რომის პაპის სახელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომის პაპების სია წინდა პეტრეს ტაძარში

რომის პაპის სახელები – სახელი, რომლითაც ოფიციალურადაა ცნობილი რომის პაპი თავისი პონტიფიკატის პერიოდში.

სახელის მიღების პროცედურა[რედაქტირება]

თანამედროვე ეპოქაში, პაპი კონკლავზე არჩევისთანავე აცხადებს თუ რა სახელით სურს მართვა (სახელს თან ახლავს ნომერი მსგავსად მონარქებისა), რის შემდეგაც კარდინალ-პროტოდიაკონი პაპის საერო სახელის შემდეგ საჯაროდ და საზეიმოდ გამოაცხადებს, იმ სახელს რაც აირჩია პაპმა (qui nomen sui imposuit).

სახელის შეცვლის ტრადიცია[რედაქტირება]

რომის პაპები ყოველთვის არ იცვლიდნენ სახელს. პირველად ეს მოხდა VI საუკუნეში, როდესაც რომაელმა მერკურიმ გადაწყვიტა, რომ წარმართული ღმერთის სახელი არ იყო შესაფერისი პაპისათვის და დაირქვა იოანე II. დაახლოებით IX საუკუნიდან სახელის შეცვლა პაპებს შორის საკმაოდ გახშირდა. უკანასკნელი პაპები, რომლებიც ვატიკანს მართავდნენ ნათლობის სახელით იყვნენ ადრიანე VI (ადრიან ფლორენსი, 1522–1523; ის იყო ასევე უკანასკნელი არაიტალიელი პაპი 1978 წლამდე) და მარცელუს II (მარჩელო ჩერვინი, 1555, გარდაიცვალა არჩევიდან მალევე). ფორმალურად პაპებს სახელის შეცვლას არავინ არ ავალდებულებს.

სახელის შერჩევა და მისი მნიშვნელობა[რედაქტირება]

სახელის შეცვლა გარკვეულ შინაარსს ატარებს. პირველ რიგში, პაპი, ბოლო რამდენიმე საუკუნეა ცდილობს აირჩიოს სახელი მისი სახელოვანი წინამორბედისა, (კერძოდ: ლეო, ბენედიქტე, კლიმენტი, პიუსი, გრიგორი, ინოკენტი. ეს სახელები გვხვდება 10–ჯერ და მეტად). ერთდროს პოპულარული სახელები სტეფანე და ბონიფაციუსი უკვე მრავალი საუკუნეა აღარ გამოიყენება. განსაკუთრებული ისტორია აქვს სახელს იოანე – რომელიც ერთ დროს ყველაზე პოპულარული იყო პაპებსა და ანტიპაპებს შორის. ოდიოზური ანტიპაპის იოანე XXIII (ბალთაზარ კოსა) შემდეგ 500 წლის განმავლობაში არცერთმა პონტიფიკმა არ მიიღო აღნიშნული სახელი. 1958 წელს, კარდინალმა ანჯელო ჯუზეპე რონკალიმ პაპად არჩევის შემდეგ გადაწყვიტა ეწოდებინა იოანე XXIII. როგორც თავად რონკალიმ განმარტა, ასეთი არჩევანი მან გააკეთა მამის პატივისცემის ნიშნად, რომელსაც იოანე ერქვა.

სახელი შეიძლება იდეოლოგიურ დატვირთვასაც ატარებდეს, ასე მაგალითად, პაპის სახელი პიუსი ასოცირდება კონსერვატიზმთან (პიუს IX, პიუს X და განსაკუთრებით პიუს XII); სახელი იოანე და პავლე ასოცირდება იოანე XXIII–ისა და პავლე VI-ის მიერ მოწვეულ ვატიკანის მეორე საეკლესიო კრების იდეების ერთგულებასთან. სახელი "ბენედიქტე", რომელიც აირჩია იოსებ რაცინგერმა, პაპის ახსნის მიხედვით არის პატივისცემის ნიშანი წმინდა ბენედიქტე ნურსიელისა და პაპი-დიპლომატისა და მშვიდობისმყოფელის ბენედიქტე XV მემკვიდრეობისა.

ტრადიციის თანახმად პაპი არასოდეს არ ირჩევს სახელს პეტრე, რომელსაც ატარებდა წმინდა პეტრე, რომის პირველი ეპისკოპოსი (თუმცა არანაირი წესი ამას არ კრძალავს). შუასაუკუნეების წინასწარმეტყველების მიხედვით, პეტრე II (Petrus Romanus) იქნება რომის უკანასკნელი პაპი მეორედ მოსვლის წინ.

ნუმერაცია[რედაქტირება]

პაპების ნუმერაცია ერთმანეთისაგან განსასხვავებლად ხდება გრიგოლ III-დან მოყოლებული (731–741), ხოლო X საუკუნის დასასრულიდან ნუმერაციის გამოყენება მუდმივად ხდება. ლეო IX-დან (1049—1054) მოყოლებული ნუმერაცია უკვე პაპის ბეჭედზეც გაჩნდა. თუკი პაპის სახელი გვხვდება ერთხელ, როგორც წესი, იგი არ ინომრება.

ანტიპაპ იოანე XXIII-ის შემდეგ კარდინალმა რონკალიმ 1958 წელს კვლავ მიიღო სახელი იოანე XXIII, რითაც ხაზი გაუსვა მის არაკანონიერებას. ზოგჯერ ანტიპაპების რიგითი ნომრები ჩართულია პაპების ნუმერაციაში, მაგალითად: ბენედიქტე X, ალექსანდრე V და იოანე XVI იყვნენ ანტიპაპები, თუმცა მათი ნომრები ჩაწერილია ნუმერაციის საერთო რიგში, განხვავებით იოანე XXIII-საგან.

მარტინ IV-ს და იოანე XXI-ს ნომრები არასწორად აქვთ მინიჭებული: პირველმა მარინუს I და მარინუს II ჩათვალა მარტინე II-დ და მარტინე III-დ; მეორე თვლიდა, რომ არსებობდა პაპი სახელწოდებით იოანე XX.

1978 წელს კარდინალმა ლუჩანიმ, რომელიც გარდაიცვალა 33 დღის პაპობის შემდეგ, მიიღო სახელი იოანე პავლე I და ამით მოახდინა «ონომასტიკური რევოლუცია». პირველი, მან მიიღო ადრე გამოუყენებელი სახელი ნომრით I. მეორე, პირველად პაპობის ისტორიაში მიიღო ორი სახელი. ლუჩანიმ ეს გააკეთა თავისი ორი წინამორბედის იოანე XXIII და პავლე VI პატივისცემის ნიშნად. მისმა შემცვლელმა კარდინალმა ვოიტილამ, XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა პაპმა მიიღო იგივე სახელწოდება – იოანე პავლე II. ახლანდელმა პაპმა იოსებ რაცინგერმა მიიღო ტრადიციული სახელი – ბენედიქტე XVI.

ხშირი სახელების სია[რედაქტირება]

აქ წარმოდგენილია პაპის სახელები, რომლებიც გვხვდება 5-ჯერ და მეტჯერ მთელი პაპობის ისტორიის განმავლობაში. ბოლოში მითითებულია აღნიშნული სახელწოდების ბოლო შერჩევის თარიღი.

  • იოანე – 21–ჯერ (მაქსიმალური ნომერი XXIII; იოანე XVI ანტიპაპია, იოანე XX არ არსებულა), 1958
  • გრიგორი – 16-ჯერ, 1831
  • ბენედიქტე – 15-ჯერ (მაქსიმალური ნომერი XVI; ბენედიქტეX ანტიპაპია), 2005
  • კლემენტი – 14-ჯერ, 1769
  • ინოკენტი – 13-ჯერ, 1721
  • ლეო – 13-ჯერ, 1878
  • პიუსი – 12-ჯერ, 1939
  • სტეფანე – 9 ან10-ჯერ (მაქსიმალური ნომერი IX (X); ორმაგი ნუმერაცია კავშირშია უთანხმოებასთან ჩართონ თუ არა სიაში სტეფანე II), 1057
  • ბონიფაციუსი – 8-ჯერ (მაქსიმალური ნომერი IX; ბონიფაციუსი VII ანტიპაპია), 1389
  • ურბანი – 8-ჯერ, 1623
  • ალექსანდრე – 7-ჯერ (მაქსიმალური ნომერი VIII; ალექსანდრე V ანტიპაპია), 1689
  • ადრიანე – 6-ჯერ, 1522
  • პავლე – 6-ჯერ, 1963
  • ცელესტინე – 6-ჯერ, 1294
  • ნიკოლოზი – 5-ჯერ, 1447
  • სიქსტუსი – 5-ჯერ, 1585

4 სახელი გვხვდება 4-ჯერ, 7 სახელი – 3-ჯერ, 10 სახელი – 2-ჯერ და 43 სახელი – 1-ჯერ.