როსტომიანი (ხალხური)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ როსტომიანი.

„როსტომიანი“ — ქართული ხალხური ეპიკური ძეგლი. ცნობილია საქართველოს ყველა კუთხეში. გვხვდება პროზაული და ლექსნარევი ვარიანტების სახით. ტექსტის ჩანაწერთა რაოდენობა 100-ს აღემატება. „როსტომიანი“ მოიცავს მამა-შვილის ბრძოლის სიუჟეტს. ხალხური წარმოდგენით, როსტომი უებრო გმირია, ბედისწერისაგან დასჯილი, რადგან საკუთარი შვილი ზურაბი მოკლა ორთაბრძოლაში. „როსტომიანის“ თქმულებები გვაროვნულის საზოგადოების ადრეულ ხანაში უნდა ჩამოყალიბებულიყო. ერთმანეთისათვის უცნობი მამა-შვილის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება საზოგადოებრივ ურთიერთობაში მომხდარი ცვლილებების მხატვრული ანარეკლია. აქ ასახულია მატრიარქატიდან პატრიარქატამდე გადასვლა — „როსტომიანის“ სიუჟეტი საერთაშორისოა, მაგრამ მასში მოიპოვება ეროვნული ეპოსის დამახასიათებელი ნიშნებიც, რომლებიც სხვა ხალხების ფოლკლორში არ გვხვდება. საუკუნეების განმავლობაში ხალხურმა სიუჟეტმა ტრანსფორმაცია განიცადა. ამ მხრივ გარკვეული როლი შეასრულა ქართულმა მწიგნობრულმა „როსტომიანმა“, თუმცა მამა-შვილის ბრძოლის სიუჟეტი მანამდეც იყო დადასტურებული და „როსტომიანის“ ძირითადი მოტივები სწორედ ამ ადრინდელ საფეხურთან ურთიერთობაში განიხილება. „როსტომიანში“ თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ბეჟანისა და მანიჟეს თავგადასავალს („ბეჟანიანი“). ამ ნაწილში უფრო იგრძნობა კავშირი ლიტერატურულ ვერსიასთან. არსებობს ვარაუდი, რომ „როსტომიანის“ ვერსიათა სათავე მწიგნობრული ძეგლია (აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, ალექსანდრე ბარამიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაცაბერიძე ვ., ბეჟანიანის ხალხური ვერსიები, კრ.: ქართული ფოლკლორი, ტ. 1-2, თბ., 1964;
  • მისივე, ქართული ხალხური როსტომიანი, «ლიტერატურული ძიებანი», 1958, ტ. 11;
  • მაცაბერიძე ვ., ქსე, ტ. 8, გვ. 449, თბ., 1984