საქართველოს ფაუნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფასკუნჯი შიო მღვიმელის მონასტრის თავზე
ცხვრები ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში

საქართველოს ცხოველთა სამყარო (ფაუნა) საკმაოდ მრავალფეროვანია. საქართველოში ცნობილია ძუძუმწოვრების 100-მდე, ფრინველების 330-ზე მეტი, ქვეწარმავლების 48, ამფიბიების 11, თევზების 160-მდე და უხერხემლო ცხოველების ათასობით სახეობა.

საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდაა წარმოდგენილი ცხოველთა როგორც ენდემური, ისე სხვადასხვა ქვეყნებისათვის დამახასიათებელი სახეობები. მათგან საქართველოში ჭარბობს ევროპული, შუა და წინააზიური სახეობები.

საქართველოში მთიანი ტერიტორიების სიჭარბის გამო ცხოველთა გავრცელებას კარგად გამოხატული სიმაღლებრივი ზონალურობა ახასიათებს. თუმცა, ცალკეული სახეობები ერთდროულად რამდენიმე ზონაშიც შეიძლება შეგვხვდნენ. აქ ძირითადად გამოიყოფა დასავლეთ აღმოსავლეთ საქართველოს მთათაშორისი ბარის, აგრეთვე ტყისა და ალპური ზონები.

დასავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობის ზონის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო ძლიერ განადგურებულია. თითქმის მოისპო ისეთი მტაცებლები, როგორიცაა მგელი, ტურა, ფოცხვერი. იშვიათად ვხვდებით დედოფალას, მაჩვს. ჯერ კიდევ შემორჩა შველი, გარეული ღორი, ევროპული თხუნელა, ღამურა, კურდღელი, კავკასიური ციყვი, ტყის თაგვი თეთრყელა კვერნა და სხვა.

ზონა მდიდარია ფრინველებით. აღსანიშნავია კოლხური ხოხობი, რომელსაც ამჟამად მდინარე ენგურსა და რიონს შორის მოქცელ ტერიტორიაზე ვხედავთ.

კოლხეთის დაბლობზე აკლიმიზირებული ცხოველებიდან ფართოდ გავრცელდა ძვირფასბეწვიანი მღრნელი ნუტრია (შემოყვანილია სამხრეთ ამერიკიდან).

აღმოსავლეთ საქართველოს ვაკისა და დაბლობი ზონის ფაუნა საკმაოდ მრავალფეროვანია. გარდა ველის სახეობებისა, აქ მრავლადაა წარმოდგენილი ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.

ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია შირაქის ქურციკი, ჭალის გარეული ღორი, შველი, ირემი, ევროპული ზღარბი, კავკასიური თხუნელა. თბილისის მიდამოებშია ცნობილი ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი - ფუღუ, რომელიც წითელ წიგნშია შეყვანილი.

აღმოსავლეთ საქართველოს სტეპები, ნათელი ტყეები და ნახევრადუდაბნოები ხელსაყრელ პირობებს უქმნის ქვეწარმავალთა მრავალსახეობას.

საკმაოდ მრავალფეროვანია მთის ტყის ფაუნა. აქ ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია გარეული ღორი, შველი, ირემი, კურდღელი, ციყვი, კავკასიური თრია და სხვ. მტაცებლებიდან კავკასიური მურა დათვი, მგელი, ტურა, მელა, ფოცხვერი და სხვ.

ცხოველთა სამყაროს საკმაო მრავალფეროვნებით გამოირჩევა საქართველოს ალპური ზონა. აქაური ცხოველთა სამყარო ორიგინალურია. რთული რელიეფი, სუსხიანი ჰავა და უტყეობა თავისებურ დაღს ასვამს ცხოველებს - აქ არსებობა შეუძლიათ მხოლოდ თოვლსა და ხანგძლივი ზამთრის პირობებთან შეგუებულებს. ჩლიქოსნებიდან აღსანიშნავია კავკასიისთვის ენდემური ჯიხვი. იგი ზაფხულობით ალპურ საძოვრებზე ბალახობს, ზამთარში კი ჩამოდის ტყის საზღვრამდე და იკვებება გამხმარი ბალახით, ხავსებით და ლიქენებით.

მაღალმთიან ზონაში დიდი რაოდენობითაა ფრინველი.

XX საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში აკლიმიტიზირებულია მრავალი ცხოველი. მათ შორის: ალთაური ციყვი, გამბუზია, სარკისებრი კობრი, სიგი და სხვა.

საქართველოში ბუნებაზე ადამიანის ზემოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ცალკეულ ცხოველთა გავრცელების არეალი, ზოგიერთი მათგანი მოისპო კიდეც. მაგალითად, XX საუკუნის პირველ მოთხედში მოკლულ იქნა უკანასკნელი დომბა, მეორე ნახევარში - ქურციკი. მნიშვნელოვნად შემცირდა ნიამორისა და ხოხობის როგორც გავრცელების არეალი, ასევე რაოდენობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ნიკო ბერუჩაშვილი, ნოდარ ელიზბარაშვილი, საქართველოს გეოგრაფია - წიგნი I, საშუალო სკოლის VIII კლასის სახელმძვანელო; გამომცემლობა "საქართველოს მაცნე"; თბილისი; 2003; გვ. 76