სრულიად რუსეთის საბჭოების XVI ყრილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების სრულიად რუსეთის XVI ყრილობა (რუს. XVI Всероссийский съезд Советов Рабочих, Крестьянских и Солдатских Депутатов) — სრულიად რუსეთის საბჭოების რიგით მეთექვსმეტე ყრილობა, მიმდინარეობდა 1935 წლის 15-23 იანვარს მოსკოვში. ესწრებოდა 1748 დელეგატი (1293 გადამწყვეტი ხმით; მათ შორის საკავშირო კპ (ბ) წევრი 71,3%, კომკავშირელი 4,9%, უპარტიო 23,8%; სოციალური შემადგენლობა: მუშა 39,2%, გლეხი 22,9%, მოსამსახურე 37,9%; წარმოდგენილი იყო 48 ეროვნება).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღის წესრიგი: რსფსრ მთავრობის ანგარიში (დ. სულიმოვი); კომუნალური მეურნეობის მდგომარეობისა და რსფსრ-ში მისი შემდგომი განვითარების შესახებ (ნ. კომაროვი); სახალხო ჯანმრთელობის დაცვა და შემდგომი ამოცანები (გ. კამინსკი); თათრეთის ასსრ-ის ცაკის მოხსენება საბჭოთა სამეურნეო და კულტურული მშენებლობის შესახებ (გ. ბაიჩურინი); რსფსრ კონსტიტუციაში ცვლილებათა შესახებ (ა. კისელიოვი); სრულიად რუსეთის ცაკისა და სსრკ ცაკის ეროვნებათა საბჭოს წევრთა არჩევნები.

ყრილობამ მოიწონა რსფსრ სახკომსაბჭოს მუშაობა, აღნიშნა I ხუთწლიანი გეგმის (1929-1932) ვადამდე და II ხუთწლიანი გეგმის (1933-1937) 2 წლის გეგმის (1933-1934) წარმატებით შესრულება; დაავალა მთავრობას ყოველმხრივ შეეწყო ხელი ადგილობრივი მრეწველობის და სამრეწველო კოოპერაციის სწრაფი განვითარებისათვის. დააყენა მტს-ების მიერ ყველა კოლმეურნეობის მომსახურებისა და რსფსრ მთელ ტერიტორიაზე კოლექტივიზაციის დამთავრების ამოცანა. მიიღო დადგენილება სამედიცინო კადრების მომზადებისა და სოფლად ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების თაობაზე. თათრეთის ასსრ-ის ცაკის მოხსენებასთან დაკავშირებით ყრილობამ დაავალა რსფსრ-სა და თათრეთის ასსრ-ის მთავრობებს რესპუბლიკური სამეურნეო და კულტურული მშენებლობის შემდგომი აღმავლობის უზრუნველყოფა. დამტკიცდა სრულიად რუსეტის ცაკის დადგენილება ყარაყალპაკეთის, მორდოვიისა და უდმურტიის ავტონომიური ოლქების ავტონომიურ სოციალისტურ რესპუბლიკებად გარდაქმნის შესახებ.

ყრილობამ აირჩია სრულიად რუსეთის XVI მოწვევის ცაკი 401 წევრი და 5 წარმომადგენელი სსრკ ცაკის ეროვნებათა საბჭოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]