უფლისციხის შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უფლისციხის შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზიარქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის ნაქალაქარ უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბნის დასავლეთ ნაწილში, განივი (ქვემოდან პირველი) ქუჩის პირას, კესონებიანი დარბაზის კომპლექსის აღმოსავლეთით. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით, მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად სამშენებლო პერიოდს. დაუდგენელია ნაგებობის თავდაპირველი დანიშნულება (შესაძლებელია, კესონებიანი დარბაზის კომპლექსის შემადგენელი ნაწილი იყო). ნაგებობა შედგება ორი სწორკუთხა ოთახისგან. წინა ოთახი უფრო დიდია და მაღალი (7,95x4,75 მეტრი), გაგრძელებულია ფასადისკენ, უკანა ოთახი (4,75x4,75 მეტრი) კი სიღრმისკენაა მიმართული. შენობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. გარედან გამოვლენილია სამხრეთ ფასადით. დაზიანებულია: დარღვეულია შესასვლელების პირვანდელი ფორმა (რითაც შესუსტებულია გადახურვის საყრდენი), დანგრეულია სამხრეთ ფასადის კედელი, რომლის არსებობას ადასტურებს ინტერიერის მხრიდან დაცული ჭერისა და იატაკის კუთხეები. ფასადის თაღისებრი ღიადის კონტურით იგი უფლისციხისათვის დამახასიათებელი ღია დარბაზის შთაბეჭდილებას ქმნის. შენობა დაბზარულია. ბზარებით გახლეჩილია წინა ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, ფასადის აღმოსავლეთ კუთხე და გადახურვის ნაწილი. დაბზარულია მეორე ოთახის უკანა კედელი, ჭერი, იატაკი. ნაგებობა ფეოდალურ ხანაში საცხოვრებლად გამოუყენებიათ. კედლებში დაუდევრად ამოუკვეთიათ თახჩები და ბუდეები; უხეშად ჩამოუთლიათ კედლების ქვედა ნაწილები; წინა ოთახის ჭერში, ფასადის კედელთან, ამოუკვეთიათ ბუხრის საკვამლე. ოთახები ერთმანეთს უკავშირდება კედლებში გაჭრილი კარით. წინა ოთახის განივ კედლებში მომიჯნავე კომპლექსებში გასასვლელი კიდევ თითო კარია. დასავლეთ კარი კესონებიანი დარბაზის კომპლექსს უკავშირდება. ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. უკანა ოთახის სადაა, გლუვი, წინა ოთახისა კი მორთულია კლდეში გამოკვეთილი ხის კონსტრუქციის იმიტაციით — ექვსი მომრგვალებული შეწყვილებული კოჭითა და ორსაფეხურიანი ლავგარდნით. ნაგებობის ინტერიერი ხასიათდება კლდის ზედაპირის ფაქიზი, გლუვი დამუშავებით. დარბაზის ბანი ქუჩისპირა, ორ დანარჩენ კომპლექსის ბანთან ერთად, ქმნის ზედა ბაქანს — ტერასას, რომელზეც არავითარი ნაგებობის კვალი არ ჩანს. ნაგებობას არა აქვს ეზო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]