სიმღერა ნიბელუნგებზე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხელნაწერის პირველი გვერდი

სიმღერა ნიბელუნგებზე (გერმ. Nibelungenlied) — გერმანული საგმირო ეპოსი, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში უცნობი ავტორის მიერ არის შექმნილი.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ბურგუნდიაში სატახტო ქალაქ ვორმსში ცხოვრობდა მშვენიერი ასული კრიმჰილდე. მისი ძმები - გუნთერი, გერნოტი და გიზელჰერი ბურგუნდიის მეფეები და კეთილშობილი რაინდები იყვნენ.

ერთხელ კრიმჰილდემ ნახა სიზმარი, რომ მის შევარდენს ორი ორბი ჰკორტნიდა. შეშფოთებულმა სიზმარი დედას უამბო, რომელმაც განუმარტა - შევარდენი, ანუ მისი რჩეული, საყვარელი ადამიანი დაიღუპებოდა, თუ ღმერთი არ შეიწყნარებდა. ამიტომ კრიმჰილდემ გადაწყვიტა არავინ შეჰყვარებოდა.

ნიდერლანდის სამეფოში, ქალაქ ქსანტენში მეფე ზიგმუნდსა და დედოფალ ზიგელინდს ჰყავდათ უფლისწული ზიგფრიდი, რომელიც დიდი ფიზიკური ძალითა და სიბრძნით გამოირჩეოდა.

შეიტყო ზიგფრიდმა კრიმჰილდეს სილამაზის ამბავი, გადაწყვიტა, ცოლად შეერთო იგი და გასამგზავრებლად სამზადისს შეუდგა.

როცა რაინდები გუნთერის სასახლეს მიადგნენ, ისინი ვერავინ იცნო. მხოლოდ ჰაგენ ტრონიელმა, ბურგუნდთა სწორუპოვარმა რაინდმა და მრავალი ქვეყნის მხილველმა ივარაუდა, რომ იმ მოყმეთა შორის ზიგფრიდი უნდა ყოფილიყო. გაიხსენა, რაც მის შესახებ ჰქონდა გაგონილი: ერთხელ ზიგფრიდი ნიბელუნგების გარდაცვლილი მეფის შვილებს - ნიბელუნგსა და შილბუნგს გადაჰყრია, რომლებიც ნიბელუნგების განძს ვერ იყოფდნენ. დახმარებისთვის მისთვის მიუმართავთ და როდესაც მანაც ვერ შეძლო განძის გაყოფა, ძმები თავს დასხმიან, ზიგფრიდი შებრძოლებია და დაუხოცია ისინი. განძი ისევ გამოქვაბულში დაუტოვია თავის ძველ მცველთან, ჯუჯა ალბერიხთან. თან მხოლოდ ხმალი ბალმუნგი და უჩინ-მაჩინის ქუდი წამოუღია.

ჰაგენმა მეორე ამბავიც გაიხსენა: როდესაც ზიგფრიდმა დიდ ბრძოლაში ურჩხული დაამარცხა, სხეული მის სისხლში განიბანა და შეიმოსა რქოვანი კანით. ამგვარად იგი სრულიად შეუვალი გახდა. მხოლოდ ბეჭებზე, სადაც ცაცხვის ფოთოლი დაეცა და სისხლი არ მიეკერა, ჰქონდა პატარა დაუცველი ადგილი.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ბურგუნდელებმა გადაწყვიტეს, სტუმრები პატივით მიეღოთ. ცოტა ხანში ზიგფრიდმა ყველა მოხიბლა თავისი ფიზიკური ძალითა და სილამაზით. მასპინძლებს დაეხმარა სამტროდ მოსული საქსებისა და დანიელების მოგერიებაში. გამარჯვების აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე პიველად ნახა ზიგფრიდმა მშვენიერი კრიმჰილდე.

გუნთერს კი დიდი სურვილი ჰქონდა ცოლად ისლანდიის დედოფალი ბრუნჰილდე შეერთო. თუმცა ეს იოლი საქმე არ იყო, რადგან, პირობის თანახმად, მისი ხელის მაძიებელს ქალი სამ შეჯიბრში უნდა დაემარცხებინა თუ არა და სიკვდილი ელოდა. რადგან ბრუნჰილდეს ფიზიკური ძალის შესახებ საქვეყნოდ იყო ცნობილი, ჰაგენმა გუნთერს ურჩია, დახმარება ზიგფრიდისათვის ეთხოვა. ზიგფრიდმა აღუთქვა დახმარება, თუკი გუნთერი დას ცოლად გაატანდა.

შეჯიბრში უჩინ-მაჩინის ქუდის გამოყენებით დაამარცხა ზიგფრიდმა ბრუნჰილდე, თუმცა ქალი დარწმუნებული იყო რომ მას გუნთერმა სძლია.

ვორმსში ორი ქორწილი ერთად გაიმართა.

გუნთერს კიდევ დასჭირდა ზიგფრიდის დახმარება. შესჩივლა, რომ ბრუნჰილდემ პირველივე ღამეს არ მოისურვა მეუღლის ალერსი, გაბრაზებულმა წელიდან მოიხსნა ქამარი, გუნთერი გაკოჭა და კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე დაკიდა. მეორე ღამეს ბრუნჰილდესთან საძინებელში ზიგფრიდი შევიდა. ქალმა იგი სიბნელეში ვერ იცნო. ალერსზე კვლავ უარი უთხრა და გაიმართა ბრძოლა მათ შორის. ერთხანს ქალმა დაჯაბნა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ ზიგფრიდმა სძლია. შეხსნა მას ქამარი და ოქროს ბეჭედი, რომელნიც შემდეგ კრიმჰილდეს გადასცა.

მალე ზიგფრიდი მეუღლითურთ ნიდერლანდისკენ გაემგზავრა. ზიგმუნდ მეფე სიხარულით შეეგება მათ და შვილს გვირგვინი დაულოცა. ათი წლის თავზე მათ ვაჟი ეყოლათ, რომელსაც ბიძის მსგავსად გუნთერი უწოდეს. შემდეგ ბრუნჰილდესაც შეეძინა ვაჟი და მას ზიფრიდი დაარქვეს.

ბრუნჰილდეს თხოვნით გუნთერმა ბურგუნდიაში დაპატიჟა და და სიძე. სტუმრების პატივსაცემად მართავდნენ ნადიმებსა და ასპარეზობებს. ბრუნჰილდეს სულ ღრღნიდა ეჭვი, თუ რატომ არ იქცეოდა ზიგფრიდი ისე, როგორც ეს ვასალს შეეფერებოდა. ის ხომ გაიცნო, როგორც გუნთერის ვასალი. ამის გამო მოხდა კამათი რძალ-მულს შორისაც. ვორმსის ტაძარში წირვაზე დასასწრებად მისულმა დედოფლებმა არ ისურვეს ერთმანეთისთვის გზა დაეთმოთ. ბრუნჰილდეს აზრით, ქვეშევრდომი მასზე წინ არ უნდა წასულიყო. კრიმჰილდე კი თავს ვასალად არ მიიჩნევდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ამ უკანასკნელმა საიდუმლო გასცა. ბრუნჰილდემ შეიტყო, რომ საქორწილო სარეცელზე იგი ქმარმა კი არა, ზიგფრიდმა დაიმორჩილა და ამის დასტურად, მისგან წამოღებული ნივთებიც აჩვენა კრიმჰილდემ.

შეურაცხყოფილი ბრუნჰილდე ატირდა. მართალია, ზიგფრიდმა ყოველივე უარყო, მაგრამ ბურგუნდელებმა გადაწყვიტეს, არ შეერჩინათ მისთვის მათი დედოფლის ცრემლები.

ჰაგენმა მზაკვრული გეგმა შეიმუშავა: თითქოს საქსებისა და დანიის მეფეები მათთან საომრად ემზადებოდნენ. ზიგფრიმა ბურგუნდელებს დახმარება შესთავაზა. ჰაგენმა კრიმჰილდეს ცბიერებით დასტყუა ზიგფრიდის საიდუმლო. მას უნდა სცოდნოდა მისი ქმრის დაუცველი ადგილის შესახებ, რომ ხიფათისაგან დაეცვა. ქალი ანკესს წამოეგო.

ამასობაში ცრუ ელჩები იუწყებოდნენ, რომ ომი აღარ შედგებოდა. მაშინ მეფემ სანადიროდ წასვლა ბრძანა. წყაროზე წყლის დასალევად დახრილ ზიგფრიდს ჰაგენმა ბეჭებში შუბი ჩასცა.

მოკლულის ცხედარი ჩუმად მიიტანეს სასახლეში და კრიმჰილდეს ოთახის კართან დატოვეს. კრიმჰილდემ ბრძანა იგი ტაძარში გადაესვენებინათ და ყოველი მიმსვლელი მიახლოებოდა ცხედარს. მაშინ გამოჩნდებოდა, თუ ვინ იყო მკვლელი. ოდიდგან ასე ხდებოდა, მოკლულს ჭრილობიდან სისხლი სდიოდა მკვლელის მიახლოებისას.

გაირკვა, რომ ამ უბედურებაში ჰაგენი იყო დამნაშავე. კრიმჰილდე გუნთერის გამოც გულნატკენი დარჩა, რადგან ამ უკანასკნელმა მკვლელი დაიცვა - ზიგფრიდი არა მან, არამედ ყაჩაღებმა მოკლესო.

სამშობლოში უკან გაბრუნებულ მამამთილს ქალი აღარ გაჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ ის მას ნიდერლანდის გვირგვინს ჰპირდებოდა.

მოგვიანებით ჰაგენმა ნიბელუნგების განძი მიისაკუთრა და რაინის ფსკერზე ჩაძირა. ამან კიდევ უფრო გააგულისა კრიმჰილდე.

გავიდა ხანი. როდესაც ჰუნთა მეფე ეტცელს მეუღლე, ჰელხე დედოფალი გარდაეცვალა, მეორე ცოლის შერთვა გადაწყვიტა. ახლობლებმა მას ზიგფრიდის ქვრივი ურჩიეს და ეტცელმაც ელჩობა გაგზავნა ბურგუნდიაში. ქორწინების წინააღმდეგი თავად კრიმჰილდე და ასევე ჰაგენი იყვნენ, სხვა ყველა მოხარული იყო ამ ამბისა. ქალს არ სურდა წარმართ მეფეს გაჰყოლოდა ცოლად. ჰაგენს კი იმის შიში ჰქონდა, რომ ეტცელის გვერდით კრიმჰილდე სახიფათო ხდებოდა.

საბოლოოდ კრიმჰილდემ თანხმობა განაცხადა და ვენაში ჩვიდმეტდღიანი ქორწილის შემდეგ ახალდაქორწინებულები ეტცელბურგისკენ გაემგზავრნენ. მეშვიდე წელს დედოფალს ვაჟი შეეძინა და არ დაწყნარდა, ვიდრე არ მონათლა იგი. ვაჟს ორტლიბი დაარქვეს.

ცამეტ წელიწადს იცხოვრა კრიმჰილდემ უშფოთველად. ერთხელაც ქმარს სთხოვა თავისთან მოეწვიათ ბურგუნდელი მეფეები. ჰაგენის სტუმრობა ძალიან ეწადა.

ბურგუნდელები დიდ ამალით გაემგზავრნენ. მიუხედავად იმისა, რომ გუნერის დედა წინააღმდეგი იყო. ავი სიზმრის გამო გული ცუდს უგრძნობდა. ენახა, თითქოს მათ მხარეში ყველა ფრინველი დაეხოცათ.

როცა ამალა მდინარე მაინს მიადგა, გადასასვლელი ვერსად ნახეს. ჰაგენმა ორი ზღვის ქალი შეამჩნია, რომელნიც მდინარეში ბანაობდნენ და ჩუმად ტანსაცმელი მოპარა. ქალებმა სთხოვეს, ტანსაცმელი დაგვიბრუნე და მომავალს გიწინასწარმეტყველებთო. ასე შეიტყო ჰაგენმა ჰუნთა ქვეყანაში მოსალოდნელი დიდი განსაცდელის შესახებ. ქალების თქმით, ცოცხალი არავინ გადარჩებოდა, გარდა მეფის კაპელანისა (მღვდლისა). ჰაგენმა ვერ გაბედა ეს ამბავი ბატონებისთვის გაემხილა. როდესაც ბურგუნდელები მდინარეზე გადადიოდნენ, მან ისეთი რამ მოიმოქმედა, რასაც სხვებმა ახსნა ვერ მოუნახეს: ჰაგენმა კაპელანს ხელი ჰკრა და წყალში გადააგდო. მღვდელმა ცურვა არ იცოდა, მაგრამ ღვთის შეწევნით როგორღაც უკან ნაპირზე დაბრუნდა. მაშინ კი დარწმუნდა ტრონიელი, რომ ქალებმა სიმართლე უთხრეს.

სტუმრები კრიმჰილდემ ყალბი სიხარულით მიიღო. დიტრიხ ბერნელმა ისინი გააფრთხილა, რომ სიფრთხილე მართებდათ, რადგან ხშირად ესმოდა, თუ როგორ მოსთქვამდა დედოფალი და იგლოვდა ჯერ კიდევ ზიგფრიდს. კრიმჰილდე იმანაც გააღიზიანა, რომ ჰაგენი ზიგფრიდის ნაქონ ხმალს - ბალმუნგს დაუფარავად ატარებდა. მან მოახერხა საკუთარი ქვეშევრდომები ჰაგენი საწინააღმდეგოდ განეწყო.

ეტცელის მიერ სტუმრების პატივსაცემად გამართულ ნადიმზე გაჩაღდა შეიარაღებული დაპირისპირება ბურგუნდებსა და ჰუნებს შორის, რა დროსაც ჰაგენმა ეტცელის ვაჟი გამოასალმა სიცოცხლეს. ორივე მხარე დაუნდობლად იბრძოდა. ბოლოს ბურგუნდელთაგან მხოლოდ ჰაგენი და გუნთერი გადარჩნენ.

კრიმჰილდემ ჰაგენს შესთავაზა, რომ ნიბელუნგების განძის სანაცვლოდ სამშობლოში უვნებელს გაუშვებდა. მან კი უპასუხა, რომ ფიცი ჰქონდა დადებული და განძს არავის მისცემდა, მისი ერთი მეფე თუ მაინც იქნებოდა ცოცხალი. ქალმა ბრძანა მეფე გუნთერისთვის, ანუ მისი ძმისთვის თავი მოეკვეთათ. ტრონიელმა არც ამ შემთხვევაში გაამხილა განძის ადგილ-სამყოფელი. მაშინ გამძვინვარებულმა კრიმჰილდემ თვითონ მოჰკვეთა თავი საძულველ მტერს. ამ ამბავს შეესწრო დიტრიხ ბერნელის რაინდი ჰილდებრანდი და იმდენად შეძრწუნდა, რომ ქალი სიცოცხლეს გამოასალმა.

ასე დასრულდა დიდი სისხლისღვრა, რომელიც თავად კრიმჰილდეს არ სურდა. მისი შურისძიება მხოლოდ ჰაგენისკენ იყო მიმართული და ამ ერთის სიკვდილიც სრულიად დაუცხრობდა შურიძიების წყურვილს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სიმღერა ნიბელუნგებზე, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1982, მთარგმნელი აკაკი გელოვანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]