ტატიას საყდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატიას საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ქალაქ გურჯაანის ჩრდილო-დასავლეთით 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მთელ სიგრძეზე გვიანდელი მინაშენები ეკვრის. ეკლესია და მინაშენები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ასევე ნატეხი ქვებით. წყობა ირეგულარულია. მოგვიანებით შეკეთებულ ადგილებში (ეკლესიის გარეთ კუთხეების ქვედა ნაწილები აღმოსავლეთ ფასადზე, შესასვლელების წირთხლები) გამოყენებულია კვადრატული აგური. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული; ეკლესიის კამარა დაბზარულია, აღმოსავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარი დაუყვება, გარედან ჩრდილო-დასავლეთისაკენ კუთხე თითქმის მთლიანად მონგრეულია. სამხრეთიდან მინაშენის გადახურვა ჩამონგრეულია, ჩრდილოეთ მინაშენის ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში გამჭოლი ბზარია, კამარა დაბზარულია, ზოგან კი ჩამონგრეული. ეკლესიას და ჩრდილოეთ მინაშენს სახურავის საფარი ჩამოშლილი აქვთ და ზედ მცენარეულობაა ამოსული. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან სამხრეთ კარი კედლის შუა ნაწილშია, ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთ კიდეში. ორივე კარის წირთხლები მოგვიანებით (სავარაუდოდ, მინაშენების დროს) აგურით ამოუყვანიათ და ღიობი ფიქლის მოზრდილი ქვით თარაზულად გადაუხურავთ. მათგან სამხრეთის შესასვლელს თავდაპირველად რიყის ქვით ნაწყობი ტიმპანი ჰქონია და შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღით ყოფილა გადახურული (გარეთა თაღი მოგვიანებით ამოუშენებიათ), ჩრდილოეთ კარი კი შიგნით თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა.

ეკლესიის შემაღლებული პროპორციების დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით (სიმაღლე - 5 მეტრი), რომელშიც მაღალი, შიგნიდან და გარედან თაღოვანი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებული ოთხკუთხა ტრაპეზის ნაშთია შემორჩენილი. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით, მისი თაღი ნახევარწრიულია. ნახევარწრიულია კამარაც. დასავლეთ კედელში, შიგნიდან და გარედან ნახევარწრიული თაღით გადახურული სარკმელია. ეკლესიის დასავლეთ ნაწილში ერთი ცარიელი სამარხია. სამხრეთ მინაშენი (სიგრძე 1,5 მეტრი) უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით. რომელშიც ვიწრო და მაღალი, ზემოთკენ ოდნავ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. მინაშენის გადახურვა დაყრდნობილი იყო ეკლესიის სამხრეთ კედელზე მიშენებულ თაღზე (შემორჩენილია კვალი და აღმოსავლეთ თაღის ქუსლის წყობის ნაწილი). ჩრდილოეთ მინაშენიც (სიგრძე 2 მეტრი) უაფსიდოა. განათებულია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში გაჭრილი თითო დაბალი, თითქმის კვადრატის ფორმის სარკმლით. ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში და სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში თითო პატარა სწორკუთხა ნიშაა. ერთი მსაგვსი ნიშა ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. შიგნით ეკლესია გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომლის ერთი ქუსლი დაყრდნობილია ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულ ოთხ პილასტრზე (დანგრევის პირასაა მისული) და მათზე გადაყვანილ თაღებზე. მინაშენის დასავლეთ ნაწილში ქვიშაქვის ქვებით შედგენილი სამარხია (გახსნილია). ეკლესიის სამხრეთით 200 მეტრზე სადიაკვნედ წოდებულ ადგილში, ნახევარწრიული კამარით გადახურული და სამი მხრიდან მთლიანად მიწაში ჩამჯდარი რეზერვუარია. იგი ნაშენია საშუალო ზომის რიყის და წვრილი ნატეხი ქვით. შიგნიდან გალესილია კირის მტკიცე ხსნარით. ნაგებობის დასავლეთ კედელში მოწყობილია ორი პატარა ხვრელი, საიდანაც მიწიდან ნაჟონი წყალი რეზერვუარში (სანახევროდ მიწითაა ამოვსებული) გროვდება. რეზერვუარს წყლის გამოსასვლელად სადინარი ღარი აქვს დატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]