უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

 

2021 წლის "LXXIX აქტი", რომელიც გულისხმობს პედოფილიაში ბრალდებული დამნაშავეების მიმართ უფრო მკაცრი ზომების მიღებას და ბავშვების დაცვისთვის განკუთვნილი გარკვეული აქტების შესწორებას, ხშირად ინგლისურენოვან მასმედიაში მოხსენიებულია, როგორც უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონი და წარმოადგენს 2021 წლის 15 ივნისს (157-1 ხმით) უნგრეთის პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს. ის დაგმეს ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა და უნგრეთის მემარცხენე ფრთის ოპოზიციურმა პარტიებმა, როგორც ლგბტ თემის მიმართ დისკრიმინაცია. ევროკავშირი და აშშ ხსენებულ შეზღუდვებს ანტი-ლგბტ დისკრიმინაციად განიხილავენ.[1] [2] ამის საპირისპიროდ, აღმოსავლეთ "ევროკავშირის" სახელმწიფოების უმეტესობას არ გამოუხატავს საჯარო პოზიცია. გამონაკლისია პოლონეთი, რომელმაც მხარი დაუჭირა უნგრეთის პოზიციას.

კანონის მიღების შემდეგ, ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ დაიწყო სამართალდარღვევის პროცედურები "ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში" შემავალი გამოხატვისა თავისუფლებისა და არადისკრიმინაციული მიდგომების გარანტიის უგულებელყოფის გამო.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის აპრილში, ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური პარტია "Jobbik" ეცადა უნგრეთის პარლამენტისთვის წარედგინა კანონი, რომელიც შეცვლიდა ქვეყნის კონსტიტუციას იმ მიზნით, რომ "სექსუალური გადახრის" პოპულარიზაციის აკრძალვით, "დაიცავდა სახალხო მორალსა და ახალგაზრდა თაობების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. აღნიშნული კანონპროექტი მოამზადა პარტიის სპიკერმა ადამ მირკოჩზკიმ და ის მიმართული იყო "ჰომოსექსუალიზმის, სქესის ცვლილების, ტრანსვეტიტიზმის, ბისექსუალიზმის და პედოფილიის" წინააღმდეგ. წარდგენილი ცვლილებები კრიმინალად მიიჩნევდა ნებისმიერს, ვინც "საკუთარ სექსუალურ ურთიერთობებს - გადახრას - იმავე სქესის მქონე სხვა პირთან, ან სექსუალური ქცევის სხვა დარღვევას ფართო პუბლიკის წინაშე" პოპულარიზაციას გაუწევდა. სასჯელი განისაზღვრებოდა 3 წლიანი პატიმრობით, ან 5 წლით, თუკი "პოპულარიზაცია" ჩადენილი იქნებოდა არასრულწლოვანთა თვალწინ. საბოლოოდ, მომზადებული კანონპროექტის მიღება ჩავარდა.[4]

შესწორებები ქვეყნის კანონმდებლობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"ცისარტყელას დროშა" ჩამოკიდებული უნგრეთის პარლამენტის შენობის ფანჯრიდან 2021 წლის 14 ივნისს, ანტი-ლგბტ კანონმდებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად.

2021 წლის მაისსა და ივნისში, "უნგრეთის ეროვნული ასამბლეა" განიხილავდა ახალ კანონპროექტს, რომელიც, მათი აზრით, უფრო მკაცრი ზომების მიღებით უკეთესად დაიცავდა ბავშვებს პედოფილი დამნაშავეებისგან.[5] 2021 წლის 15 ივნისის საპარლამენტო სესიაზე, პარტიის "Fidesz" დეპუტატმა ჩაბა ჰენდემ, უნგრეთის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ და საკანონმდებლო სპიკერის მოადგილემ, წარადგინეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კრძალავდა: 1) არასრულწლოვანთათვის ისეთი ინფორმაციის გაზიარებას, რომელიც ჩაითვლებოდა ჰომოსექსუალიზმისა რეკლამირებად; 2) მასმედიაში ლგბტ თემის წარდგინებას, რისთვისაც ტელევიზიაში შეიზღუდებოდა დღის განმავლობაში ლგბტ საკითხების გაშუქება; და 3) იმ კომპანიებს, რომლებიც ლგბტ თემის მხარდამჭერ კამპანიებს ახორციელებდნენ. გარდა ამისა, მისაღები კანონის მიხედვით, სკოლებში სექსუალური განათლების შინაარსის გაკვეთილების ჩატარება შეეძლოთ მხოლოდ ოფიციალურ სარეგისტრაციო სიაში ჩაწერილ პირებსა და ორგანიზაციებს. ხელისუფლების წარმომადგენლის თანახმად, ეს უკანასკნელი ზომა მიმართული იყო "საეჭვო პროფესიული წარსულის მქონე ორგანიზაციებისკენ, რომლებიც ხშირად ყალიბდებოდა სპეციფიკური სექსუალური ორიენტაციების წარდგინებისთვის.

მემარცხენე ოპოზიციურმა პარტიებმა ("უნგრეთის სოციალისტური პარტია", "დემოკრატიული კოალიცია", "უნგრეთის მწვანეთა პარტია" და "დიალოგი უნგრეთისთვის"), ისევე, როგორც ზოგიერთმა დამოუკიდებელმა დეპუტატმა (ბერნადეტ სელი, აკოს ჰადაზი და საბოლჩ საბო) ბოიკოტი გამოუცხადეს სესიას და არ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა. დამსწრე დეპუტატებმა კი (157-1 ხმით) ერთხმად დაამტკიცეს კანონპროექტი. მათ შორის იყვნენ მმართველი პარტიის "Fidesz" და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიების - "Jobbik" და "Mi Hazank" ყველა იქ მყოფი წევრი, ისევე, როგორც ზოგიერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, როგორიცაა იმრე რიტერი. თუმცა, დამოუკიდებელი დეპუტატი შანდორ სეკელი კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. [6] აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 2012 წლის 7 ივლისს.[7]

2021 წლის 6 აგვისტოს, მარეგულირებელი მექანიზმი გამოქვეყნდა უნგრეთის ოფიციალურ ჟურნალში (Magyar Kozlony), სადაც აღნიშნული იყო, რომ ბავშვებისთვის განკუთვნული პროდუქცია, რომელიც ეწეოდა ან აშუქებდა დაბადების დროინდელი იდენტობიდან გადახრის, სქესის შეცვლის, ან ჰომოსექსუალიზმის რეკლამირებას, უნდა გაყიდულიყო სხვა პროდუქტებისგან განცალკევებით, დახურულ შეფუთვაში, მაღაზიის ვიტრინებში განთავსების გარეშე. ამასთანავე, ასეთი პროდუქცია არ უნდა გაყიდულიყო საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, ბავშვთა თავშესაფრებიდან, ახალგაზრდობის დაცვის სერვისებიდან, ეკლესიებიდან, ან რელიგიური საქმიანობისთვის განკუთვნილი სხვა ადგილებიდან 200 მეტრის რადიუსში. ახალი კანონპროექტი ძალაში შედიოდა მიღებიდან 30 დღის შემდეგ და მის შესაბამისობას მეთვალყურეობას გაუწევდა "მომხმარებელთა დაცვის" ორგანოები.[8] [9]

რეაქციები და გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეაქციები უნგრეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხალხი მიდის აქციაზე ბუდაპეშტში 2021 წლის 14 ივნისს, ანტი-ლგბტ კანონის გასაპროტესტებლად.

საკანონმდებლო ცვლილებებმა გამოიწვია ადამიანის უფლებათა ჯგუფებისა და ლგბტ თემის მხარდამჭერების საპროტესტო აქციების სერიები.[10] პეტიცია და წერილი დაიწერა პრეზიდენტი იანოშ ადერის სახელზე, რომლითაც მას მოუწოდებდნენ არ მოეწერა ხელი კანონისთვის. 2021 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, ონლაინ-პეტიციას ხელი მოაწერა 10000-ზე მეტმა სუბიექტმა.

ადამიანის უფლებათა ჯგუფმა "Amnesty International Hungary", ასევე, ხალხს სთხოვა ხელი მოეწერათ თავის პეტიციაზე, რომელსაც უერთდებოდნენ გარკვეული ორგანიზაციები ("Budapest Pride", "Hatter Society", "Labrisz Leszbikus Egyesulet", "The Hungarian Helsinki Committee", "TASZ - The Hungarian Civil Liberties Union"). პეტიციას მხარს უჭერდა "უნგრეთის ფსიქოლოგიური საზოგადოების" ლგბტქ განყოფილებაც. მათ დახმარებისთვის მიმართეს სახალხო დამცველს, კერძოდ, დოქტორ აკოს კოზმას, რათა ამ უკანასკნელს კანონი უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაეგზავნა. 2021 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, პეტიცია ხელმოწერილი იყო 11000-ჯერ.[11]

საერთაშორისო გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევროკავშირის განცხადება უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით: 1) მწვანე: შეუერთდა "ევროკავშირის" დეკლარაციას2) ყვითელი: არ შეუერთდა "ევროკავშირის" დეკლარაციას3) ლურჯი: არ შეუერთდა ნეიტრალურობის გამო 4) ნაცრისფერი: არ არის "ევროკავშირის" წევრი ქვეყანა

კანონპროექტი მყისიერად დაგმეს ევროპალამენტის ჯგუფებმა და "ევროკავშირის" ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირებმა. 2021 წლის 22 ივნისს, კანონი განიხილეს ევროკავშირის საბჭოში. საერთო ჯამში, 27-დან 16-მა ქვეყანამ დაგმო ეს კანონი, რომელთა შორის ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა გააკეთეს კრიტიკული განცხადებები და კანონს უწოდეს "ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების ქარტიის" დარღვევა.[12] ამასთანავე, მათ "ევროკომისიას" მოუწოდეს გამოეყენებინა ყველა შესაძლო მექანიზმი კანონპროექტის ევროპულ კანონებთან შესაბამისობის დასადგენად და, თუ საჭირო იქნებოდა, მიემართა "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის". ეს განცხადება მყისიერად მოიწონეს დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, ირლანდიამ, ლიეტუვამ, ესპანეთმა, შვედეთმა, ლატვიამ, იტალიამ - შეხვედრის შემდეგ, ხოლო საბერძნეთმა - მომდევნო დღეს.[13] განცხადების საპასუხოდ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ უგულებელყო ყველა უარყოფითი მოსაზრება და კრიტიკოსებს მოუწოდა სრულად წაეკითხათ კანონი. საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფო მდივნის, ზოლტან კოვაჩის მიერ Euronews.com-ზე გაკეთებული განცხადების თანახმად, მიღებული კანონით მხოლოდ მშობლებს უნდა გადაეწყვიტათ საკუთარი შვილების სექსუალური განათლების საკითხი.[14]

"ევროკომისიის" პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეშფოთება გამოხატა და ამასთან დაკავშირებით დაწერა: "მე მჯერა ისეთი ევროპის, რომელიც მოიცავს მრავალფეროვნებას და არა - ევროპის, რომელიც ამას ჩვენს შვილებს უმალავს. არავინ უნდა განიცადოს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე".

ბუდაპეშტში აშშ-ის საელჩომ გამოხატა ღრმა შეშფოთება უნგრეთის ანტი-ლგბტ კანონთან დაკავშირებით და განაცხადა: "აშშ დგას იმ მოსაზრებაზე, რომ მთავრობებმა ხელი შეუწყონ გამოხატვის თავისუფლებას და დაიცვან ადამიანის უფლებები, მათ შორის, ლგბტქი+ საზოგადოების წევრების უფლებები".[15]

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა კი განაცხადა: "დისკრიმინაცია არ არის მისაღები არცერთ შემთხვევაში და ლგბტქი+ ხალხის მიმართ ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია სრულიად მიუღებელია ჩვენს თანამედროვე საზოგადოებებში". [16]

2021 წლის 25 ივნისს, უნგრეთის ახალი კანონი მწვავედ განიხილეს "ევროკავშირის" ლიდერების სამიტზე. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შემდეგი რამ უთხრა: "თუ ეს არ მოგწონთ, არსებობს ალტერნატივა: დატოვეთ 'ევროპის კავშირი'". საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი დასძინა, რომ კანონი "არ ეჩვენებოდა საკუთარ ღირებულებებთან შესაბამისობაში" და იმედოვნებდა, რომ დიალოგის გზით შეიძლებოდა მისი ცვლილება. ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ხავიერ ბეტელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცდებოდა, როცა ჰომოსექსუალიზმი და პედოფილია ერთ კანონში გააერთიანა. პოლონეთის ელჩი გერმანიაში, ანდრჟეი პრჟილებსკი ამტკიცებდა, რომ "აშკარა და ეჭვგარეშე" იყო უნგრეთის პარლამენტის უფლება, კანონით დაეცვა სკოლის მოსწავლეები ისეთ საკითხთან მიმართებაში, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი: "ამას არაფერი აქვს საერთო შეუწყნარებლობასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ ჰომოსექსუალების დევნაზე".[17]

2021 წლის აგვისტოში, რუმინეთში, ევროსკეპტიკურმა პარტიამ "ალიანსი რუმინელთა კავშირისთვის", რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც ულტრამემარჯვენე, უნგრეთის მსგავსი კანონი წარადგინა. ამას, ასევე, მხარი დაუჭირეს "რუმინეთში უნგრელების დემოკრატიულმა ალიანსმა", "ტრანსილვანიის უნგრეთის სახალხო პარტიამ" და "რუმინეთში უნგრეთის სამოქალაქო პარტიამ".[18] [19]

2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 23 ივნისს, 2020 წლის უეფას ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, გერმანიის მამაკაცთა ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს მიუნხენში, "ალიანს არენაზე" უნდა ემასპინძლა უნგრეთის ნაკრებისთვის. დაიწყო პეტიციის ხელმოწერების შეგროვება, რათა მიემართათ "ალიანს არენას" მენეჯერის, იურგენ მუტისთვის, "უეფას" პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინისთვის, გერმანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტის, ფრიც კელერისთვის და "მიუნხენის ბაიერნის" დირექტორის, ანდრეას იუნგისთვის, უნგრეთში ლგბტ თემის მიმართ თანაგრძნობის გამო და კანონის თაობაზე პროტესტის ნიშნად, არენა ცისარტყელას ფერებში განათებულიყო.[20] პეტიციას ხელი მოაწერა 300 000-მა სუბიექტმა, მაგრამ "უეფამ" ის არ მიიღო და განაცხადა, რომ "'უეფა' არის პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაცია". ამ სპეფიციკური მოთხოვნის პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით - მესიჯი, რომელიც მიმართულია უნგრეთის ეროვნული პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - "უეფამ" უნდა უარყოს ეს მოთხოვნა." ამის ნაცვლად, მათ შესთავაზეს პეტიციის მხარდამჭერებს, რომ არენა მომდევნო დღეს განათებულიყო იმავე ფერებში. მიუნხენის მერმა, დიეტერ რეიტერმა გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდა, ხოლო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო მიესალმა ამ გადაწყვეტილებას და მას "საღი აზრი" უწოდა.

"უეფას" ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, მიუნხენის ხელმძღვანელობამ ქალაქის მერია და რამდენიმე სხვა ღირსშესანიშნაობა ცისარტყელას ფერებში გაანათა. იგივე მოიმოქმედა რამდენიმე გერმანულმა საფეხბურთო კლუბმაც.[21]

ადამიანის უფლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის ივლისში, "ევროკომისიამ", ფუნდამენტური უფლებების ქარტიაში შემავალი გამოხატვისა თავისუფლებისა და არადისკრიმინაციული მიდგომის დარღვევის გამო, უნგრეთის წინააღმდეგ დაიწყო სამართლებრივი პროცედურები.[22] უნგრეთის ხელისუფლებამ 2022 წლის 3 აპრილს დანიშნა რეფერენდუმი მიღებული კანონის თაობაზე.[23] [24] რეფერენდუმზე ვალიდური ხმების წილი იყო მოთხოვნილ 50%-ზე დაბალი, ამდენად ის ძალადაკარგულად გამოცხადდა, მაგრამ კანონი მოქმედებაში მაინც დარჩა.

2021 წლის დეკემბერში, "ვენეციის კომისიამ" გამოაქვეყნა საკუთარი მიგნებები იმის თაობაზე, რომ კანონი ეწინააღმდეგებოდა "ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას" და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი ზედმეტად ბუნდოვანი იყო, არღვევდა გამოხატვის თავისუფლების უფლებას და დისკრიმინაციული იყო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე.[25]

ევროკავშირის პროცედურები სამართალდარღვევის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წლის 15 ივლისს, "ევროკომისიამ" გამოაცხადა, რომ ოფიციალური შეტყობინების შემცველი წერილის გაგზავნით გახსნა სამართალდარღვევის პროცედურები.[26] 2 დეკემბერს, "ევროკომისიამ" განაცხადა, რომ მან დასაბუთებული აზრი გაუგზავნა უნგრეთს.[27] [28]

შედეგები და ეფექტები უნგრეთის ლგბტ თემზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

"RTL Hungary"-ის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ეფუძნება უნგრეთის ლგბტქი სამოქალაქო ორგანიზაციის ("Hatter Society") მიერ მოწოდებულ მონაცემებს, ახალი კანონის წარდგენის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა ჰომოფობიის ნიადაგზე ლგბტ თემზე თავდასხმების რაოდენობა. ანგარიში ამატებდა, რომ ყველაზე ხშირი იყო ვერბალური აგრესია, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გადაიზარდა ძალადობასა და ლგბტ თემის კერძო საკუთრების დაზიანებაში.[29]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hungary passes law banning LGBT content in schools or kids' TV en (2021-06-15). ციტირების თარიღი: 2021-06-24
  2. „Hungary LGBT: Content aimed at children to be banned“. BBC News (ინგლისური). 2021-06-11. ციტირების თარიღი: 2021-06-23.
  3. Press corner. ციტირების თარიღი: 29 September 2021.
  4. Kinga, R.. (19 April 2012) Jobbik seeks 'gay propaganda' ban. The Budapest Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 24 October 2014
  5. A melegellenessé vált pedofiltörvény története hu (2021-07-20). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-07. ციტირების თარიღი: 2021-08-07
  6. Despite Loud Protests, Fidesz-KDNP Votes in Bill Against 'Promoting Homosexuality' en (2021-06-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-20. ციტირების თარიღი: 2021-06-24
  7. Hungary's controversial anti-LGBT law goes into effect despite EU warnings en (2021-07-07). ციტირების თარიღი: 2021-08-07
  8. Központ, Kormányzati Tájékoztatási. (August 6, 2021) Megjelent a gyermekvédelmi törvény végrehajtási rendelete Hungarian. ციტირების თარიღი: September 22, 2021
  9. Magyar Kozlony Menu Hungarian. ციტირების თარიღი: September 22, 2021
  10. Hopkins, Valerie (2021-07-24). „In Hungary, an Embattled L.G.B.T.Q. Community Takes to the Streets“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2021-08-07.
  11. Petíció: védjük meg az LMBTQI embereket! hu. ციტირების თარიღი: 2021-08-07
  12. Fourteen EU countries denounce Hungary's new anti-LGBT law en (2021-06-22). ციტირების თარიღი: 2021-06-23
  13. Seventeen countries unite at Belgium's initiative to defend LGBTIQ rights in Europe en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2021-06-23
  14. Only parents should decide sexual education of their children | View en (2021-06-17). ციტირების თარიღი: 2021-12-04
  15. Statement by U.S. Embassy en-US (2021-06-15). ციტირების თარიღი: 2021-06-23
  16. EU leaders confront Hungary PM over LGBTQ law en-GB (2021-06-25). ციტირების თარიღი: 2021-06-26
  17. „Dutch PM Rutte: No place in EU for Hungary with anti-LGBT law“. BBC News (ინგლისური). 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2021-06-26.
  18. Will Romania step up anti-LGBTQ legislation like Hungary? | DW | 11.08.2021.
  19. 'Nationalist' and far-right politicians try to push anti-LGBTQ law in Romania.
  20. Licskay, Peter. The Allianz Arena might be welcoming the Hungarian team rainbow-coloured - UPDATE. ციტირების თარიღი: December 13, 2021
  21. Ramsay, George. UEFA rejects request to light up Allianz Arena in rainbow colors for Euro 2020 game. ციტირების თარიღი: 2021-08-07
  22. EU to take legal action against Hungary's anti-gay law. ციტირების თარიღი: 24 July 2021
  23. Orban referendum plan raises stakes in Hungary's LGBT row with EU. ციტირების თარიღი: 24 July 2021
  24. Hungary announces referendum on controversial LGBTQ law. ციტირების თარიღი: 24 July 2021
  25. CDL-AD(2021)050-e Hungary - Opinion on the compatibility with international human rights standards of Act LXXIX amending certain Acts for the protection of children, adopted by the Venice Commission at its 129th Plenary Session (Venice and online, 10-11 December 2021). Venice Commission. ციტირების თარიღი: 14 December 2021
  26. EU founding values: Commission starts legal action against Hungary and Poland for violations of fundamental rights of LGBTIQ people. Brussels: European Commission. 15 July 2021. ციტირების თარიღი: 16 December 2021. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/ip_21_3668
  27. December infringements package: key decisions. Brussels: European Commission. 2 December 2021. ციტირების თარიღი: 16 December 2021. https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/inf_21_6201
  28. Bayer, Lili. Hungary's anti-LGBTQ+ law breaches human rights standards, say experts. Politico (13 December 2021). ციტირების თარიღი: 16 December 2021
  29. Több a homofób támadás hu. ციტირების თარიღი: 2021-08-07

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]