ჰიპნოზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიხარდ ბერგი – ჰიპნოზის სეანსი

ჰიპნოზი (ძვ.-ბერძნ. ὕπνος - ძილი) — ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობა, რომელი ხასიათდება ღრმა მოდუნებით, შთაგონებისადმი მიმღებლობით, აღქმის, მეხსიერების, მოტივაციის და თვითკონტროლის ცვლილებებით. ჰიპნოზში მყოფი ადამიანი გარეგნულად ძილის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფება, თუმცა ძილი მასში საერთოდ არ მონაწილეობს. ჰიპნოტურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები მომატებული შთაგონებადობით ხასიათდებიან ჰიპნოტიზიორის შთაგონების მიმართ. ისინი გრძნობენ, რომ მათი ქცევა ყოველგვარი ცნობიერი განზრახვისა და ძალისხმევის გარეშე ხორციელდება.

ჰიპნოზის მოქმედების ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შესახებ მკვლევართა შორის თანხმობა არ არსებობს. ადრეული თეორიის თანახმად, ჰიპნოზში მყოფი პირები ტრანსის მაგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომელიც დიდად განსხვავდება ფხიზელი ცნობიერების მდგომარეობისგან. მეორე თეორიის თანახმად კი ჰიპნოზი მხოლოდ მომატებულ მოტივაციას წარმოადგენს. სხვა თეორიების მიხედვით, ჰიპნოზი როლური თამაშის ერთ-ერთი ნაირსახეობა - პლაცებო რეაქციის სახეობაა და მიმართულია ჰიპნოტიზიორის მოწონების დასამსახურებლად.

ჰიპნოტური სტიმულაცია[რედაქტირება]

ჰიპნოტური სტიმულაცია ჰიპნოზის მოსამზადებელი ეტაპია. ეს არის მოსამზადებელ აქტივობათა ერთობლიობა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს გარე გამღიზიანებლები და მონაწილეებს მხოლოდ შეთავაზებულ სტიმულებზე ამახვილებინებს ყურადღებას და შთააგონებს, რომ ისინი ცნობიერების განსაკუთრებულ მდგომარეობაში გადასასვლელად ემზადებიან.

ჰიპნობილურობა[რედაქტირება]

ჰიპნობილურობა იმის მაჩვენებელია, თუ რა ხარისხით ექვემდებარება მოცემული ინდივიდი სტანდარტულ ჰიპნოტურ შთაგონებას. ინდივიდები შთაგონებადობის ფართო დიაპაზონით ხასიათდებიან, მისი სრული არქონიდან ტოტალურ შთაგონებამდე.

ჰიპნობილურობა შედარებით სტაბილური მახასიათებელია. როგორც კვლევები ცხადყოფს, მოზრდილებში ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად უცვლელი რჩება. ბავშვები უფრო მაღალი შთაგონებადობით გამოირჩევიან. ეს მონაცემი თავის მაქსიმუმს მოზარდობის ასაკში აღწევს, შემდეგ კი თანდათან კლებულობს.

ჰიპნოტური ანალგეზია[რედაქტირება]

მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ჰიპნოზს ტკივილის შემცირების უნარი აქვს, რასაც ჰიპნოტური ანალგეზია ეწოდება. ვინაიდან ჩვენი გონება წინასწარი განჭვრეტითა და შიშით აძლიერებს ტკივილის სტიმულებს, ჰიპნოზის საშუალებით სწორედ ამ ფსიქოლოგიური ეფექტის შემცირებაა შესაძლებელი. ტკივილის კონტროლი მიიღწევა სხვადასხვა ჰიპნოტური შთაგონებით: სხეულის ნაწილის არაორგანულად ან მთლიანი სხეულისგან განცალკევებულად წარმდგენა, გონების განთავისუფლება სხეულისგან, დროის სხვადასხვანაირად დამახინჯება. ჰიპნოზი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისეთ პაციენტებთანაა, რომელთა შემთხვევაშიც სრული ანესტეზიის მიღწევა შეუძლებელია (მაგ.: ორსული ქალების შემთხვევაში).

აუტოჰიპნოზი (თვითჰიპნოზი) ტკივილის კონტროლისადმი საუკეთესო მიდგომაა, რადგან პაციენტს ტკივილის გაჩენისთანავე შეუძლია მისი გამოყენება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ფ.ზიმბარდო, რ. გერიგი - ფსიქოლოგია და ცხოვრება.