ობიექტივიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ობიექტივიზმი, ფილოსოფიური და ლიტერატურული მიმდინარეობა XX საუკუნის დასასრულსა და XXI საუკუნის დასაწყისში.

ფილოსოფია[რედაქტირება]

ტერმინი ობიექტივიზმი ორი მნიშვნელობით იხმარება:

  1. სამყაროს მიმართ დამოკიდებულება, რომელიც სუბიექტურობის საპირისპიროდ უპირატესობას ანიჭებს ობიექტურობას, ეყრდნობა მხოლოდ იმას რაც რეალობად წარმოდგება და უარყოფს ყოველივეს რაც სულიერებისგან მომდინარეობს.
  2. ფილოსოფიური დოქტრინა, რომელიც ამტკიცებს, რომ ზოგიერთი ფენომენი, საგანი არსებობს მოაზროვნე სუბიექტის გარეშე, მაშინ, როდესაც სუბიექტივიზმი მათ სუბიექტთან დაკავშირებით მოიაზრებს, კონსტრუქტივიზმი კი - სუბიექტის მიერ აწყობილად.

ტიპიური ობიექტივისტური გამონათქვამია: “რეალობა არის ის, რაც აგრძელებს არსებობას მაშინაც კი, როდესაც მისი არსებობის აღარ გჯერა.” (კ. დიკი)

ობიექტივიზმი პირველად უწოდა რუსული წარმოშობის ამერიკელმა ფილოსოფოსმა და რომანისტმა ეინ რენდმა თავის ინდივიდუალისტურ ფილოსოფიას.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ობიექტივიზმი, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობა, დასაბამს იღებს გერტრუდ სტეინის ნაწარმოებიდან The making of Americans. ამასთან დაკავშირებით ჟორჟ ჰუგე წერს: “გერტრუდ სტეინი ამერიკელებს ისევე აწარმოებს როგორც ფორდის ქარხანა - მანქანებს. იგი ქარხნის მოძრავ იატაკზე დებს ცხენს და აკეთებს მისგან ამერიკელს. აჩენს თითოეულ ლურსმანს, თითოეულ ჭანჭიკს, ხსნის მათ წარმოშობას, მათ მოგზაურობას, აკლიმატიზაციას, მათი ადათ-წესების, ხასიათის და სახელების ცვლილებებს, და გვიხსნის სხვადასხვა ხალხებისგან შექმნილმა ამ ხალხმა როგორ შეძლო 60 წელიწადში შეექმნათ უძლიერესი ტრადიცია, ინდივიდუალობა და ისეთი ტემპერამენტი, რომ შეუძლებელია ამერიკელის გამოცნობა ვინმეს გაუჭირდეს.”

პოეტური ობიექტივიზმი არის მეტყველება, რომელიც გამორიცხავს ავტორის მხრივ ყოველგვარ სუბიექტურ მსჯელობას. იგი სრულიად განსხვავდება რომანტიკული ლირიზმისაგან, სადაც ავტორი საკუთარ მსჯელობებს განავითარებდა. ობიექტივიზმი საგნებს შორის კავშირით ინტერესდება და ცდილობს იმგვარად გადააადგილოს, იმგვარი კუთხით წარმოაჩინოს რომ ნათელი გახადოს მათ შორის აქამდე დაფარული კავშირები. მაგრამ ეს კავშირები განსხვავდება მეტაფორისგან. ეს უკანასკნელი არის რეალური ურთიერთობის წარმოსახვითი ინტენსიფიკაცია, მაშინ, როდესაც ობიექტივიზმი ობიექტურ რეალობაში ხდის ფარდის შეუმჩნეველ ან შეგნებულად დაფარულ კავშირებს. ამგვარად, ობიექტური კვლევა ინტერესდება რეალობის სიმბოლური ფორმირებით.

XX საუკუნის დასასრულიდან ამ მიმართულებით მოღვაწე ავტორებმა თავიანთი შემოქმედების პოლიტიზირება დაიწყეს, ამის ნათელი მაგალითია ფრანკ ლაროზის გრძელი პოემა ჰანტსვილი, მსოფლიოს სირცხვილი, კრისტოფ ჰანას რედაქცია და ლექსები პროზად.

პოსტმოდერნისტული ღირებულებებით შთაგონებული ობიექტივიზმი XXI საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარეობა გახდა და, თავის მხრივ, საფუძველი დაუდო კიდევ ერთი ახალი მიმდინარეობის ჩამოყალიბებას, რომელიც დღეისთვის ახალი ტექსტუალობების სახელწოდებითაა ცნობილი.

წარმომადგენლები[რედაქტირება]

  • გერტრუდ სტეინი
  • ფრანკ ლაროზი
  • კრისტოფ ჰანა
  • პატრიკ ბუვე
  • ჟან-მიშელ ესპიტალიე
  • კარისტოფ ტარკოსი
  • ვერონიკ პიტოლო
  • კრისტოფ ფია
  • ოლივიე კადიო
  • პიერ ალფერი
  • ნატალი კენტენი
  • ემანუელ პირეირი
  • დენის როში