პროგრამა შატლი – მირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პროგრამა შატლი – მირი აშშ-სა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივი პროგრამა, რომლის ამოცანას ორბიტაზე რუსი კოსმონავტების კოსმოსური შატლის მეშვეობით გაყვანა, ხოლო ამერიკელი ასტრონავტებისთვის მირის კოსმოსურ სადგურზე ექსპედიციების განხორციელება წარმოადგენდა. [1]

შატლი - მირის პროგრამის ემბლემა

პროგრამის დანიშნულებას ამერიკული მხარისათვის რუსული, ხანგრძლივი კოსმოსური ფრენების შედეგად დაგროვილი გამოცდილების გაზიარება და ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის განმტკიცება წარმოადგენდა. შატლი - მირის ერთობლივმა პროგრამამ სათავე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობას დაუდო.

ერთობლივი პროგრამის დაწყების შესახებ მხარეებმა 1993 წელს განაცხადეს. პირველი ფრენა 1994 წლის თებერვალში შედგა, ხოლო მთლიანმა პროგრამამ 1998 წლამდე გასტანა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 11 გაშვება, ხოლო ამერიკელმა ასტრონავტებმა კოსმოსში ჯამში 1000 დღე გაატარეს. პროგრამის ფარგლებში, აშშ-ს დაფინანსების წყალობით, მირის სადგურზე დამატებით 2 მოდულის მიერთებაც მოხერხდა. მართალია, ორივე მოდული რუსულ სახელწოდებას ატარებდა, მაგრამ დე-ფაქტო ამერიკულ მოდულებს წარმოადგენდა.

შატლი - მირის პროგრამა პირველი იყო ბევრ ასპექტში. ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში ამერიკელმა ასტრონავტმა პირველად იმგზავრა რუსული აპარატითა და პირველად გავიდა ღია კოსმოსში რუსული სკაფანდრით.

მიუხედავად ბევრი ეჭვისა და კრიტიკისა, პროგრამა წარმატებულად შეფასდა, ხოლო მისმა შედეგმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობას გაუხსნა გზა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირზე დაერთებული "ატლანტისი"

1992 წელს აშშ-ს პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშსა და რუსეთის პრეზიდენტ, ბორის ელცინს შორის კოსმოსის შესწავლასთან დაკავშირებული ურთიერთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ერთი ამერიკელი ასტრონავტი მირის კოსმოსურ სადგურში იმუშავებდა, ხოლო ორი რუსი კოსმონავტი კოსმოსში შატლის მეშვეობით გაფრინდებოდა. [2]

1993 წლის სექტემბერში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალბერტ გორმა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ჩერნომირდინმა ახალი კოსმოსური სადგურის იდეა გააჟღერეს. გარდა ამისა, ისინი ერთობლივ თანამშრომლობასაც უცხადებდნენ თანხმობას. შატლი - მირის პროგრამის კოდური სახელწოდებაა "პირველი ფაზა", ხოლო მოგვიანებით საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა "მეორე ფაზის" კოდური სახელწოდება მიიღო. [3]

აღნიშნული პროექტი პოლიტიკურ დატვირთვასაც ატარებდა. ერთობლივ პროგრამაზე შეთანხმების მიღწევით ნასას სავალალო მდგომარეობაში მყოფი რუსული კოსმოსური პროგრამის დახმარების საშუალება მიეცა. შედეგად, რუსეთის ხელისუფლებამ მირის შენარჩუნება, ხოლო ამერიკულმა მხარემ ორბიტული სადგურის მუშაობის თავისებურებების შესწავლა შეძლო. სწორედ ამიტომ, ორი სახელმწიფოს კოსმოსური სააგენტოები დღემდე მეგობრულად არიან ერთმანეთისადმი განწყობილნი. [4]

დამატებით პროცედურებში მონაწილე 7 ამერიკელი ასტრონავტი

დამატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა იმისა, რომ ამერიკელ ასტრონავტებს მირის კოსმოსურ სადგურში მუშაობის საშუალება ეძლეოდათ, შვიდმა მათგანმა კიდევ დამატებით პროცესებშიც მიიღო მონაწილეობა. შვიდივე ასტრონავტი მომზადების კურსს რუსეთში გადიოდა, სადაც რუსული აპარატურის მახასიათებლებს, რუსული კოსმოსური სკაფანდრის გამოყენების წესებსა და თავად რუსულ ენას ეცნობოდნენ. მირზე მუშაობისას ამერიკელმა ასტრონავტებმა რამდენიმე ექსპერიმენტშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, კოსმოსში ხორბლის მოყვანა და მოვლა, დედამიწისათვის ასეულობით ფოტოს გადაღება, სადგურის მოძველებული კომპონენტების შეკეთება, სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობის აღმოფხვრა, ასტრონავტების ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი, მოდულების აწყობა და ა.შ. [5] [6]

მირი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მირის კოსმოსური სადგურის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო, ხოლო უკანასკნელი მოდული 1996 წელს დაემატა. მირი პირველი კოსმოსური სადგური იყო, რომელიც სხვადასხვა მოდულისგან შედგებოდა და ადამიანის ხანგრძლივი ვადით მიღება შეეძლო. მისი მთავარი ამოცანა ისეთი გარემოს შექმნა იყო, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი ექსპერიმენტის განხორციელების საშუალებას იძლეოდა. არსებობის ისტორიაში მირის კოსმოსურმა სადგურმა რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა. მირი ოპერირებას 2001 წლის 23 მარტამდე აგრძელებდა, ხოლო შემდეგ მისი დეორბიტიზაცია მოხდა. [7]

მართალია, თავიდან მირის კოსმოსური სადგური ბურანის მისაღებად იყო გათვლილი, თუმცა რუსული კოსმოსური შატლის პროექტის გაუქმებისა და ამერიკული მხარის ერთობლივ პროექტში ჩაბმის შედეგად სადგურს ამერიკული შატლის მიღება მოუწია. შატლის მიერთების მომენტში მირი ყველაზე დიდ კოსმოსურ სადგურს წარმოადგენდა, მისი მასა 250 ტონაზე მეტი იყო, ოპერირების საშუალო სიმაღლე 296-420 კილომეტრის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო სადგურის სიჩქარე 27.700 კმ/სთ იყო. მირი დედამიწის გარშემო ორბიტულ ბრუნს დღეში საშუალოდ 15-ჯერ ასრულებდა. [8]

არსებობის განმავლობაში, მირის კოსმოსურ სადგურზე 20000-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩატარდა და კოსმოსში გატარებული დროის ხანგრძლივობის რეკორდი დამყარდა. სადგურს 12 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი ეწვია, ხოლო მისგან ღია კოსმოსში 29 კოსმონავტი და 6 ასტრონავტი გავიდა. [9]

კოსმოსური შატლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოსმოსური შატლი მრავალჯერად, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ოპერირებისთვის განკუთვნილ კოსმოსურ ხომალდს წარმოადგენდა. შატლის პროგრამაზე მუშაობა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოდან დაიწყო, ხოლო პირველი სატესტო ფრენა ხომალდმა 1981 წელს შეასრულა. 1982 წლიდან კი ხომალდის გეგმიური საოპერაციო ფრენები დაიწყო. საერთო ჯამში აიგო 5 ხომალდი, რომლებმაც 1981 წლიდან 2011 წლამდე 135 მისიაში მიიღო მონაწილეობა. კოსმოსური შატლებს კოსმოსში 1320 დღეზე მეტი აქვთ გატარებული.

კოსმოსური შატლი "ატლანტისი" და მზე

კოსმოსურ შატლებს სხვადასხვა დანიშნულების ათეულობით ტონა სასარგებლო თვირთის გადატანა შეეძლოთ. მათი გამოყენებით მარაგდებოდა როგორც მირის ორბიტული სადგური, ისე, მოგვიანებით საერთაშორისო კოსმოსური სადგური. თითოეული შატლი 100 გაშვებაზე ან 10 წლის ხანგრძლივობის ოპერირებაზე იყო გათვლილი. მირის ორბიტულ სადგურს კოსმოსური შატლი 9-ჯერ მიუერთდა. [10]

ახალი თანამშრომლობის დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შატლი – მირის პროგრამის პირველი ფაზა 1994 წლის 3 თებერვალს კოსმოსური შატლი დისკავერის გაშვებით დაიწყო. მისიის ოფიციალური სახელწოდება იყო STS-60. 8-დღიანი მისია იმ წელს კოსმოსური შატლის პირველი ფრენა იყო. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, რუსი კოსმონავტი ორბიტაზე ამერიკული ხომალდის მეშვეობით გაფრინდებოდა. აღნიშნული მისიის რუსი მონაწილე სერგეი კრიკალიოვი იყო, რომელმაც სახელი "უკანასკნელი საბჭოთა კოსმონავტის" სტატუსით გაითქვა. მოცემულმა მისიამ აშშ-სა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოების მჭიდრო და მტკიცე თანამშრომლობას დაუდო სათავე. მისიამ მონაწილეებს სხვადასხვა სახის სამეცნიერო ექსპერიმენტებში მონაწილეობის საშუალება მისცა, ასევე, კოსმოსურ შატლსა და მირის ორბიტულ სადგურს შორის პირველად მოხერხდა ვიდეო-ზარის გამოყენებით პირდაპირ რეჟიმში დაკავშირება. [11]

ამერიკა უერთდება მირს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკავერის პროგრამაში მონაწილეობა 1995 წელსაც გაგრძელდა. ერთობლივი პროგრამის მეორე ფრენა 3 თებერვალს STS-63 მისიის ფარგლებში შედგა, რომლის დროსაც შატლს პირველად მართავდა ქალი პილოტი. 8-დღიანი მისიი განმავლობაში შატლი დისკავერი ორბიტულ სადგურს მაქსიმალურად, 11 მეტრამდე მიუახლოვდა და მირს რამდენიმე წრეც დაარტყა. მოცემულმა მისიამ ეკიპაჟს იმ საშუალებებისა და ტექნოლოგიების გამოცდის საშუალება მისცა, რომლებიც მოგვიანებით მირთან სრულფასოვნად დაერთებას გახდიდიდა შესაძლებელს. [12]

5 კვირის შემდეგ, მირისკენ სოიუზის მეშვეობით მისია EO-18 გაემართა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად ამერიკელი ასტრონავტი ირიცხებოდა. 115-დღიანი მისიის დროს მირის ორბიტალურ სადგურს კიდევ ერთი მოდული მიუერთდა და სადგურის მარაგი დაახლოებით 700 კგ სასარგებლო ტვირთით შეავსო. მისიის მონაწილეები დედამიწაზე უკვე ატლანტისით დაბრუნდნენ. [5][13]

"ატლანტისიდან" დანახული მირი

1995 წლის 27 ივნისს მირისკენ STS-71 მისიის ფარგლებში თავად ატლანტისი გაემართა. მისიის ამოცანა პირდაპირი იყო - მომხდარიყო კოსმოსური შატლის ორბიტულ სადგურზე დაერთება. გაფრენიდან 2 დღის შემდეგ ატლანტისმა დასახული მიზანი წარმატებით შეასრულა და მირსაც დაუერთდა. აღნიშნული მოვლენა რუსული და ამერიკული ხომალდების, აპოლო-სოიუზის სატესტო პროექტის შემდგომ, პირველი წარმატებული შეერთება იყო. ასევე, ატლანტისის მეშვეობით შეივსო სადგურის ლოჯისტიკური მარაგები და წინა მისიის მონაწილე ასტრონავტები დედამიწაზე დაბრუნდნენ. [14]

იმავე წლის ნოემბერში ატლანტისი მირს ისევ დაუერთდა და სადგურს კიდევ ერთი რუსული მოდული შემატა. გარდა ამისა, განახლდა ორბიტული სადგურის ტექნიკური აღჭურვილობის ოპერაციული სისტემა და მირს რამდენიმე ახალი მზის პანელიც შეემატა. STS-74 მისიის ფარგლებში დედამიწაზე სისხლის, საჭმლისა და ბიოლოგიური ნარჩენების ექსპერიმენტული ნიმუშებიც გაიგზავნა. [15]

უბედური შემთხვევები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შატლი – მირის პროგრამაში მონაწილე ასტრონავტებს არაერთხელ მოუხდათ რთულ სიტუაციებთან გამკლავება. მათ შორის იყო ჟანგბადის მომწოდებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შედეგად გაჩენილი სერიოზული ხანძარი, სხვადასხვა საბორტე სისტემების უეცარი გათიშვა, სატვირთო მოდულებთან შეჯახება და სადგურზე ელექტროენერგიის სიმწირე. ამ უკანასკნელმა კი ორბიტული სადგურის ფრენის კონტროლის კარგვა და დედამიწისკენ ნელი ტემპით ვარდნა გამოიწვია.

უკვალოდ არც სატვირთო მოდულებთან შეჯახებას ჩაუვლია. შეჯახების შემდეგ ორბიტულ სადგურში მკვეთრად დაეცა წნევა. მიუხედავად დიდი რისკისა, ასტრონავტებმა დაზიანებული მოდულის იზოლირება და სადგურზე წნევის ნორმალურ ნიშნულზე აყვანა მოახერხეს. საბედნიეროდ, სადგურის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები და მარაგები არ დაზიანებულა.

აღნიშნული ინციდენტების შემდეგ, აშშ-ს კონგრესსა და ნასაში აქტიურად მსჯელობდნენ პროგრამის დასრულების თაობაზე, თუმცა თავად პროგრამის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს. ინციდენტების შემდგომ შეიცვალა ორბიტული სადგურის მოთხოვნებიც, კერძოდ, ყველა არსებულსა და მომავალ მონაწილეს უნდა სცოდნოდა ღია კოსმოსში გასვლა და შესაბამისი ამოცანების განხორციელება. [16]

პირველი ფაზის დასასრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შატლი "დისკავერი"

უკანასკნელი ფაზის დასკვნითი მისია STS-89 მისიით დაიწყო და STS-91 და EO-25 მისიიებით დასრულდა. საერთო ჯამში, ამერიკელმა ასტრონავტებმა მირზე 907, ხოლო გადაბმულად 805 დღე დაჰყვეს და სხვადასხვა მნიშვნელოვან ექსპერიმენტში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამის დასრულებისას დაახლოებით 2 ტონა სასარგებლო ტვირთი და საჭირო აღჭურვილობა მირიდან დისკავერიზე გადაიტანეს.

8 ივნისს, აღმოსავლეთის დროითი სარტყელის დილის 9 საათსა და 7 წუთზე, მირზე ყველა კარი, სარქველი და მოდულებს შორის დამაკავშირებელი კორიდორი ჩაიკეტა. 12 საათზე დისკავერი მირს ჩამოშორდა.

მირი დედამიწის ორბიტაზე 2001 წლის 23 მარტამდე რჩებოდა, რის შემდეგაც მისი დეორბიტიზაცია განხორციელდა. მირის ნარჩენები წყნარ ოკეანეში, ფიჯის კუნძულების მახლობლად ჩაიძირა. [17]

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროგრამის განმავლობაში მირის ორბიტული სადგურის მიმართ ეჭვები და ნეგატიური დამოკიდებულება არ წყდებოდა. ნასაში შიშობდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად რუსეთის კოსმოსური პროგრამის სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეაფერხებდა თანამშრომლობას. ასევე, ექსპერტები შიშობდნენ, რომ დედამიწის ორბიტაზე თითქმის 10 წლის განმავლობაში მყოფი სადგური არ იყო მდგრადი და სერიოზულ რისკებსაც შეიცავდა. მირზე მომხდარი ხანძრისა და სხვა ინციდენტების შემდეგ კი ამერიკელი ასტრონავტები ღიად გამოხატავდნენ ნეგატიურ დამოკიდებულებას და მიაჩნდათ, რომ მირის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსეთისთვის, ვიდრე ასტრონავტების სიცოცხლეზე ზრუნვა. [18]

საერთაშორისო კოსმოსური სადგური

პრობლემური იყო დაფინანსების საკითხიც. რუსეთის იმჟამინდელ ეკონომიკას არ შეეძლო ძვირადღირებული კოსმოსური პროგრამის შენახვა და შესაბამისი თანხების გამოყოფა. რუსეთის კოსმოსური პროგრამა ფულად სახსრებს უმეტესად კერძო დაკვეთების შესრულების შედეგად აგროვებდა, რუს კოსმონავტებს, ფინანსების დაზოგვის მიზნით, მისიებში გახანგრძლივებული დროით დარჩენა უწევდათ. აღნიშნული ფაქტორი კი ცუდად აისახებოდა მათს შრომისუნარიანობასა და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, ნასაში ხვდებოდნენ, რომ პროგრამის შენარჩუნება ორივე სახელმწიფოსა და კოსმოსის შემდგომ ათვისებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. [19]

მიუხედავად ბევრი სირთულისა და დაბრკოლებისა, პროგრამამ დიდი როლი ითამაშა როგორც აშშ-რუსეთის ურთიერთობების ნორმალიზებაში, ისე კოსმოსის შემდგომ ათვისებაში. მირზე სხვადასხვა ექსპერიმენტის ჩატარებამ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები გამოკვეთა, რომლებიც ადამიანების კოსმოსში გრძელვადიანი დარჩენისა და შორეული ციური სხეულების შესწავლისათვისაა საჭირო. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ სახელმწიფოებმა კიდევ უფრო გრანდიოზულ პროექტზე – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მშენებლობაზე დაიწყეს მუშაობა. მომავალი სადგურის მოდულები ჯერ კიდევ 1998 წელს გაეშვა, ხოლო პირველი ექსპედიცია საერთაშორისო კოსმოსურმა სადგურმა 2000 წლის ნოემბერში მიიღო. სადგურმა დასრულებული სახე 2012 წელს მიიღო. მისი სიგრძე 100 მეტრს აღემატება, ხოლო წონა - 400 ტონას. საერთაშორისო კოსმოსური სადგური განაგრძობს მირის დაწყებულ საქმეს – იგი სხვადასხვა სახელმწიფოს კოსმოსურ სააგენტოებს კაცობრიობის საერთო ინტერესების დაცვასა და კოსმოსის სიღრმისეულ შესწავლაში ეხმარება. სადგურის დანახვა როგორც დღისით, ისე ღამით შეუიარაღებელი თვალითაცაა შესაძლებელი. [20]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. NASA.gov . Retrieved 27 November 2020
  2. s:Mir Hardware Heritage/Part 2 - Almaz, Salyut, and Mir#2.1.6 Shuttle-Salyut (1973-1978; 1980s)
  3. Donna Heivilin. (June 21, 1994) Space Station: Impact of the Expanded Russian Role on Funding and Research. Government Accountability Office. ციტირების თარიღი: November 3, 2006
  4. Kim Dismukes. (April 4, 2004) Shuttle–Mir History/Welcome/Goals. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 5, 2011. ციტირების თარიღი: თებერვალი 19, 2022.
  5. 5.0 5.1 Bryan Burrough (January 7, 1998). Dragonfly: NASA and the Crisis Aboard Mir. Fourth Estate Ltd.. ASIN 1841150878. ISBN 978-1-84115-087-1. 
  6. Linenger, Jerry (January 1, 2001). Off the Planet: Surviving Five Perilous Months Aboard the Space Station Mir. McGraw-Hill. ASIN 007137230X. ISBN 978-0-07-137230-5. 
  7. Patrick E. Tyler (24 March 2001). „Russians Find Pride, and Regret, in Mir's Splashdown“. New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2014. ციტირების თარიღი: 9 March 2011.
  8. (2000) რედ. Hall, R.: The History of Mir 1986–2000. British Interplanetary Society. ISBN 978-0-9506597-4-9. თარგი:Page number
  9. Jackman, Frank (29 October 2010). „ISS Passing Old Russian Mir In Crewed Time“. Aviation Week.[მკვდარი ბმული]
  10. David M. Harland (July 5, 2004). The Story of the Space Shuttle. Springer-Praxis. ISBN 978-1-85233-793-3. 
  11. Jim Dumoulin. (June 29, 2001) STS-60 Mission Summary. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: March 30, 2007
  12. Jim Dumoulin. (June 29, 2001) STS-63 Mission Summary. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 20, 2009. ციტირების თარიღი: მარტი 12, 2022.
  13. List of Mir expeditions
  14. Nick Nuttall (June 29, 1995). „Shuttle homes in for Mir docking“. The Times. Retrieved March 9, 2007 from NewsBank.
  15. William Harwood (November 15, 1995). „Space Shuttle docks with Mir – Atlantis uses manoeuvres similar to those needed for construction“. Washington Post. Retrieved March 9, 2007 from NewsBank. p. a3.
  16. Jim Dumoulin. (June 29, 2001) STS-86 Mission Summary. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2016. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2022.
  17. Jim Dumoulin. (June 29, 2001) STS-89 Mission Summary. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2022.
  18. Leland F. Belew. (1977) 9 The Third Manned Period. SP-400 Skylab, Our First Space Station. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 2, 2000. ციტირების თარიღი: April 6, 2007
  19. SpaceViews Update 97 May 15: Policy. Students for the Exploration and Development of Space (May 15, 1997). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2005. ციტირების თარიღი: მარტი 16, 2022.
  20. Cabbage, Michael (31 July 2005). „NASA outlines plans for Moon and Mars“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2007. ციტირების თარიღი: 2009-09-17.