საჯარო სამსახურის ბიურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საჯარო სამსახურის ბიურო

საჯარო სამსახურის ბიუროს ლოგო
უწყების შესახებ
შეიქმნა 29 ოქტომბერი, 2004[1]
მთავარი სამმართველო საქართველო, თბილისი, 0134, ინგოროყვას ქ. №7


უწყების ხელმძღვანელი ეკატერინე ქარდავა, ბიუროს უფროსი
უწყების ტიპი საჯარო სამართლის იურიდიული პირი
საიტი
http://www.csb.gov.ge/
http://hr.gov.ge
http://declaration.gov.ge
ბიუროს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე

საჯარო სამსახურის ბიუროსაჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქართველოში საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, საჯარო სამსახურის საბჭოსა და მისი წევრების საქმიანობის ორგანიზაციული, ტექნიკური, საინფორმაციო და საექსპერტო უზრუნველყოფა, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობისა და დეკლარაციის დროულად ჩაბარებაზე კონტროლის უზრუნველყოფა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება[2][3].

ბიუროს ამოცანები და ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიუროს ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო სამსახურის ბიუროს ძირითადი ამოცანებია[4]:

  • საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციის ხელშეწყობა;
  • საჯარო სამსახურის სფეროში არსებული მდგომარეობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულების ანალიზი, აღნიშნულის თაობაზე საქართველოს მთავრობისთვის მოხსენების, ხოლო საჯარო სამსახურის საბჭოსათვის — შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების წარდგენა;
  • საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესების, საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვა­ლიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია და მეთოდური დახმარების გა­­წევა;
  • საჯარო სამსახურის მართვის სრულყოფის მიზნით საჯარო სამსახურის სფეროში სხვა სახელმწიფოთა გამოცდილების შესწავლა და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
  • თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენის უზრუნველყოფა, შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და მისი შინაარსის საჯაროობის უზრუნველყოფა.

ბიუროს ფუნქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო სამსახურის ბიუროს თავისი მიზნების მისაღწევად[5]:

  • შეისწავლის საჯარო სამსახურის სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, შეიმუშავებს წინადადებებს სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურის ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ;
  • შეიმუშავებს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტების, ინსტრუქციების, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტებისა და საკანონმდებლო წინადადებების პროექტებს;
  • შეისწავლის საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
  • უზრუნველყოფს საჯარო სამსახურის სფეროში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, აანალიზებს მათ და ქმნის საჯარო სამსახურის ერთიან სახელმწიფოებრივ საინფორმაციო სისტემას;
  • ახორციელებს კონტროლს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენაზე და იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე.

ხელმძღვანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი[6].

ბიუროს უფროსი[7]:

  • ხელმძღვანელობს ბიუროს საქმიანობას და წარმოადგენს ბიუროს მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • შეიმუშავებს ბიუროს წლიურ სამუშაო გეგმას და წარადგენს საჯარო სამსახურის საბჭოზე დასამტკიცებლად;
  • ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს საქართველოს მთავრობასა და საჯარო სამსახურის საბჭოს ბიუროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ფინანსურ ანგარიშს;
  • ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს, ანაწილებს ფუნქციებს ბიუროს თანამშრომლებს შორის;
  • თვალყურს ადევნებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
  • ასრულებს საჯარო სამსახურის საბჭოს მდივნის ფუნქციებს.

ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი[8]. ბიუროს უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს ბიუროს უფროსის მოადგილე[9].

ბიუროს სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო სამსახურის ბიურო შედგება აპარატისგან (დეპარტამენტისგან), საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტისა და დეკლარაციაზე მუშაობის დეპარტამენტისგან[10].

საჯარო სამსახურის ბიუროს აპარატის ძირითადი ფუნქციაა შეიმუშავოს საჯარო სამსახურის სფეროში სამოქმედო სტანდარტები, ინსტრუქციები, სხვა მეთოდური და ნორმატიული დოკუმენტები და საკანონმდებლო წინადადებების პროექტები[11].

საჯარო სამსახურის რეფორმისა და განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციაა შეიმუშავოს წინადადებები სახელმწიფო ორგანოთა სტრუქტურების ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების, ამ სტრუქტურებში შესაბამისი თანამდებობების ადგილისა და როლის შესახებ; შეისწავლოს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურში მიღების, ატესტაციის, დაწინაურების, სამსახურიდან გათავისუფლების არსებულ პრაქტიკა და შეიმუშავოსს შესაბამის რეკომენდაციები[12].

დეკლარაციებზე მუშაობის დეპარტამენტი ადგენს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციას და უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ დეკლარაციის სწორად შევსებას; აკონტროლებს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარდგენას; იღებს, აღრიცხავს და ინახავს შევსებულ დეკლარაციას და ურუნველყოფს მის საჯაროობას[13].

რეფორმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჯარო სამსახურში გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ხარისხზე ორიენტირებული გარემოს შესაქმნელად, სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების ჩამოსაყალიბებლად და მოქალაქეთა სამართლიანი და თანასწორი მომსახურების უზრუნველყოფად, საჯარო სამსახურის ბიურო ახორციელებს რეფორმებს[14].

დასაქმების ელექტრონული პორტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ივნისში ამოქმედდა საჯარო სამსახურში დასაქმების ელექტრონული პორტალი www.hr.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ტარდება კონკურსი საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე. ყველა სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებას დაეკისრა ვალდებულება ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადოს მხოლოდ ამ ვებგვერდის საშუალებით[15]. ნებისმიერ დასაქმების მსურველს აქვს საშუალება, უფასოდ დარეგისტრირდეს საიტზე, შეავსოს რეზიუმე, მოიძიოს სასურველი ვაკანსია და ელექტონულად გააკეთოს მასზე განაცხადი[16]. სისტემა ამარტივებს როგორც კონკურსის გამოცხადების, ასევე მასში მონაწილეობის მიღების პროცედურას[14].

ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული პორტალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამდებობის პირი ვალდებულია თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში ყოველწლიურად, ყოველი წინა დეკლარაციის შევსების დღიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ერთი კვირის ვადაში შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რომელშიც აისახება თანამდებობის პირის მიერ წინა წელს შევსებულ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების ცვლილებები[17]. ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის მექანიზმის გასაუმჯობესებლად, 2010 წელს საფუძველი ჩაეყარა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების ელექტრონული პლატფორმის www.declaration.gov.ge შექმნას[18]. ონლაინ სისტემაზე გადასვლამ საგრძნობლად გააუმჯობესა და გაამარტივა დეკლარაციების შევსება და ჩაბარება თანამდებობის პირთათვის. ამასთან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ეძლევა შესაძლებლობა ბიუროში მისვლის, განცხადების დაწერისა და მოსაკრებლის გადახდის გარეშე, ოფისიდან გაუსვლელად გაეცნოს, ჩამოტვირთოს სასურველი თანამდებობის პირის დეკლარაცია[14].

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საჯარო სამსახურის ბიურო, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ ინიცირებული პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში, დაჯილდოვდა 2011 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის[19];
  • 2013 წელს საჯარო სამსახურის ბიუროს „თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონულმა სისტემამ“ გაიმარჯვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ საჯარო სამსახურის პრესტიჟულ კონკურსზე ნომინაციაში „კორუფციის პრევენცია და დამარცხება საჯარო სამსახურში“[20];
  • საჯარო სამსახურის ბიურო, თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ ინიცირებული პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა — www.opendata.ge“ ფარგლებში, დაჯილდოვდა 2012-2013 წლებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საუკეთესოდ უზრუნველყოფისთვის[21].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 29 ოქტომბრის №472 ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“
  2. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 129-ე მუხლის პირველი პუნქტი
  3. ბიუროს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი
  4. ბიუროს დებულების მე-2 მუხლი
  5. ბიუროს დებულების მე-3 მუხლი
  6. ბიუროს დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტი
  7. ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 ქუნქტი
  8. ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი
  9. ბიუროს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი
  10. ბიუროს დებულების მე-5 მუხლი
  11. ბიუროს დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი
  12. ბიუროს დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი
  13. ბიუროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი
  14. 14.0 14.1 14.2 რეფორმა საჯარო სამსახურში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2014-01-29.
  15. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი
  16. www.hr.gov.ge — საჯარო სამსახურში დასაქმების ელექტრონული პორტალი.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-28. ციტირების თარიღი: 2011-11-09.
  17. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი
  18. www.declaration.gov.ge — თამანდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ელექტრონული პორტალი.
  19. „საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით საუკეთესოა“. საჯარო სამსახურის ბიურო (2013-06-12).[მკვდარი ბმული]
  20. „საჯარო სამსახურის ბიურომ გაეროს პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა“. საჯარო სამსახურის ბიურო (2013-06-20).[მკვდარი ბმული]
  21. „საჯარო სამსახურის ბიურო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით საუკეთესოა“. საჯარო სამსახურის ბიურო (2013-09-12).