რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რევოლუციური ორგანიზაცია 17 ნოემბერი (ბერძ. Επαναστατική Οργάνωση 17 Νοέμβρη) — ბერძნული ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც 1975 წელს შეიქმნა. სახელწოდება დაკავშირებულია სამხედრო რეჟიმის ე.წ. შავი პოლკოვნიკების წინააღმდეგ 1973 წელს მოწყობილი სტუდენტური გამოსვლის თარიღთან. ეს ორგანიზაცია, უპირველეს ყოვლისა, გლობალიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული, რაც დამოუკიდებლობის დაკარგვად და საკუთარ ქვეყანაში მტრის თარეშად აღიქმება. მისი წევრები ძირითადად საბერძნეთში განლაგებული აშშ–ის წარმომადგენლობების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ისინი გამოდიოდნენ კვიპროსზე სამხედრო ძალის არსებობის, ასევე საბერძნეთის ნატოსა და ევროკავშირთან ყოველგვარი კავშირის წინააღმდეგ.

აქტიური მოღვაწეობის პერიოდში ორგანიზაციას არ ჰყავდა დიდი რაოდენობით წევრები და ძირითადად მოქმედებდა ათენისა და მის გარშემო არეალში. ამ ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი ტერაქტი მოეწყო 1999 წელს და საბერძნეთში ბრიტანეთის ატაშეს სტივენ საუნდერსის მკვლელობით დასრულდა. ეს მკვლელობა ჩაიდინეს კოსოვოში ნატოს სამხედრო ოპერაციის გამო პროტესტის ნიშნად. მიუხედავად ბოლო წლებში ამ ორგანიზაციის გამოაშკარავებაში მიღწეული წარმატებებისა, მასზე მაინც მწირი ცნობებია, რაც აქტივისტების მცირერიცხოვნობით და კარგად ორგანიზებულობით არის გამოწვეული.