სამი იმპერატორის კავშირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„სამი იმპერატორის კავშირი“, რუსეთის, გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის კავშირი, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ალექსანდრე II-ისა და ფრანც იოზეფ I-ის მიერ შენბრუნში (ვენის მახლობლად) 1873 წლის 25 მაისს (6 ივნისი) ხელმოწერილმა შეთანხმებამ. 1873 წლის 11 (23) ოქტომბერს მათ შეუერთდა ვილჰელმ I.

იმპერატორებმა იკისრეს ვალდებულება, რომ უთანხმოებანი მოლაპარაკებით მოეგვარებინათ, ხოლო სხვა სახელმწიფოს მხრივ თავდასხმის საშიშროების შემთხვევაში კონსულტაციები გაემართათ, ევროპაში მშვიდობა დაეცვათ. სამივე ქვეყნის პოლიტიკური მიზნები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა: გერმანია ხელს უშლიდა რუსეთის დაახლოებას საფრანგეთთან; რუსეთი დასავლეთის საზღვრების უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიას კისრულობდა და, თავის მხრივ, ცდილობდა დაემუხრუჭებინა გერმანიის დაახლოება ავსტრი-უნგრეთთან. კავშირის კლასობრივი მიზანი იყო ძალების გაერთიანება რევოლუციური მოძრაობის წინააღმდეგ საბრძოლველად. კავშირმა ვერ დაძლია მათ შორის არსებული ძირითადი წინააღმდეგობანი და 80-იანი წლების დამლევს ფაქტობტივად დაიშალა.

ლიტერატურა[რედაქტირება]