს“ და ნაწილობრივ შეცვალა იგი, რათა მოესპო ტექსტში სირიულ-სომხური გავლენის კვალი და ბერძნულილისათვის დაეახლოვებინა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • შანიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, გვ. 408, თბ., 1978 წელი.
  • „ქრისტიანობის ლექსიკონი“ (პიერო პეტროზილო), თბილისი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2011 წელი, გვ. 434.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]