ნოიშვანშტაინის სასახლე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოიშვანშტაინი

ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ. Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის შეშლილი მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიკული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია გერმანიაში.

ისტორია[რედაქტირება]

ნოიშვანშტაინის სასახლე

სასახლის ადგილზე თავდაპირველად არსებობდა 2 ციხესიმაგრე: წინა და უკანა ჰოენშვანგაუ, რომლებიც ლუდვიგ II-ის მეფობის დროისათვის მხოლოდ ნანგრევების სახით იყო შემორჩენილი. ეს ნანგრევები სასახლის შენების დასაწყისისათვის მთლიანად იქნა აღებული. დღევანდელი ჰოენშვანგაუს სასახლის ადგილზე არსებობდა ციხესიმაგრე „შვანშტაინი“. ამ ორი ადგილის სახელები არეულ იქნა XIX საუკუნის დასაწყისში.

როგორც 1868 წლის 15 მაისს რიხარდ ვაგნერისადმი მიწერილი წერილიდან ირკვევა, ლუდვიგ II-ს ჩაფიქრებული ჰქონდა სასახლე აეშენებინა გერმანული რაინდული ციხესიმაგრეების სტილში. ნიმუშად მას ვარტბურგის ციხესიმაგრე მიაჩნდა, რომლითაც ის მოიხიბლა 1867 წელს აიზენახში მოგზაუდობის დროს. მას სურდა გერმანული შუა საუკუნეების სტილის, ესპანური მავრული და ვაგნერის თქმულების ზღაპრული სასახლეების ელემენტების ერთმანეთში შერწყმა. რაც მოახერხეს კიდეც არქიტექტორებმა ედუარდ რიდელმა და კრისტიან იანკმა.

სასახლის საძირკველში პირველი ქვა დაიდო 1869 წლის 5 სექტემბერს. 1884 წლისთვის იქ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა ჯერ კიდევ ლუდვიგ II-სიკვდილის დროს 1886 წელს სასახლე არ იყო ბოლომდე დასრულებული. ლუდვიგმა აქ მხოლოდ 172 დღე იცხოვრა. ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ სრულად არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს სამეფო ტახტის არარსებობა სატახტო დარბაზში.

მეორე მსოფლიო ომის მიწურულში აქ ინახებოდა გერმანიის რაიხსბანკის ოქროს მარაგი, რომელიც ომის ბოლო დღეებში უცნობ ადგილზე გადაიტანეს. გადმოცემის თანახმად იქვე ახლო მდებარე ალატის ტბაში ჩაძირეს, თუმცა ამ ოქროს ვერ მიაკვლიეს.

პანორამა მარიენბრიუკედან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: