საქართველოს სსრ კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი — სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალი — ისტორიულ-პარტიული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. ქართულ ენაზე თარგმნიდა და გამოსცემდა კარლ მარქსის, ფრიდრიხ ენგელსისა და ვლადიმერ ლენინისს ნაშრომებს, აგროვებდა და იცავდა დოკუმენტებს საქართველოს კომუნისტური პარტიისა და რევოლუციური მოძრაობის ისტორიულ საკითხებზე, რევოლუციურ მოღვაწეთა ცხოვრებასა და საქმიანობაზე და სხვა. გამოსცემდა დოკუმენტებისა და მასალების კრებულებს, მონოგრაფიულ ნაშრომებს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ისტორიის, პარტიული მშენებლობისა და მეცნიერული კომუნიზმის საკითხებზე. ინსტიტუტს დასაბამი მისცა საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1922 წლის 24 ივნისის დადგენილებით შექმნილმა პარტიის ისტორიის კომისიამ (პარტისმა). საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1932 წლის 23 თებერვლის დადგენილებით თბილისში შეიქმნა სტალინის ისტორიულ-პარტიული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ამავე წელს მოხდა პარტისის რეორგანიზაცია და მისი შეერთება ინსტიტუტთან, 1933 წლიდან ინსტიტუტის გამგეობაში გადავიდა საქართველოს რევოლუციის მუზეუმი, რომელიც არსებობდა 1937 წალმდე. საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის 1936 წლის 7 ოქტომბრის დადგენილებით, ინსტიტუტს დაევალა ვ. ი. ლენინის მუზეუმის ფილიალის მოწყობა, რომელიც გაიხსნა 1938 წლის 2 ივლისს და 1940 წლამდე არსებობდა ინსტიტუტთან. 1934 წლის ივლისიდან ინსტიტუტს ეწოდა საკავშირო კპ (ბ) ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მაქრს-ენგელ-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი, 1944 წლის სექტემბრიდან — საქართველოს ფილიალი, 1953 წლის ივლისიდან — საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი — სკკპ ცენტრალუ კომიტეტთან არსებული მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის ინსტიტუტის ფილიალი, 1956 წლის მარტიდან — საქართველოს კპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტი — სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ფილიალი.

ინსტიტუტში არსებობდა 5 სექტორი: მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა შრომების თარგმნის, ვ. ი. ლენინის თხზულებათა სრული კრებულის გამოსაცემად მოსამზადებელი ჯგუფი, პარტიის ისტორიის, პარტიული მშენებლობის, მეცნიერული კომუნიზმისა და პარტიული არქივი. ინსტიტუტს ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ინსტიტუტმა გამოსცა: კ. მარქსის „კაპიტალი“, აგრეთვე კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ცალკეული ძირითადი ნაშრომები, ვ. ი. ლენინის თხზულებათა I—III გამოცემების რამდენიმე რომი, 1948—1953 წლებში სრულად გამოსცა IV გამოცემის 35 ტომი, შემდეგ კი დამატებით 10 ტომი და სხვა ნაშრომები. სამჯერ გამოსცა „საქართველოს კომპარტიის ისტორიის ნარკვევები“.

აზერბაიჯანისა და სომხეთის პარტიის ისტორიის ინსტიტუტთან ერთად მოამზადა და გამოსცა „ამიერკავკასიის კომუნისტური ორგანიზაციები ისტორიის ნარკვევები“ ორ ნაწილად, კრებული „ვ. ი. ლენინი ამიერკავკასიის შესახებ“ (რუსულ ენაზე), „ამიერკავკასიის შესახებ“ (რუსულ ენაზე), „ამიერკავკასიის კომუნისტურების მოგონებანი ვ. ი. ლენინზე“ (რუსულ ენაზე), „ამიერკავკასის კომუნისტური ორგანიზაციების მოღვაწეობა მშრომელთა ინტერნაციონალური აღზდისათვის“ (რუსულ ენაზე) და სხვა. ინსტიტუტთან არსებობდა სპეციალიზირებული სამეცნიერო საბჭო პარტიის ისტორიის საკითხებზე დისერტაციების დასაცავად და საკოორდინაციო საბჭო, რომელიც ახდენს რესპუბლიკაში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის კოორდინაციას ისტორიულ-პარტიული მეცნიერების დარგში. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]