საქართველოს ბუნების დაცვის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„საქართველოს სსრ ბუნების დაცვის საზოგადოების საქართველოს ბუნების დაცვის მუზეუმი“ — კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიზნად ისახავდა მოსახლეობის ფართო მასებისთვის გაეცნო საქართველოს ცოცხალი და არაცოცხალი ბუნება, ამასთან პროპაგანადასა და პოპულარიზაციას უწევდა ბუნების დაცვას. შეიქმნა 1965 წლის 25 აპრილს ვასილ გულისაშვილისა და ნიკო კეცხოველის თაოსნობით, არჩილ ჯანაშვილის, ვ. მირზაშვილის, ლ. აზმაიფარაშვილისა და სხვების მონაწილეობით.

მუზეუმში იყო 6 განყოფილება: ჰავის, წყლების, ნიადაგების, საძოვრების, ტყეებისა და ფაუნის. პირველ დარბაზში წარმოდგენილი იყო საქართველოს ჰავის ყველა ძირითადი ელემენტების მაჩვენებელი, მათი ნაირგვარობა ვერტიკალური სარტყლების მიხედვით, მდინარეთა წყლიანობა, ზედაპირული ჩამონადენი, წყალსატევები, თერმული და მინერალური წყლები. მეორე დარბაზში ექსპონირებული იყო საქართველოს —ნახევრად უდაბნოს, ველის,სუბალპური მარალბალახეულობისა და ალპური მდელოს ნიადაგთა ნიმუშები.

მესამე დარბაზი ეთმობოდა საქართველოს ტყეს. ყოველი ვერტიკალური სარტყლისათვის ექსპონირებულია შესატყვისი სამუზეუმო მასა (მერქნის, თესლებისა და ფოთლების ნიმუშები, სათანადო ცხრილები, დიაგრამები, ფოტოები და სხვა).

მეოთხე დარბაზი წარმოადგენდა საქართველოს ფაუნას (ძუძუმწოვრები და ფრინველები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]