სტენლი — ქლიავის ამერიკული ჯიში. მიეკუთვნება უნგრულების ტიპს. მიღებულია აშშ-ში ნიუ-იორკის საცდელ სადგურში აჟანის უნგრულასა და დიდი ჰერცოგის შეჯვარებით.[1] ხასიათდება საშუალო-საგვიანო ყვავილობით, თვითდამტვერავი, მაღალმოსავლიანი და რეგულარულად მსხმოიარე ჯიშია, ერთი ხის საშუალო მოსავალი სრულმსხმოიარობაში 40–50 კგ-ს შეადგენს. მსხმოიარობაში შედის მე-4–5 წელს. ნაყოფი მწიფდება სექტემბრის დასაწყისში, გამოიყენება სასუფრედ, მზადდება საუკეთესო ხარისხის ჩირი. ნაყოფი წაგრძელებული, კვერცხისებრი ფორმისაა, კანის შეფერვა მუქი იისფერია, დაფარულია ნაფიფქით; მასა 40–45 გრამი. რბილობი მკვრივი და მოტკბო გემოსია, კურკა რბილობს ძირითადად ადვილად სცილდება, თუმცა ხანდახან რთულადაც. ქლიავის გასაშენებლად რეკომენდებული ჯიშია.[2]
↑მაღლაკელიძე, ელენე; ბობოქაშვილი, ზვიად (2015) ქლიავის ბაღის გაშენება. თბილისი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ციტირების თარიღი: 14 აპრილი, 2020.დაარქივებული 2021-08-03 საიტზე Wayback Machine.