სიზმარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nun's dream by Karl Briullov.jpeg

სიზმარი — ძილის მდგომარეობაში სრულიად უნებლიე აღმოცენება და მიმდინარეობა ფსიქიკური შინაარსებისა, უმთავრესად თვალსაჩინო წარმომადგენებისა, რაც ძირითადად უნებლიე ფანტაზიის ობიექტური სინამდვილით შეუზღუდავი გამოვლინებაა (ძილში სიზმრის შინაარსს სუბიექტი რეალობად განიცდის). ზოგჯერ სიზმარს პირველ ბიძგს აძლევს ან მის შინაასში ჩაერთვის რეალური გამღიზიანებლით გამოწვეული შეგრძნებები. ამაზეა დამყარებული სიზმრის ექსპერიმენტული გამოწვევა სუსტი ოპტიკური, აკუსტიკური ან შეხებითი გამღიზიანებლებით, ფანტაზიის გამოვლენის ტოპირი ფორმები განსაკუთრებით ფართოდ ვლინდება გაბმულშინაარსიან სიზმარში, ზოგჯერ კი ალეგორიული მნიშვნელობის წარმოდგენათა სახითაც. ასეთ სიზმარში უნებლიე ფანტაზიას აამოქმედებს ხოლმე ცხოვრებაში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება (ორგანული ან მაღალპიროვნული). სიზმარში ფანტაზია იმას წარმოგვიდგენს, რის მიმართაც განწყობილი ვართ. მაგ., სასურველს; სეიძლება პირიქით მოხდეს, დაგვესიზმროს ის, რაც გვაწუხებს, გვაღელვებს, რის რიდი და შიშიც გვაქვს.

ზოგჯერ სიზმარში ფანტაზია აგრძელებს იმ მოქმედებას, რომლის ინტენსიური შესრულებისას ცხოვრებაში მოჰყვა ამ მოქმედების განწყობის ფიქსაცია (მაგ., მთარგმნელი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ტარგმნიდა, სიზმარშიც ამას აკეთებს). სიზმრის ფიზიოლოგიური საფუძველია ძილის გამო შეკავებულ მდგომარეობაში მყოფი ტვინის ქერქის ცალკეული არეების გამოსვლა შეკავებული მდგომარეობიდან („განმუხრუჭება“), რაც ზოგჯერ წარმოდგენათა ფრაგმენტულ ქაოსურ მსვლელობასაც იწვევს.

სიზმარი ძველად[რედაქტირება]

ჯერ კიდევ უძველეს დროში აფიქრებდა ადამიანს სიზმრად ნანახი. როდესაც პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმატული აზრი სამყაროზე, ადამიანებმა ირწმუნეს, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალები, ეს ძალებიიმყოფება საგნებში (მათ ფეტიები უწოდეს), ადამიანთა, ცხოველთა და მცენარეთა სხეულში (მათ „სულები“ უწოდეს). ახსნეს სიზმარიც: იგი მიიჩნიეს „სულის“ თავგადასავლად, „სული“ კი თითქოს მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. ჩვენი შორეული წინაპრები უმეცარნი იყვნენ. არ შეეძლოთ შებრძოლებოდნენ ბუნების ძალებს და ქმნიდნენ სხვადასხვა მაგიურ წეს-ჩვეულებებს, მკითხაობდნენ, წინასწარმეტყველებდნენ და ასე შემდეგ. სიზმარი, რომლის დროსაც, მათი აზრით, ადამიანების, მცენარეთა და ცხოველთა სულებს, მიაჩნდათ მომავლის საიდუმლოეათა ამოსაცნობ და ღმერთების ნება-სურვილის წინასწარმაუწყებელ საშუალებად. სიზმრების მიხედვით ცდილობდნენ გაეგოთ წარმატებით ინადირებდნენ თუ არა, როდის იყო უკეთესი ბრძოლის დაწყება, ხელსაყრელი იქნებოდა თუ არა საცხოვრებლად შერჩეული ადგილი და ასე შემდეგ. სიზმირის მიხედვით შელოცვები და წინასწარმეტყველება გავრცელებული იყო ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში, ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. სიზმრებისა განსაკუთრებით სწამდათ შუა საუკუნეებში. XIX საუკუნეშიც ბევრი გაუნათლებელი ადამიანი ფართოდ სარგებლობდა ე. წ. „სიზმრის ამხსნელი“ წიგნებით.

სიზმარი ახლა[რედაქტირება]

მოწინავრე მეცნიერებმა გამოთქვეს აზრი, რომ სიზმრებში არაფერი საიდუმლოება არ არის. სიზმარი წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას ძილში. ყველაზე უკეთ ეს აზრი ი. სეჩენოვმა გამოთქვა. მან სიზმარს „არსებულ შთაბეჭდილებათა არნახული კომბინაცია“ უწოდა. სიზმრის ფიზიოლოგიის, მისი შინაგანი მექანიზმის სრული ახსნა შესაძლებელი გახდა უმაღლესი ნერვული მოქმედების მოძღვრების დახმარებით, კერძოდ, შეკაების პროცესის თავისებურებათა გაგების შედეგი. ცდებმა აჩვენა, რომ ნერვული უჯრედის აგზნების მდგომარეობიდან სრულ შეკავებაში გადასვლა და, პირუკვუ, ხდება რიგი შუალედური ე. წ. ჰიპნოზური ფაზებით როდესაც ძილი ღრმაა, სიზმრებს არ ვნახულობთ, მაგრამ თუ ტვინის ცალკეულ უჯრედებსა და უბნებში შეკავების ძალა რაიმე მიზეზით სუსტდება, და სრულ შეკავებას შეენაცვლება ერთ-ერთი გარდამავალი ფაზა, ვხედავთ სიზმრებს. განსაკუთრებით საინტერესოა პარადოქსული ფაზა. ამ ფაზაში მყოფი უჯრედები სუსტ გაღიზიანებას უფრო ინტენსიურად პასუხობენ, ვიდრე ძლიერს, ზოგჯერ კი გაღიზიანებას, საერთოდ, არ პასუხობენ. პარადოქსულ ფაზაში მყოფ ქერქის უჯრედებში ძველი განცდების ან შთაბეჭდილებების ნახევრად წაშლილი კვალი შეიძლება გადაიქცეს სუსტ გამღიზიანებლად; ამ შემთხვევაში ის, რაც უკვე დიდი ხანია დაგვავიწყდა, ადამიანის ტვინში წარმოშობს მშვენიერ და ამაღელვებელ წარმოდგენებს, ისე, თითქოს მათ ცხადში ვხედვადე. დიფუზური შეკავების ფონზე ძილის დროს ტვინში ხშირად ჩნდება აგზნების კერები. ისინი დაკავშირებულია სურვილებთან და მისწარაფებებთან, რომლებზეც მთელი დღის განმავლობაში ვფიქრობდით. ეს მექანიზმი (ფიზიოლოგები მას მთვლემარე დომინანტის გამოცოცხლებას უწოდებენ) უდევს საფუძვლად იმ იშვიათ სიზმრებს, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ჩანაფიქრი და ოცნება ასრულებულია. ტვინი ძილის დროს თავისებურად მოქმედებს და ეს მოქმედება მკვეთრად განსხვავდება სიფხიზლის დროს მის მოწესრიგებული მოქმედებისაგან. როდესაც ადამიანი ფხიზელია, გარემოს ნათლად, კრიტიკულად აღიქვამს, აანალიზებს საკუთარ ქცევებსა და აზრებს. ყოველივე ეს ხდება დიდი ტვინის ქერქის სხვადასხვა ნაწილების შეთანხმებული მუშაობით. ძილში კი ტვინის ნაწილები შეუთანხმებლად, ქაოსურად მოქმედებენ. ტვინის ქერქის უდიდესი ნაწილი სრული შეკავების მდგომარეობაშია, ალაგ-ალაგ კი ჩართულია ნერვიულ უჯრედთა ცალკეული უბნები, რომლებიც გარდამავალ ჰიპნოზურ ფაზაში იმყოფებიან. ამავე დროს შეკავების პროცესი ადგილს ინაცვლებს ქერქში და იქ, სადაც რამდენიმე წუთის წინ სრული შეკავება იყო, უცებ თავს იჩენს ნაწილობრივი აგზნება და პირიქით.[1]

ფროიდისეული ახსნა[რედაქტირება]

ფროიდს XX საუკუნის ფსიქოლოგთა შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი მონოგრაფია "სიზმრის ახსნა" 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მას შემდეგ არც ერთ ნაშრომს არ მოუხდენია ამხელა გავლენა ფსიქოლოგიაზე. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ფროიდამდე ადამიანის ქცევის მარეგულირებლად ცნობიერება ითვლებოდა, ფროიდმა კი აღმოაჩინა, რომ ცნობიერების მიღმა დამალულია სხვა, პიროვნებისთვის გაუცნობიერებელი მისწრაფებანი და სურვილები, რომლებიც ხშირად განაპირობებს ადამიანის ქცევას. ფროიდს მიაჩნდა, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი. კერძოდ, სიზმრებში ვლინდება ფსიქიკის ნევროზული დარღვევები, სიზმრის შინაარსი კი შეესაბამება ადამიანის გაუცნობიერებელ სურვილებს, მისწრაფებებს და მოტივებს. სიზმარი ადამიანის ფსიქიკური ცხოველქმედების პროდუქტია. მის ახსნას კი ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველ რიგში საშუალება გვეძლევა გავიგოთ, რა კავშირშია სიზმარი პიროვნების სულიერ მდგომარეობასთან, მის ბიოლოგიურ ფუნქციებთან და მეორე - შეგვიძლია გავარკვიოთ, აქვს თუ არა სიზმრის ყოველ ელემენტს თავისი "მნიშვნელობა". ზოგიერთი მოაზროვნის შეხედულებით, სიზმარი მომდინარეობს ფსიქიკური აგზნებისგან, აგრეთვე - იმ სულიერი ძალებისგან, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში ვერ პოულობენ გამოხატულებას. პრაქტიკოს ექიმთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ სიზმარს არავითარი ახსნა არ მოეპოვება - იგი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელსაც თავის ტვინის განსაზღვრული უჯედებისა და სხვა ორგანოების გაღიზიანება-აგზნება განაპირობებს. თუ სიზმარი შუალედური მდგომარეობაა ძილსა და სიფხიზლეს შორის, მაშ, უნდა გავარკვიოთ, რა არის ძილი. ეს ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური პრობლემაა, რომელშიც ბევრი რამ არის საკამათო. ფროიდი ფიქრობს, რომ ძილს შეიძლება ფსიქოლოგიური დახასიათება მიეცეს. ძილი - ეს არის მდგომარეობა, რომელშიც მე არ მინდა რამე ვიცოდე გარემომცველი სამყაროს შესახებ. ჩემი ინტერესი მის მიმართ ქრება. მე ძილში ვიძირები, ვწყდები გარესამყაროს, ხდება გარე გამღიზიანებლების შეკავება, თითქოს გარესამყაროს ვეუბნები: "თავი დამანებე, მე მეძინება". ამგვარად, ძილის ბიოლოგიური მიზანი ალბათ დასვენებაა, ფიზიოლოგიურ ნიშან-თვისებას კი გარესამყაროსადმი ინტერესის დაკარგვა წარმოადგენს. ჩვენი დამოკიდებულება გარესამყაროსადმი, რომელშიც ასე უხალისოდ ვბრუნდებით, ალბათ ისეთი რამის მატარებელია, რომლის განუწყვეტლივ გადატანა არ შეგვიძლია, ამიტომ დროდადრო ვუბრუნდებით მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით ამქვეყნად მოვლინებამდე, ვიქმნით მუცლადყოფნის პერიოდის ანალოგიურ პირობებს: თბილა, ბნელა, არაფერი გვაღიზიანებს... ზოგიერთი ძილის დროს სწორედ ისეთ პოზას იღებს, როგორსაც ემბრიონი დედის მუცელში. დილით ყოველი გაღვიძება თითქოს ხელახლა დაბადებას ჰგავს. თუ ძილს ასეთნაირად გავიგებთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ სიზმრებს აქ საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ ადგილი. ძილში არ უნდა იყოს არანაირი სულიერი ცხოვრება, და თუ ის მაინც არის, მაშინ სრული სიმშვიდის მდგომარეობას ვერ ვაღწევთ. სულიერი ქმედების ნარჩენებისგან სრული გათავისუფლება შეუძლებელია. სწორედ ეს ნაშთები წარმოადგენს სიზმრებს. და ამ სიზმრებს აზრი არ სჭირდება. ამრიგად, სიზმრები ძილის ხელისშემშლელი სულიერი ცხოვრების ნარჩენებს წარმოადგენენ. ასე რომ, რაც უნდა ზედმეტი გვეჩვენებოდეს სიზმრები, ისინი მაინც არსებობენ და უნდა ვეცადოთ, გავარკვიოთ მათი არსებობის მიზეზი. რატომ არ წყდება სულიერი ცხოვრება სრულიად? ალბათ იმიტომ, რომ მას რაღაც არ ასვენებს. მასზე მოქმედებენ გამღიზიანებლები და ის მათზე რეაგირებს. ამრიგად, სიზმრები - ეს არის ფსიქიკის რეაგირება ძილში მოქმედ გამღიზიანებლებზე. სპეციალისტებთან სიზმრების განხილვა დაგვეხმარება, ვიპოვოთ ძილის ხელისშემშლელი გამღიზიანებლები, რომლებზეც ადამიანი სიზმრებით რეაგირებს. სიზმრების სამყარო რეალურისგან განსხვავდება, მაგრამ ძილში, ისევე როგორც ცხადში, არსებობს თავისი ლოგიკა, განსაკუთრებული პერსპექტივა, თავისებური აშკარა და დაუჯერებელი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საბავშვო ენციკლოპედია. ტომი VII, გვ.174 - თბილისი, „ნაკადული“, 1968.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: