სტანოვოი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტანოვოი — ქედების სისტემა აღმოსავლეთ ციმბირში, მდინარე ოლიოკმის შუაწელიდან მდინარე უჩურის სათავეებამდე. სიგრძე დაახლოებით 700 კილომეტრი, სიგანე 100-180 კილომეტრი, სიმაღლე 1500-2000 მეტრი, მაქსიმალური - 2412 მ. წარმოადგენს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისა და წყნარი ოკეანის მდინარეთა აუზების წყალგამყოფს. აგებულია არქეული და პროტეროზოური კრისტალური ფიქლებითა და გნაისებით. აქვს ოქროს, იშვიათი ლითონებისა და რკინის საბადოები. დამახასიათებელია გუმბათისებრი და ბრტყელმწვერვალიანი ქედები, განიერი ხეობები. თხემურ ნაწილში გვხვდება მყინვარული კარები, ცირკები და ტროგები.

ჰავა მკაცრია, კონტინენტური, იცის ცივი და ხანგრძლივი ზამთარი (ყინვები -30-40°). ზაფხულში ჰაერის საშუალო დღეღამური ტემპერატურა +10° ზევით დაახლოებით 2 თვეა. ნალექები დაახლოებით 500 მმ წელიწადში. კალთები შემოსილია ტაიგით (ლარიქსი), გვხვდება აიანის ნაძვის ტყე, 1200 მეტრზე მაღლა - ქონდარა ფიჭვი, თხემურ ნაწილში - მთის ტუნდრა, ხეობების ძირზე - მდელო და ტორფიანი ჭაობი.

ლიტერატურა[რედაქტირება]