რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რაჭა-ლეჩხუმის გლეხთა აჯანყებაბოლშევიკური ბანდების მიერ რაჭა-ლეჩხუმში მოწყობილი აჯანყება 1918 წელს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის, შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყების უშუალო საბაბი გახდა სოფელ ლასურიაში მოწვეულ ყრილობაზე სამაზრო ერობის წარმომადგენელთა გამოუცხადებლობა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ცაგერის გამაგრების დაწყება. ბოლშევიკების ერთ-ერთმა რაზმმა, რომელსაც ი. სვანიძე მეთაურობდა, ხელთ იგდო ცაგერი და სამაზრო ხელისუფლება გააუქმა. მთავრობამ ლეჩხუმში გვარდიელთა რაზმი გაგზავნა ჯავშნოსანი ავტომობილის თანხლებით, მაგრამ ეს რაზმი ბოლშევიკებმა განაიარაღეს, ხოლო მისი ერთ-ერთი მეთაური ლევან დადეშქელიანი მოლაპარაკებებზე მიიწვიეს და ვერაგულად მოკლეს.

14 მარტს ქუთაისის საგუბერნიო კომისარმა ივანე კაჩუხაშვილმა ლეჩხუმის მაზრა კანონგარეშე გამოაცხადა. სახალხო გვარდიამ ჩაკეტა ლეჩხუმისაკენ მიმავალი ყველა გზა, აიკრძალა სურსათის შეტანა. 15 მარტს ბოლშევიკებმა თანამოაზრეებს საქართველოს სხვა მხარეებშიც მოუწოდეს დაეწყოთ ძირგამომთხრელი ქმედებები. ლეჩხუმის მაზრის კანონგარეშე გამოცხადების მიმართ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციის გამო მთავრობამ ბლოკადა მოხსნა რეგიონს და ამავდროულად, წესრიგის აღსადგენად გვარდიელთა ახალი რაზმები გაგზავნა იქ. საბოლოოდ მთავრობის ჯარის ნაწილებმა ცაგერი აიღეს. ამბოხებულთა ცალკეული ბანდები ბრძოლას განაგრძობდნენ. ახალი ძალით იფეთქა აჯანყებამ რაჭაში. აჯანყებულთა დასახმარებლად მივიდა სამეგრელოს ბოლშევიკთა ბანდა ალექსი გეგეჭკორის ხელმძღვანელობით. შეიქმნა სამეგრელო-რაჭა-ლეჩხუმის რევოლუციური შტაბი, რომელშიც 5 კაცი შედიოდა. შტაბის ბრძანებით ონელი ვაჭრები დააყაჩაღეს და იძულებით გადაახდევინეს ფული, ეს თანხა კი ბოლშევიკური რაზმების მომარაგების მოხმარდა. ამავე დროს ამბროლაურში რაიონულ ყრილობაზე აირჩიეს რაიონის ხელმძღვანელი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი. ვითარება გართულდა. აჯანყებულთა წინააღმდეგ გაიგზავნა ჯარისა და გვარდიის ნაწილები, რომლებიც ბოლშევიკები სოფელ ტვიშთან ბრძოლაში დაამარცხეს. გორგაღალასთან ბრძოლის შემდეგ გვარდიამ დროებით 15 კმ-ით უკან დაიხია. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 23 აგვისტოს, აჯანყებულები საბოლოოდ დამარცხდნენ, ბოლშევიკური ბანდები რეგიონიდან განიდევნა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგობიანი ა., გმირული ბრძოლების დაუვიწყარი დღეები, თბ., 1967;
  • კიკვიძე ა., რაჭა. რევოლუციური წარსული და აწმყო, თბ., 1976;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 6, თბ., 1972;
  • დღვილავა მ., კოჭლანაზაშვილი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 312.