ნიღბის აღსარება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნიღბის აღსარება“

ქართული გამოცემის გარეკანი
ავტორი იუკიო მისიმა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
გამომცემელი New Directions Publishing და Kawade Shobō Shinsha
გამოცემის თარიღი 5 ივლისი, 1949
გვერდი 279

ნიღბის აღსარება (იაპონ. 仮面の告白) — იაპონელი ავტორის, იუკიო მიშიმას რიგით მეორე რომანი, რომელიც პირველად 1949 წელს, გამომცემლობა კავადე შობოს მიერ გამოქვეყნდა.[1][2] ნაწარმოები შეიცავს ავტობიოგრაფიულ ელემენტებსაც და ავტორისთვის საკმაოდ დიდი კომერციული წარმატების მომტანი აღმოჩნდა. ნაწარმოებში ვეცნობით მთავარი გმირის, კოჩანის ტანჯვას იმ სექსუალური და მორალური ტენდენციებით, რომელიც გარე სამყაროსთვის მიუღებელია. პერსონაჟის სექსუალური ორიენტაციის თვითშეგნება და წარუმატებელი სიყვარულის მცდელობები აღწერილია მხატვრულ სტილში, რომელიც სავსეა ტკივილითა და მწუხარებით. თავის დროზე, ავტორის მიერ ჰომოსექსუალობის აღიარების საკითხმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმდროინდელ საზოგადოებაში, რამაც მიშიმა 24 წლის ასაკში საკმაოდ ცნობილ მწერლად აქცია.  იაპონურ ლიტერატურულ საზოგადოებაში მიიჩნევენ, რომ ესაა ეპოქალური ნაწარმოები, თვისი დამახასიათებელი არაერთგვაროვნებით.

წიგნი ერთ ღამეში საერთაშორისო ბესტსელერად იქცა და აქამდე უცნობი მიშიმა 24 წლის ასაკში ცნობილი გახადა მთელ მსოფლიოში.[3] მიშიმას ბიოგრაფიასთან უტყუარი კავშირის გამო, რომანს, ჩვეულებრივ, ნახევრად ავტობიოგრაფიულად მიიჩნევენ.

სათაურის ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რა თქმა უნდა, ქალებთან რთული ურთიერთობა და ჰომოსექსუალობის თემაც ახლოა თავად ავტორთან, თუმცა რომანის სათაური ნიღბის აღსარება მიანიშნებს იმაზე, რომ აღიარება არა თავად პერსონაჟისგან, არამედ რაღაც სხვა - კერძოდ მისი ნიღბისგან, მიიღება, რომელიც,საბოლოოდ, მაინც არ იხსნება.

სიტყვა აღსარება ან აღიარება გულისხმობს, რომ კოჩანი - უფრო ზუსტად მისი ნიღაბი - გადაიქცევა საზოგადოების ფუნქციურ წევრად. ყოველივე ამის შემდეგ, აღიარება ბუნებრივად ხდება ცვლილების განზრახვით.  სურვილი, რომ კოჩანმა საბოლოოდ შეძლოს ნიღბის მოხსნა, როგორც ჩანს, რჩება სურვილად რომანში აღწერილი მოვლენების განხორციელების შემდეგაც; წარმატების შანსები საკმაოდ მცირეა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შესავალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანს წამძღვარებული აქვს ციტატა ფიოდორ დოსტოევსკის რომანიდან "ძმები კარამაზოვები".[4] იგი ეხმიანება ნაწარმოების ერთ-ერთი ცენტრალური თემას - სილამაზეს. ამის შემდეგ ნაწარმოები იხსნება ნარატორის თხრობით, როცა იგი იხსენებს საკუთარ დაბადებას.

მოკლე შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟანა დ’არკის გამოსახულება

მთავარი გმირი ნაწარმოებში მოხსენიებულია, როგორც კოჩანი, რაც ავტორის ნამდვილი სახელის - კიმიტაკეს - კნინობითი ფორმაა. ის გაიზარდა იაპონიაში, მემარჯვენე მილიტარისტული და იმპერიალისტური ციებ-ცხელებისას. მიშიმას მსგავსად, კოჩანი დაიბადა საკმაოდ არამოქნილი, არამასკულინური სხეულით. წიგნის პირველ ნაწილში (რომელიც ასახავს კოჩანის ბავშვობას) ასახულია მცდელობა პერსონაჟისა, მოერგოს იაპონურ საზოგადოებას. სუსტი აღნაგობის ჰომოსექსუალი კოჩანი ინტროვერტული ხასიათისაა, შორსაა თანატოლებისგან, რამდენადაც ზრდასთან ერთად უფრო და უფრო არ აკმაყოფილებს „სოციალურ სტანდარტებს“. მსგავსმა თვითიზოლაციამ განავითარა მისი გატაცებები და ფანტაზიები სიკვდილის, ძალადობის და  ერთსქესიანი სქესობრივი კავშირისადმი. ამ იდეების გამო მრავალი ლიტერატურათმცოდნე კოჩანს მიშიმასთან აიგივებს.

კოჩანი ჰომოსექსუალია და ამის გამო მას დიდი ბრძოლის გადატანა უწევს, რათა შეინარჩუნოს საკუთარი თავი საზოგადოებაში. რომანის ადრეულ ნაწილში კოჩანი ჯერ ღიად არ აღიარებს, რომ მას მამაკაცები იზიდავს, მაგრამ ამტკიცებს, რომ აღფრთოვანებულია მამაკაცურობითა და ძლიერებით, ხოლო ქალების მიმართ ინტერესი მას არ გააჩნია. ეს ძირითადად გამოწვეულია რომაული ქანდაკებებისა და ფრესკების შედეგად - მათ მიმართ მთავარ გმირს ლტოლვა უჩნდება. მრავალი მიიჩნევს, რომ მამაკაცურობით აღფრთოვანება მიშიმასთვისაც იყო დამახასიათებელი - იგი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა, საკუთარი სუსტი სხეულით გამხდარიყო საოცრად მორგებული „ბოდიბილდერი“ და ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე ადამაინი.

წიგნის პირველ ნაწილში კოჩანი იხსენებს მოგონებას ერთი ნახატის შესახებ. ბავშვობაში, როცა ის ოთხი წლის იყო, ცხენზე ამხედრებული ევროპელი რაინდის მიმართ, რომელიც სურათზე იყო გამოსახული, სექსუალური ლტოლვა გაუჩნდა. ის მის ყურებას მაშინ იწყებდა, როცა ყველა ტოვებდა არეალს, იგი მის მიმართ ამ დამოკიდებულებას მალავდა, თუმცა როდესაც მისი მედდა შეატყობინებს მას, რომ აღნიშნული რაინდი სინამდვილეში ჟანა დარკია, იგი გაღიზიანდება იმაზე, რომ ქალი მამაკაცურ მანერაში იყო გამოწყობილი.

სიტყვა „ნიღაბი“ მომდინარეობს იქიდან, თუ როგორ ავითარებს კოჩანი საკუთარ ცრუ პიროვნებას, რათა ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. სქესობრივი მომწიფების პერიოდში, როდესაც ის მეგობრის მებრძოლი სხეულით აღფრთოვანდება, იგი თანდათან იაზრებს, რომ მის გარშემო არსებული ყოველი პიროვნება, მის მსგავსად, მალავს თავის ნამდვილ, ჭეშმარიტ გრძნობებს, შედეგად კი ყველა ერთვება ე.წ. „უხალისო მასკარადში“. ზრდასთან ერთად იგი ცდილობს შეიყვაროს გოგონა სახელად სონოკო, თუმცა გამუდმებით იტანჯება საკუთარი ჰომოსექსუალური ლტოლვებით და ვერ ახერხებს სონოკოს შეყვარებას.

ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიღბის აღსარება და მისი თემებიმკვლევრების მიერ კლასიფიცირებულია, როგორც თავისი დროის კლასიკურ ნაწარმოები. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სულ უფრო მეტი გადარჩენილი ადამიანი იდენტურობის კრიზისში აღმოჩნდა. ყველა ჩამოყალიბებული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს სოციალური თანაარსებობა, რა კონვენციები უნდა დაიცვას თითოეულმა, ყველამ საკუთარ თავზე გამოსცადა. ამავდროულად, ფსიქოანალიზის სფერო უფრო გავლენიანი გახდა და მანამდე იდეალისტმა მოქალაქეებმაც კი დაიწყეს საკუთარი თავის და მათი მოტივების კვლევა.

მიშიმაც სწორედ ასეთ კრიზისში იყო. ერთის მხრივ, მან განაცხადა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ აღარ დაზიანდეს ისედაც დარღვეული სოციალური მშვიდობა, მეორე მხრივ, ის ნანობს იდეალების დაკარგვას, რაც ომის დასრულებას მოჰყვა.

ავტობიოგრაფიული მოტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშიმა 1948 წელს - დაახლოებით ის პერიოდი, როცა მან ნაწარმოებზე მუშაობა დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ფიქციური რომანია, მიშიმას საკუთარი ცხოვრების პარალელები უტყუარია. ბავშვობაში ავტორის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მისი ბებია - ნაცუკო - იყო, რომელმაც მშობლებს დაშორებულ 12 წლის იუკიოზე მეურვეობა აიღო და მარტომ, სხვა ბიჭებისგან იზოლირებულად გაზარდა.  ნაცუკოს აკვიატებული ჰქონდასხვადასხვა თემები, რომლებიც ეხებოდა სიკვდილს, გარდაცვალებას.[5] არსებობს ვერსია, რომ სწორედ მან დაასვა დაღი ავტორის მომავალზე, ეფიქრა სიკვდილზე, როგორც ამქვეყნიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილზე. ეს კი ცალსახად იგრძნობა ავტორის ალტერ ეგო პერსონაჟის - კოჩანის - ცნობიერებაში.

მეორეს მხრივ, მიშიმაზე ახალგაზრდობაში გავლენას ახდენდა მისი მამა - აზუზა - სასტიკი პატრიოტი და ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც მიშიმას სამხედრო დისციპლინით უვლიდა და მომავალი ავტორის ლიტერატურისადმი ერთგულებას დასცინოდა, უწოდებდა რა საკუთარ შვილს "ქალს".  კოჩანის ომში სიკვდილისადმი ლტოლვა ასევე დაკავშირებულია მიშიმას იმედგაცრუებასთან, რომ იგი არ მიიღეს სამხედრო სამსახურში სუსტი ფიზიკური აღნაგობის გამო და ვერ მოკვდა "გმირული სიკვდილით".

გვიდო რენის წმინდა სებასტიანის მხატვრობაც ბავშვობიდან ხიბლავდა მიშიმას.

ისევე როგორც კოჩანი, მიშიმამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა იურიდიულ ფაკულტეტზე ტოკიოს უნივერსიტეტში. რომანის ერთ-ერთი გმირი და პროტაგონისტის სიყვარულის ობიექტი - სონოკო - შთაგონებულია ავტორის სკოლის მეგობრით, კუნიკო მითანით.[6]

გარდაცვალებამდე, კერძოდ 1970 წელს, მიშიმა რეგულარულად დადიოდა გეი ბარებში და, სავარაუდოდ, ჰქონდა სექსუალური ურთიერთობა სხვა მამაკაცებთან მას შემდეგ, რაც მასსა და მის მეუღლეს იოკო სუგიამას შორის კონფლიქტი წარმოიშვა. იმპერიალისტურ იაპონიაში მზარდი ჰომოფობიის გამო, მან საჯაროდ არასოდეს აღიარა თავისი ჰომოსექსუალიზმი , თუმცა სიკვდილის შემდეგ იგი LGBT სიმბოლოდ იქცა.[7][8]

მთავარი თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როგორც სათაურიდან ირკვევა, რომანი ასახავს ნარატორის ცხოვრების იმ პერიოდს, როცა პროტაგონისტს უწევს საკუთარი ვინაობის დამალვა. მისი თქმით, იგი გარშემომყოფებისთვის არასასურველი პიროვნება აღმოჩნდება, თუკი ის თავის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს. ვინაიდან მას არ ძალუძს ჰქონდეს თვისი თანდაყოლილი თვისებები იმ ბრბოში, რომელშიც ცხოვრება უწევს, იგი ერგება ამ უკანასკნელს, სწავლობს საკუთარი მეგობრებისა და თანაკლასელების ჟესტებს და ითვისებს მათი სახის გამომეტყველებებს. საბოლოოდ, საკუთარი თვისებების დათრგუნვითა და სხვათა თვისებების შეძენით, იგი ახერხებს საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას.

თუმცა, მთავარი გმირის საჯარო იდენტობა სხვა არაფერია, თუ არა უბრალო დადგმა. მიუხედავად იმისა, რომ კოჩანს ესმის საკუთარი მოთხიოვნილებების, მას არ ესმის იმ პერსონაჟის, რომლის როლსაც ირგებს საზოგადოებაში - ის ვერ იაზრებს იმის აუცილებლობას, რატომ უნდა შეინიღბოს, რამდენადაც მას გარშემო ექმნება კონტროლირებადი გარემო. მსგავს კონდიციას იგი გარდაქმნის ერთგვარ კონტროლირებად მექანიზმში, რის შედეგადაც სხვადასხვა სოციოპათური მეთოდებით იგი ხალხის კონტროლს იწყებს - მათ შორის სონოკოს.

ავტორი იდენტობის საკითხს წარმოაჩენს, როგორც ბრძოლას შინაგან და გარე ძალებს შორის. ინდივიდი, რომელიც ჩამოშორდება საზოგადოებრივ ქსელს, სწრაფად აღმოჩდნება მარტოსულ და გარიყულ მდგომარეობაში. პირიქით, ინდივიდი, რომელიც გამუდმებით იმალება, მცირეა ალბათობა იმისა, რომ იგი პიროვნულად გაიზარდოს. ზემოხსენებული ნაწარმოები სწორედ ამგვარი დისბალანსის აღწერაა.

ხელოვნება და სილამაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველა სახის გამოსახულება - იქნება ეს სურათი თუ ბუნებითი სილამაზე - არის მთავარი წყარო, რომლებსაც კოჩანი იყენებს საკუთარი მოგონებების განსავრცობად. ნაწარმოებში ეს აღიქმება, როგორც სილამაზის საბოლოო, საბედისწერო წყარო. თუმცა, როგორც ეპიგრაფში არსებული ფიოდორ დოსტოევსკის სიტყვები მოწმობენ, სილამაზე არ არის დაკავშირებული მორალთან და, შესაბამისად, შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. მარტივად რომ ვთქვათ, სილამაზე შეიძლება შეინიშნოს რაიმე უმანკოში, მაგალითად პატარა ბავშვის სიცილში, ასევე რაიმე დამანგრეველში, მაგალითად აფეთქების კვამლში.[9] სილამაზე, როგორც რაღაც წინააღმდეგობრივი, აშკარად შეინიშნება რომანის რამდენიმე პუნქტში, მათ შორის როდესაც კოჩანი მშვენიერებას პოულობს გარდაცვლილ თანაკლასელში ან განავლით გაჟღენთილ შარვალში.

თავად პერსონაჟი, როგორც ჩანს, სილამაზეს ხედავს მოვლენებში, ობიექტებსა და ადამიანებში, რომლებიც გარკვეულწილად იშლება - ხოლო რაც უფრო პერმანენტულად მიმდინარეობს განადგურების პროცესი, მით უფრო იზიდავს იგი პერსონაჟს. ეს აგრეთვე კარგად გამოიხატა ავტორის სხვა ნაწარმოებში, სახელწოდებით ოქროს ტაძარი, რომელშიც მთავარი გმირი იმდენად მოხიბლულია ნაწარმოების სათაურშივე ნახსენები ნაგებობით, რომ წვავს მას. მიშიმას მსოფლმხედველობაში სილამაზე გარდაუვლად იწვევს ერთგვარ აკვიატებას, რაც სუბიექტის მიერ ჩადენილი განადგურებით გვირგვინდება - ანუ, სხვაგვარად, იგი უნდა განადგურდეს მანამ, სანამ იგი სუბიექტს გახრწნის.

ბუნება აზრის წინააღმდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჩანის სექსუალობა პირდაპირ კავშირშია ბუნებრივ გამოსახულებებთან, ბგერებთან და სურნელებთან. მისი სადისტური ბრძოლა კი, ნაწილობრივ, მოგვაგონებს დარვინის თვითგადარჩენის ინსტინქტს. იგი თანდათან ემსგავსება ცხოველს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს არა ბუნებრივი გადახრები, არამედ ადამიანის შინაგანი ბუნების ნარჩენებია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება კოჩანის ტენდენციებს არაბუნებრივად, ამორალურად ან არანორმალურად აღიქვამს, ისინი თანდაყოლილია მის ხასიათში: მსგავსი ტენდენციები კოდირებულია მის შინაგან სამყაროში, რომელთა წაშლაც შეუძლებელია. ის აცხადებს, რომ არა მონსტრი, არამედ სრულიად ნორმალური ადამიანია, თუმცა არატრადიციული თვისებებით.საინტერესოა, რომ კოჩანი არასოდეს აცოცხლებს თავის ავადმყოფურ წარმოდგენებს მთელი სიუჟეტის განმავლობაში. ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად შეუძლია ადამიანმა უარყოს საკუთარი თავი.

ბავშვობა და მოგონებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფროიდი 1921 წელს, როცა სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების თეორია უკვე ჩამოყალიბებული ჰქონდა.

ბავშვობას დიდი გავლენა აქვს წიგნში: ამბავი მოთხრობილია აწმყოში, ძველი მოგონებების სახით და ის ღრმადაა ფესვგადგმული კოჩანის ცნობიერებაში.

მისი ბავშვობის მოგონებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ქმნიან კოჩანის შემდგომ აკვიატებებს, თავისებურებებს, ბნელ აზრებს და სექსუალურ იმპულსებს. ამავდროულად, ეს მოგონებები მკითხველის წინ არაწრფივი, ქაოტური სახითაა წარმოდგენილი. მიშიმა ამგვარად ადასტურებს, თუ როგორ ებრძოდა გმირი ამ თვისებებს ადრეული ასაკიდან, მაგრამ ვერ შეძლო მათი კლასიფიკაცია ან არტიკულაცია.

კოჩანი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა სექსუალობის ცნების გასაგებად. თუმცა, ქვეცნობიერში ის ცდილობს თავის მოხიბვლას მამაკაცის შარვლით და არა მისი კუნთოვანი ტანის უფრო სექსუალური ასპექტით. და საერთოდ, კოჩანს აუხსნელად იზიდავს ფალიური სიმბოლოები.[10]:

ისეთივე ფსიქოანალიტიკოსი, როგორიცაა მაგალითად ჟაკ ლაკანი,ამტკიცებდა, რომ სხეულების აღნაგობისდა მსგავსად, ბავშვების მოთხოვნილებები ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული - ისინი შეიცავენ უმიზნო იმპულსების კონას, რომელიც ვერ აღიწერება ენით. სინამდვილეში, მთელი რომანი წარმოჩენილია შეზღუდული სურვილების იმპულსით, რომელიც გადმოცემულია წერის არატრადიციული ხერხით, რათა წარმოაჩინოს მათი სახე, როგორც რაღაც ნორმის მიღმა მყოფი.

სიკვდილი და სექსუალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოჩანი არ განიხილავს სექსუალობას კლასიკური გაგებით, როგორც გამრავლებისა და სიამოვნების იარაღად , სამაგიეროდ, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული სიკვდილთან. ვინაიდან მასტურბაცია სექსუალური აქტის ერთადერთი სახვითი აღწერაა, სექსუალობის რეპროდუქციული ასპექტი სრულიად არ არსებობს ამ ნაწარმოებში.

კლასიკური ნოოს ნიღაბი, რომელიც ნაწარმოების პირველი საერთაშორისო გამოცემის გარეკანს ამშვენებდა.

მჭიდრო კავშირი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, ან სექსსა და სიკვდილს შორის, ახალი კონცეფცია არ არის. უკვე ზიგმუნდ ფროიდი წარმოადგინა ორი საპირისპირო იმპულსის თეორია - სიცოცხლის ძრავა და სიკვდილის დრაივი. პირველი გამოიხატება სხვადასხვა ქვეცნობიერი მოთხოვნილებებით – როგორიცაა ჭამის სურვილი, გამრავლება და ა.შ. – და უზრუნველყოფს ადამიანის, როგორც პრიორიტეტის, გადარჩენას. თუმცა, ამავდროულად, ადამიანის ფსიქიკა ასევე მოიცავს სიკვდილისკენ სწრაფვას, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვგრძნობთ სურვილს, დავუბრუნდეთ არაორგანულ მდგომარეობს.  ამის საფუძველზე, მიშიმა გამოთქვამს თეზისს, რომ ორივე კონდიცია განუყოფლად არის დაკავშირებული.

მხატვარ გვიდო რენის ნახატი - წმინდა სებასტიანი - არა მხოლოდ მიშიმასთვის იქცა შთაგონებად, არამედ იგი წარმოადგენს პირველ გამოსახულებას, რომლისადმი ლტოლვაც კოჩანს გაუჩნდა.

სექსსა და სიკვდილს შორის ურთიერთობის თვალსაჩინო მაგალითია წმინდა სებასტიანეს ნახატი.

თავისუფალი ნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმის გამო, რომ კოჩანი ნაწარმოების პროტაგონისტია, შეიძლება ითქვას, რომ ის მეტ დროს უთმობს მეტაფორულ სცენარს და ნაკლებ დროს ატარებს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებაში. ნორმალურ პირობებში, მისი არჩევანი შემოიფარგლება იმით, რასაც საზოგადოება იღებს.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გმირს შეუძლია დააკვირდეს თანამოაზრეთა ქცევას, თუმცა მათი არ ესმის. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის თავად პერსონაჟთან, რომელსაც თვითიმპროვიზაციის სივრცე არ რჩება.

თუმცა, იმისთვის, რომ ვუპასუხოთ, ეს მართლაც შეზღუდულ ნებაზეა თუ მხოლოდ დამძიმებულ თავისუფალ ნებაზე, ისიც უნდა დავაკვირდეთ, აქვს თუ არა სხვა გზა კოჩანს, გარდა იმისა, რომ დაემორჩილოს თავისი ნიღბის ნებას. მას შეიძლება ჰქონდეს შესაძლებლობა აღიაროს თავისი ჰომოსექსუალობა, მაგრამ სიუჟეტის დროისა და ადგილის გათვალისწინებით, ეს საუკეთესო შემთხვევაში უხერხული და უარეს შემთხვევაში დამღუპველი იქნება. იგივე ეხება მის სხვა საიდუმლოს, სადიზმს; მაშინაც კი, თუ ის არასოდეს უნდა აედევნოს თავის მიდრეკილებებს. საბოლოოდ, კოჩანი გადაწყვეტს გაწიროს თავისი ძირითადი თავისუფალი ნება მიღებისა და თვითგადარჩენისთვის.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (August 2005) 決定版 三島由紀夫全集42巻 年譜・書誌. Shinchosha, გვ. 391–393. ISBN 978-4-10-642582-0. 
  2. (August 2005) 決定版 三島由紀夫全集42巻 年譜・書誌. Shinchosha, გვ. 540–561. ISBN 978-4-10-642582-0. 
  3. „Confessions of a Mask“. Encyclopedia of Japan. Tokyo: Shogakukan. 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-25. ციტირების თარიღი: 2012-04-14.
  4. Yukio Mishima: Bekenntnisse einer Maske. Kein & Aber. S. 5. 2018. ISBN 978-3-0369-5784-5.
  5. Yukio Mishima (1925–1970) – Pseudonym for Hiraoka Kimitake. kirjasto.sci.fi. ციტირების თარიღი: 2021-08-23 დაარქივებული 2004-10-10 საიტზე Wayback Machine. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-10-10. ციტირების თარიღი: 2022-11-10.
  6. Mishimas Brief an Chikayoshi Ninagawa aus dem Jahr 1949, gesammelt in ペルソナ―三島由紀夫伝 (en. Persona: A Biography of Yukio Mishima). Bungeishunjū. S. 262
  7. Scott Shetler. (2021-04-05) The Rainbow Honor Walk: San Francisco’s LGBT Walk of Fame. quirkytravelguy.com. ციტირების თარიღი: 2021-08-23
  8. Gary Carnivele. (2016-07-02) Second LGBT Honorees Selected for San Francisco’s Rainbow Honor Walk. gaysonoma.com. ციტირების თარიღი: 2021-08-23
  9. Ko Tasaka: Supplementary Yukio Mishima Theory. Fubosha. Mai 1977. S. 13–96. ISBN 978-4-89219-064-3.
  10. Natalia Torres Behar: Confessions of a Mask by Yukio Mishima. Detailed Summary, Analysis and Reading Guide. Bright Summaries. Juni 2018. S. 22. ISBN 978-2-8080-0199-1.