სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინური ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინური ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინური ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინური ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′17″ ჩ. გ. 30°19′25″ ა. გ. / 59.93806° ჩ. გ. 30.32361° ა. გ. / 59.93806; 30.32361
რელიგიური კუთვნილება ლუთერანული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802533000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) გოტლიბ პაულსენი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1803-1805

სანქტ-პეტერბურგის წმინდა მარიამის ფინური ეკლესია (რუს. Финская церковь Святой Марии) — მოქმედი ლუთერანული ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1803-1805 წლებში გოტლიბ პაულსენის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ევანგელისტურ-ლუთერანული საზოგადოება თანამედროვე სანქტ-პეტერბურგის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა 1630-იან წლებში ქალაქ ნიენში და შედიოდა შვედეთის ლუთერანული ეკლესიის დაქვემდებარებაში. ძირითადად იგი იყო გაერთიანებული შვედურ-ფინური საზოგადოება.

ჩრდილოეთის ომის შედეგად ინგერმანლანდია რუსეთს გადაეცა, მოსახლეობის ნაწილი სანქტ-პეტერბურგში გადასახლდა. მათ შეკრებები დაიწყეს 1703 წლიდან და იკრიბებოდნენ კერძო პირის, პასტორ იაკობ მაიდელინის სახლში.

1734 წელს ანა იოანეს ასულმა საზოგადოებას აჩუქა მიწის ნაკვეთი თანამედროვე ბოლშაია-კონიუშნაიას ქუჩაზე, სადაც ააშენეს პირველი ხის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ამავე წლის 19 მაისს აკურთხეს წმინდა ანას სახელზე.

1745 წელს შვედური და ფინური საზოგადოება გაიყო, თუმცა ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ერთ ეკლესიაში. 1767 წელს ეკლესია გადავიდა ფინური საზოგადოების დაქვემდებარებაში.

1803 წელს ფინურმა საზოგადოებამ დაიწყო ახალი, ხის ეკლესიის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იყო 2 400 ადამიანზე. მშენებლობა წარიმართა არქიტექტორ გოტლიბ პაულსენის პროექტის მიხედვით და ააშენეს კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში.

1805 წლის 12 დეკემბერს, იმპერატორ ალექსანდრე I-ის დაბადების დღეზე აკურთხეს ეკლესია წმინდა მარიამის სახელზე. ახალ ეკლესიაში ძველი ეკელსიიდან გადაიტანეს ჭაღი, რომელიც დამზადებული იყო იუველირ ზაქარია დეიხმანის მიერ.

1878 წელს იყო მცდელობა შეეგროვებინათ თანხები ახალი ტაძრის ასაგებად, მაგრამ საკმარისი თანხის აგროვება ვერ მოხერხდა. ასევე იყო მცდელობა 1899 წელს. არქიტექტორმა კ. კერკოვიუსმა შეიმუშავა კიდეც ახალი ეკელსიის პროექტი, მაგრამ აღნიშნული გეგმაც ვერ განხორციელდა.

წმინდა მარიამის ეკლესიასთან მოქმედებდა ბავშვთა სახლი ბიჭებისთვის 34 ბავშვზე, რომელიც ააგეს 1886 წელს, ასევე ბავშვტა სახლი გოგონებისათვის, რომელიც გახსნეს 1859 წელს, სახლი ღარიბებისათვის 309 ადგილზე, რომელიც დააარსეს 1885 წელს და სკოლა. მრევლს ასევე ეკუთვნოდა მიტროფანოვის სასაფლაოს ფინურ ნაწილში მდებარე სამლოცველო, რომლის პროექტიც 1868 წელს შეადგინა არქიტექტორმა ფ. მელგრენმა და სამლოცველო სახლი ისტორიულ რაიონ ლახტაში.

წმინდა მარიამის ეკლესიაში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა კვირაობით და დღესასწაულებში, დღეში სამჯერ. ზამთრობით - ასევე ოთხშაბათობით.

ლენინგრადის საოლქო აღმასკომის დადგენილების თანახმად 1938 წლის 21 აპრილს წმინდა მარიაის ეკლესია დაიხურა, ხოლო მისი შენობა გადაეცა ერმიტაჟს.

1940 წელს ეკლესია გადააკეთეს სამშენებლო სამმართველოს საერთო საცხოვებლად.

1970 წლიდან ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო „ბუნების სახლი“[1][2].

თანამედროვეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს პასტორ არვო სურვოს ძალისხმევით აღორძინდა და კვლავ დარეგისტრირდა წმინდა მარიამის ლუთერანული სამრევლო.

1990-იანი წლების დასაწყისში ეკლესიასთან მოქმედებდა საკვირაო სკოლა 80 ბავშვისთვის, ბავშვთა საეკლესიო ქორო, ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ფინურ და რუსულ ენებზე, ასევე სხვა ფინურ-უგორულ ენებზე. მორწმუნე ფინელების სახსრებით სოფელ პესოჩნოეში მოეწყო პანსიონატი მოხუცებისთვის.

მრევლის ბრძოლა ეკლესიის დაბრუნებისათვის წარმატებით დასრულდა 1994 წელს. ამის შემდეგ დაიწყო ფინანსების შეგროვება რესტავრაციისათვის. 1999 წელს დაიწყო ტაძრის რესტავრაცია ს. ივანოვისა და ე. ლონკის პროექტის მიხედვით. ეკლესია აღადგინეს ფინელი ლუთერანების ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც ამ საქმისათვის შეაგროვეს 20 მლნ ფინური მარკა.

ეკლესია ხელმეორედ აკურთხეს 2002 წლის 19 მაისს ფინეთის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის მთავარეპისკოპსის იუკი პაარმის, ფინეთის პრეზიდენტის ტარია ჰალონენისა და სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორის ვლადიმერ იაკოვლევის მონაწილეობით.

2002 წლის სექტემბერში საეკლესიო სამმართველოს გადაწყვეტილებით წმინდა მარიამის ეკლესია ეპისკოპალური ანუ საკათედრო გახდა[2].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწორკუთხა დაგეგმარების მქონე ტაძარი ბოლოვდება გუმბათით. ტაძრის მთავარი დასავლეთის ფასადი მორთულია ტოსკანური ორდენის ოთხი სვეტით და სრულდება სამკუთხა ფრონტონით.

1871 წელს არქიტექტორმა კ. ანდერსონმა ნაწილობრივ გადააკეთა ტაძარი: ინტერიერში მეორე ქორო დაამატა, მთავარი ფასადის კუთხის ფანჯრები კი კარებად გადააკეთა.

1890-იან წლებში ტაძრის მთავარ ფასადზე ასევე მცირე ცვლილებები შეიტანა არქიტექტორმა ლეონტი ბენუამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, 398 стр., ISBN 978-5-904790-08-0
  • Georg Luther, Herdaminne for Ingermanland II, De finska och svenska forsamlingarna och deras prasterskap 1704—1940. ISBN 951-583-052-4, Svenska litteratursallskapet i Finland, Helsingfors 2000
  • Aatami Kuortti, Reijo Arkkila. Inkerin kirkon yo ja aamu.1990.ISBN 951-617-925-8
  • Князева Е. Е., Соколова Г. Ф. Лютеранские церкви и приходы России XVIII—XX вв. — Санкт-Петербург: Литера, 2001. — ISBN 5-89319-048-3

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Александрова Е. Л., Браудзе М. М., Высоцкая В. А., Петрова Е. А. История финской Евангелическо-лютеранской церкви Ингерманландии. СПб, 2012, стр. 337—341, ISBN 978-5-904790-08-0
  2. 2.0 2.1 Pietari — все приходы Ингерманландии на Инкери.Ру