ნამცხვარი "სიმნელი"

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიმნელი

სიმნელი (Simnel) არის მსუბუქი, ფაფუკი ხილის ნამცხვარი, რომელსაც აღდგომის წინა დღეებში მიირთმევენ გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიასა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში, თუმცა, წარსულში, მას ყველაზე ხშირად აღდგომის კვირას მიირთმევდნენ. ის სხვა ნამცხვრებისგან განსხვავდება იმით, რომ შეიცავს ნუშის პასტის ან მარციპანის ორ ფენას, ნამცხვრის შუაში და ზემოდან. ზედა ფენაზე ასევე ათავსებენ კვრეცხის ფორმის მარციპანის ბურთულებს, რომელთაც ოდნავ წვავენ, რაც მათ მოყავისფრო ფერს აძლევს. თავდაპირველად, ის მზადდებოდა ქრისტიანული მარხვის მეოთხე კვირისთვის, რომელსაც ასევე უწოდებენ დედების კვირას[1] (Mothering Sunday), ხუთი პურის კვირას (Sunday of the Five Loaves)[2] ან სიმნელის კვირას[3]. უფრო მოგვიანებით, პოპულარული გახდა სიმნელის აღდგომამდე მირთმევა. მიუხედავად იმისა, რომ სიმნელის ნამცხვრის პოპულარობა მე-20 საუკუნეში იკლებდა, ის ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავრცელდა, რაც გამოწვეულია გამოჩენილი მცხობლების მიერ მისი აღიარებით ფართო საზოგადოებაში.

დეკორაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტანდარტულად 11, ზოგჯერ 12, მარციპანის ბურთულა გამოიყენება ტორტის გასაფორმებლად. გადმოცემის თანახმად, 11 ბურთი წარმოადგენს 12 მოციქულის სიმბოლოს, იუდას ან/და იესოს გამოკლებით,[4][5] ხოლოდა თორმეტი ბურთულა, მოციქულებს და იესოს, იუდას გამოკლებით[6]. მარციპანის ბურთულები დესერტის მოსართავად პირველად გამოჩნდა მეი ბაირონის წიგნში Pot-Luck Cookery-ში[7], მაგრამ აქ არ არის ნახსენები მისი წარმოშობის ისტორია.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმნელის ნამცხვარი არის მსუბუქი ხილის ტორტი, რომელიც ძირითადად მზადდება ინგრედიენტებისგან: თეთრი ფქვილი, შაქარი, კარაქი, კვერცხი, სურნელოვანი სანელებლები, ჩირი, ცედრა და ხილის დაშაქრული კანი. ზოგჯერ ფორთოხლის ყვავილის წყალს ან კონიაკს ამატებენ, ტორტის ცომში ან ნუშის პასტაში, არომატის მისაცემად. რეცეპტების უმრავლესობის მიხედვით, საჭიროა მინიმუმ 90 წუთიანი ცხობა და უმჯობესია ყავისფერი ქაღალდით გვერდების დაფარვა, რათა მარციპანი არ დაიწვას.[8]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმნელის ნამცხვრები ცნობილია შუასაუკუნეების დროიდან. იმდროინდელი პურის რეგულაციების მიხედვით, ცომს ჯერ ხარშავდნენ, შემდეგ კი აცხობდნენ. ცომის მზადების ამ ტექნიკას უკავშირდება დესერტის წარმოშობის მითი, რომელიც პოპულარული იყო 1745 წლიდან 30-იან წლებამდე[9], რომლის მიხედვითაც მითიური წყვილი, სიმონს და ნელის სიმნელის დამზადებისას კამათი მოუვიდათ. ერთს სურდა ცომის მოხარშვა, მეორეს კი გამოცხობა. ერთმანეთის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო იარაღით ცემის შემდეგ, ისინი კომპრომისზე წავიდნენ და გადაწყვიტეს ორივე ხერხის გამოყენება.

სიმნელის ნამცხვარი დეკორაციით

სიმნელის ნამცხვრები ხშირად ასოცირდება დედის კვირასთან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სიმნელის კვირა (Simnel-Sunday). ისტორიკოსის რონალდ ჰუტონის თანახმად, მე-17 საუკუნეში, გლოსტერშაირში და ვორჩერსტერშაირში, დაიწყო მოწაფეების და მოსამსახურეების დედების კვირას ოჯახის მოსანახულებლად წასვლა, ფულის და საკვების მისაწოდებლად და ოჯახების მოსაკითხად. წელიწადის ამ დროს, საკვების მარაგი თითქმის აღარ იყო და მაღალკალორიული ნამცხვარი სასარგებლო საკვებად მიიჩნეოდა[10]. მოგვიანებით ნამცხვარი უბრალოდ სააღდგომო ნამცხვარი გახდა. გაუგებარია სიტყვა "სიმნელის" მნიშვნელობა. 1226 წელს ნახსენებია "სიმნელის პური", რაც გულისხმობს საუკეთესო ხარისხის თეთრ პურს, ლათინური სიტყვიდან simila - "მშვენიერი ფქვილი".[11]

კიდევ ერთი პოპულარული ლეგენდის მიხედვით, სიმნელის ნამცხვარი ლამბერტ სიმნელის მიერაა შექმნილი, თუმცა, ნამცხვრის შესახებ ცნობები დაფიქსირდა მის დაბადებამდე 200 წლით ადრე.

სხვადასხვა ქალაქს ჰქონდა განსხვავებული რეცეპტები და ფორმები სიმნელისთვის. ისინი საკმაოდ დიდი ზომის ნამცხვრებია, რომელთა ფხვნიერი ცომიც დამზადებულია გაცრილი ფქვილისა და წყლისგან, ოდნავ ზაფრანით, რათა მან ყვითელი ფერი მიიღოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]