ოთარ ქობულაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ დავითის ძე ქობულაშვილი (დ. 1777 — გ. 3 თებერვალი, 1835) — თავადი, ქართველი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.

დაიბადა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის მდივან დავით ქობულაშვილის ოჯახში. თავადაც მდივნად მსახურობდა. 1801 წელს იყო პეტერბურგში გაგზავნილი ქართული დელეგაციის შემადგენლობაში. რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიის შემდეგ დაინიშნა თელავის მაზრის მოურავად. 1812 წელს იყო კახეთის აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. აჯანყებულთა წინააღმდეგ მთავრობის მხარეს იბრძოდა ოთარის ძმა — სერგი (ევგენი). იმავე წლის თებერვალში ოთარ ქობულაშვილის სარდლობით აჯანყებულებმა საგარეჯოსთან დაამარცხეს გენერალი პორტნიაგინი, მაგრამ მარტში დამარცხების შემდეგ ხელისუფლებას დანებდა. ქობულაშვილს აჰყარეს ჩინები, მოუხსნეს პენსია და აუკრძალეს თბილისიდან გასვლა. 1813-1816 წლებში საქართველოს მთავარმართებელმა ნიკოლაი რტიშჩევმა ის დროებით მისივე ძმის — თელავის თავადაზნაურობის წინამძღოლის სერგი ქობულაშვილის თანაშემწედ დანიშნა. ჰქონდა კარის მრჩევლის („ნადვორნი სოვეტნიკის“) წოდება. ოთარ ქობულაშვილს ცოლად ჰყავდა ომან ხერხეულიძის ქალიშვილი ბარბარე. მისი და ქეთევანი იყო მეუღლე გენერალ თამაზ ორბელიანისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]