ფრეკენ ჟული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრეკენ ჟული
ავტორი ავგუსტ სტრინდბერგი
პერსონაჟები ფრეკენ ჟული, ჟანი, კრისტინი
პრემიერა 1906
პრემიერის ადგილი სტოკჰოლმი
ენა შვედური
ჟანრი ნატურალიზმი

ფრეკენ ჟული (შვედ. Fröken Julie) — ავგუსტ სტრინდბერგის 1888 წლის ნატურალისტური დრამა. მოქმედება შვედეთში, ბუნიობის საღამოს და მომდევნო დილას გრაფის მამულში მიმდინარეობს. მთავარი პერსონაჟები არიან გრაფის ქალიშვილი: ფრეკენ ჟული; ჟანი: გრაფის მთავარი მსახური და კრისტინი: მზარეული და ჟანის საცოლე.

თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესაში გატარებულია დარვინიზმის იდეა,[1][2] რომელმაც სტრინდბერგზე ძლიერი გავლენა მოახდინა. ამ თემას ავტორი ღიად ახსენებს წინასიტყვაობაში, რომელშიც აღწერს მთავარ პერსონაჟებს, მის ჟულის და ჟანს, როგორც ევოლუციურ ბრძოლაში ერთმანეთთან მებრძოლ არსებებს. მის ჟულის სახით სტრინდბერგი გადაშენების პირას მყოფ არისტოკრატული კლასის უკანასკნელ წარმომადგენელს და თანამედროვეობაში ქალის სახეს წარმოადგენს. ჟანი კი სიმაღლეებისკენ და უკეთესი ცხოვრებისკენ ისწრაფვის, მას უფრო მეტად აქვს ზრდის უნარი, რადგან უფრო მეტად ერგება იმ „ცხოვრებსეულ როლებს“, რომლის შესრულებაც შეუძლია.

პიესა არაერთს თემას ეხება, რამდენადაც მის ჟულის ქმედებები მთელი რიგი გარემოებებითაა მოტივირებული: საზოგადოებრივი ფენა, რომელსაც ის წარმოადგენს; მისი სურვილები და იმპულსური ბუნება; მისთვის შეუფერებელი მამისეული აღზრდის წესი; დედისაგან მემკვიდრეობით მიღებული ინსტრიქტები და მისი ოჯახის ტრამვები. ნატურალისტური სტილის გამოყენებით, სტრინდბერგი ეწინააღმდეგება გავრცელებულ თეატრალურ იდეას, რომლის მიხედვითაც პერსონაჟს მხოლოდ ერთი მოტივი უნდა ამოძრავებდეს.[3][4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოქმედება 1894 წლის ზაფხულში, იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე მიმდინარეობს, რომელიც ნაწარმოებში აღწერილია, როგორც "ზაფხულის ღამის დღესასწაული". სიუჟეტი მიუყვება შვედეთის ერთ-ერთ ოლქში, გრაფის სახლში მცხოვრებ ფრეკენ ჟულსა - რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჩაეშალა ქორწილი - და მის ორ მოახლის თავს გადამხდარ ამბავს. გახსნით სცენაში ვეცნობით ჟანისა და კრისტინის დიალოგს. ჟანი, მამაკაცი, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ მოქმედ პირთა შორის ყველაზე განათლებული პიროვნებაა, მოახსენებს თავის მომავალ საცოლეს, კრისტინს, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ "გიჟურ ცხოვრებას" მისდევს მათი ქალბატონი, რასთან დაკავშირებითაც კრისტინს ინდეფერენტული დამოკიდებულება გააჩნია, რამდენადაც ეს მისთვის გასაკვირი სრულებითაც არ არის. ჟანი ვარაუდობს, რომ ქალბატონი ჟულის ჩაშლილი ქორწილი სწორედ მის გამოისობით მოხდა, როცა მან შემთხვევით მას და მის საქმროს თავლაში, ე.წ. "ვარჯიშისას" შეუსწრო – როგორც ჟანი იუწყება, ფრეკენ ჟული საკუთარ საქმროს მათრახზე ახტუნებდა და ზურგში ურტყამდა, რამაც საქმროს გაქცევა გამოიწვია.

შინ დაბრუნებული ჟული, რომელიც, იქამდე, მეტყევეებთან ცეკვავდა, შენიშნავს ორ პერსონაჟს. ფრეკენ ჟული ალკოჰოლის დიდ დოზას ეტანება, რაც შემდეგ, მისივე თქმით, იქცევა იმის მიზეზად, რომ ჟანთან სიყვარულში გამოტყდება. მოქმედების გარკვეულ ეტაპზე კრისტინს, ქალ მოახლეს, ჩაეძინება, როგორც ჟანი აღნიშნავს, მას "ძილში საუბარი" ახასიათებს. ამ დროს იწყება ჟანისა და ჟულის დიალოგი და მთელი პერიპიეტიები იმ მიზნისა, რომელსაც პერსონაჟები სახლიდან გაქცევაში, შვეიცარიაში გადახვეწასა და ახალი სასტუმროს გახსნაში ხედავდნენ.

ფრეკენ ჟული უკმაყოფილოა საკუტარი ცხოვრებით. როგორც ის თავად ამბობს, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა იმითაა განოპირობებული, რომ მის ბავშვობაში ქალებს ისე ზრდიდნენ როგორც კაცებს და პირიქით. ამაში დიდი როლი მისმა მეამბოხა დედამაც შეიტანა, რადგან სწორედ ის იყო იმ იდეის მამოძრავებელი ძალა, რომელიც პირდაპირ უპირისპირდებოდა პატრიარქალურ შეხედულებებს. ამან გამოიწვია ჟულის მშობლებს არსებული დაპირისპირებაც, რომელიც, საბოლოოდ, სახლის გადაწვაში გადაიზარა, რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, თავად ფრეკენ ჟულის დედამ შეიმუშავა.

მომდევნო პასაჟებში მკითხველი გარკვეულ გაურკვევლობასაც აწყდება. ერთი შეხედვით, ჟანი თანახმაა, დატოვოს საკუთარი კარ-მიდამო, უარი თქვას კრისტინთან წაყენებულ პირობაზე მასზე დაქორწინებასთან დაკავშირებით და გაიქცეს იმ სახლიდან, რომელშიც სულ მალე ჟულის გრაფი მამა დაბრუნდება. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჟანი ფრეკენ ჟულს გამზადებასა და გამგზავრებისთვის მზადყოფნას მოსთხოვს, ის ოთახში დაბრუნებულ კრისტინთან ერთად ეკლესიაში ქადაგების მოსასმენად წასვლას დააპირებს.

ჩაცმულ-დახურული ფრეკენ ჟული საძინებლიდან ბრუნდება და წასასვლელად ემზადება, რა დროსაც გალიაში მყოფი ჩიტის წამოყვანასაც დააპირებს. ამაზე ჟანი მკაცრად იუარებს და ის საკუთარი ხელის მოკლავს მფრინავ არსებას. ამ მომენტში ოთახში კრისტინიც ბრუნდება და იწყება სიტუაციის განმუხტვა. კრისტინი დაბნეულია, რადგან ჟანი მას ეკლესიაში წასვლას შეჰპირდა, გარდა ამისა, თუმცა არ სწყინს ის ფაქტი, რომ მის საქმროს ქალბატონთან აქვს კავშირი, მაინც მწვავედ აქილიკებს ჟანს. ამის პარალელურად, ფრეკენ ჟული მის გულისყურს მოითხოვს და ემუდარება, სამივე მათგანი შვეიცარიაში გადაბარგდეს, რათა ახალი ცხოვრება დაიწყონ. ჟანი ეკლესიაში წასვლაზე უარს აცხადებს, რის შემდეგაც კრისტინი მოქმედებიდან ქრება.

საბოლოო მომენტში, როცა გრაფი სადაცაა კარსაც მოადგა, ფრეკენ ჟული ჟანს დახმარებას სთხოვს. ის ამბობს, რომ მზადაა ჟანის მიმართ მონური მორჩილება გასწიოს იმის სანაცვლოდ, რომ უბედურების ქარტეხილი აირიდოს, რაზეც ჟანს არაფრის თქმა შეუძლია. მისივე თქმით, ის უძლურია ამჯერად ხელი გაუწოდოს მას. ჟული მხოლოდ ერთს ითხოვს – მიბაძოს ჟანმა იმ "ჰიპნოზიოს, რომელიც მოხალისეს ეუბნება: აიღე ეს ცოცხი!", რომლის შემდეგაც მოხალისე იღებს და იატაკს ჰგვის. ჟანი ხელში უწვდის იმ სამართებელს, რომლითაც წვერი გაიპარსა და ეუბნება "აი, ცოცხი! წადით ახლავე, სანამ დაბნელებულა, ბეღელში ადით და...". საბოლოოდ, ფრეკენ ჟული თვითმკვლელობის ჩადენაზე მიდის, იმ იმედით, რომ "მადლი პირველებზეც შეიძლება გადმოვიდეს".

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Meyer, Michael, translator. "Commentary". Strindberg, August. Miss Julie. Bloomsbury Methuen Drama (2013). ISBN 9781472536532. page xxxi
  2. Robinson, Michael. "Introduction". Strindberg, August. Miss Julie and Other Plays. Oxford University Press (1998). ISBN 9780191605321. page xiv.
  3. Strindberg, August. Carlson, Harry G. translator. Strindberg: Five Plays. University of California Press.1983. ISBN 0-520-04698-6.
  4. Lamm, Martin. Carlson, Harry G. translator and editor. August Strindberg. Benjamin Bloom, Inc. 1971