უდივლების ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უდივლების ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს სამხრეთით ადგილ უდივლებზე, რომელიც ზღვის დონიდან 1390 მეტრზე მდებარეობს.

აღნიშნული ადგილი ხასიათდება გაშლილი რელიეფით, სადაც სოფლის სათეს-საძოვრებია, უდივლების სამხრეთით აღმართულია ბუნებრივი ბორცვი, რომელიც სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილს წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ადგილას რელიეფი მნიშვნელოვნად არის დარღვეული ადამიანის ზემოქმედების შედეგად, პირველ რიგში საბჭოთა პერიოდში გათხრილი სანგრებით და შემდეგ მოსახლეობის მიერ სათესი სავარგულების მოწყობით, გაჭრილია ტერასები და საირიგაციო არხები, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებდა აქ არსებულ კულტურულ ფენებს. რაც შეეხება კერამიკული მასალის გავრცელებას, მათი აბსოლუტური უმრავლესობა გვხვდება დამუშავებულ ნაკვეთებში, შედარებით ნაკლებადაა მინდვრებსა და ბორცვის ჩრდილოეთ ფერდობზე. მასალის რაოდენობისა და მისი გავრცელების კონტექსტის გათვალისწინებით აშკარაა, რომ საქმე გვაქვს დარღვეულ, მძლავრ კულტურულ ფენასთან. აქ წარმოდგენილი თიხის ჭურჭლის ნატეხების დიდი ნაწილი განეკუთვნება ძვ. წ. VI-IV საუკუნეებს, ანტიკურ ხანას. ეს კერამიკა ცნობილია „კოლხური კერამიკის სახელით“ და თითქმის არ არსებობს არცერთი ამ პერიოდის ძეგლი დასავლეთ საქართველოში, სადაც აღნიშნული მასალა არ დასტურდებოდეს.

უდივლებზე მიკვლეულ კერამიკის დიდი ნაწილი შავზედაპირიანია, ასევე არის მოყავისფო-მონაცრისფროდ გამომწვარი ჭურჭლის ნატეხებიც. წარმოდგენილია სამეურნეო, სამზარეულო თუ სუფრის ჭურჭელი. ქვევრების, დერგების, ქოთნების, ფიალების, ჯამების და სხვათა პირის, ყელის, ძირისა და კედლის ფრაგმნეტებით. მათი უმრავლესობა შემკულია, რელიეფური ხაზებით, ქედებით, ამოღარული მრავალრიცხოვანი სხვადასხვა სახის ხაზებით და სხვა. როგორც ცნობილია დეკორის ეს ტიპი ერთ-ერთი დამახასიათებელია კოლხური კერამიკისათვის, მით უფრო ღარები, რომლებიც რიგ შემთხვევაში უსისტემოდ არის განლაგებული. უდივლებზე გარდა კოლხური კერამიკისა გვხვდება შუასაუკუნეების მასალაც, აღსანიშნავია თონის პირის ფრაგმენტი. შესაძლოა აქ სამოსახლო წარმოქმნილი ძვ. წ. I ათასწლეულში ან უფრო ადრეც, არსებობას შუასაუკუნეებამდე განაგრძობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 20129